საქართველოში ცხოვრების დონე ბოლო 9 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში კვლავ 114-ე ადგილზე იმყოფება.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ცხოვრების დონე სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური დოვლათით მოსახლეობის უზრუნველყოფას აჩვენებს. ცხოვრების დონის ყველაზე მარტივ შეფასებას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წარმოადგენს. ის მიანიშნებს, საშუალოდ რა ღირებულების საქონელი და მომსახურება მოდის ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში. თუმცა, მხოლოდ მშპ-ის ერთ მოსახლეზე გადანაწილებით ცხოვრების დონის სრულყოფილად შეფასება ვერ მოხდება. ცხოვრების დონის შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და შემოსავლების გადანაწილება.
ცხოვრების დონის ზრდაზე მშპ-სა და პროდუქტიულობის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საქართველოს მშპ 2003 წლიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, შესაბამისად, იზრდებოდა მშპ ერთ სულ მოსახლეზეც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მა 3 607 აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მართლაც 114-ე ადგილზეა. 2000 წელს აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით (686 დოლარი), ჩვენი ქვეყანა 128-ე ადგილზე იყო. 2003 წელს, 919 აშშ დოლარით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს კვლავ 128-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2012 წელს, 3 523 აშშ დოლარით, საქართველო 116-ე ადგილზე იყო.
ამა თუ იმ ქვეყნის პოზიცია რეიტინგებში შეფარდებითია და სხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზეც არის დამოკიდებული. 2004-2008 წლებში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო როგორც მსოფლიოში (საშუალოდ 5%), ისე განვითარებად ქვეყნებში (7-8%), რაც რეიტინგში მათ პოზიციებზე შესაბამისად აისახა (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
საქართველოს, მსოფლიოს და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2004-2014 წლებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქსტატი
აღსანიშნავია, რომ ნომინალურ მაჩვენებლებზე უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას რეალური მაჩვენებლები გვაძლევს. ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანია მშპ-ის მსყიდველობითი უნარის მიხედვით დათვლა. ეს მონაცემი დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით იმ სამომხმარებლო კალათის ღირებულებას ასახავს, რომლის შეძენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ნომინალური შემოსავლების მიხედვით შეუძლია. მაგალითად, თუ ნომინალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3 200 აშშ დოლარია, ხოლო მსყიდველობითი უნარის მიხედვით - 7 200, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია, რომელიც საქართველოში შეგვიძლია 3 200 აშშ დოლარად შევიძინოთ, აშშ-ში 7 200 დოლარი ეღირება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ მსყიდველობითი უნარის მიხედვით 2000 წელს 2 581 (125-ე ადგილი) დოლარი იყო, 2003 წელს 3 428 (122-ე) დოლარი, ხოლო 2012 წელს 6 812 აშშ დოლარი (117-ე ადგილი მსოფლიოში). 2014 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 7 666 დოლარი (114-ე ადგილი) შეადგინა. როგორც ვხედავთ, 2000 წლიდან დღემდე, როგორც მშპ, ისე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გაიზარდა, რაც ცხოვრების დონეზეც აისახა.
გრაფიკი 2:
საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური და მსყიდველუნარიანობის მიხედვით) 2000-2014 წლები
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ცხოვრების დონის შეფასებისას, მშპ-ის ზრდის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად თანაბრად ნაწილდება შემოსავლები მოსახლეობას შორის, რასაც ჯინის ინდექსი გვიჩვენებს. რაც უფრო დაბალია ჯინის ინდექსი, მით უფრო თანაბრად ნაწილდება შემოსავლები მოსახლეობას შორის და პირიქით, მაღალი ჯინის კოეფიციენტი შემოსავლების მიხედვით მაღალი უთანაბრობის მაჩვენებელია. 2000 წელს საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 40.5 იყო. 2004 წელს ის 39.8-მდე შემცირდა, თუმცა მომდევნო წლებში იზრდებოდა და 2010 წელს 42.1 შეადგინა, 2012 წელს კი 41.4-მდე შემცირდა. როგორც ვხედავთ, გასული წლების განმავლობაში შემოსავლებს შორის უთანაბრობა იზრდებოდა, თუმცა 2010-2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა.
ცხოვრების დონის შესაფასებლად ასევე გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაანგარიშებული ინდექსები, რომლებიც ყველა ზემოთ ხსენებულ ფაქტორს ითვალისწინებს. ცხოვრების დონის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაჩვენებელი გაეროს HDI გახლავთ (Human Development Indicator), რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების გარდა, განათლების და ჯანმრთელობის ხარისხსაც ითვალისწინებს (თუმცა, არ ითვალისწინებს შემოსავლებს შორის უთანაბრობასა და სიღარიბის მაჩვენებლებს). 2014 წლის ანგარიშისმიხედვით, საქართველოსთვის HDI 0.744-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 79-ე ადგილზეა. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2005-2013 წლებში საქართველოს HDI 0.71-დან 0.744-მდე გაიზარდა.
ცხრილი 1:
სტატისტიკური მონაცემები ცხოვრების დონის შესაფასებლად
2000 | 2003 | 2012 | 2014 | |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) | 686 | 919 | 3 523 | 3 607 |
საქართველოს რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით | 128 | 128 | 116 | 114 |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის მიხედვით (აშშ დოლარი) | 2 581 | 3 429 | 6 812 | 7 666 |
საქართველოს რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (მსყიდველუნარიანობის) მიხედვით | 125 | 122 | 117 | 114 |
HDI (Human Development Indicator) | 0.71 | 0.741 | 0.744 | |
ჯინის კოეფიციენტი | 40.5 | 39.5 | 41.4 |
დასკვნა
ცხოვრების დონე ადამიანების მატერიალური და არამატერიალური დოვლათით უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ეკონომიკური ზრდა დიდ გავლენას ახდენს. 2000 წლიდან 2012 წლამდე ეკონომიკა იზრდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც 2003-2012 წლებში 919 დოლარიდან 3 523 დოლარამდე გაიზარდა. საქართველომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით 128-ე ადგილიდან 116-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ეკონომიკური ზრდა ცხოვრების დონეზეც აისახა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გვიჩვენებს. ამჟამად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით (3 607 დოლარი) საქართველო მსოფლიოში 114-ე ადგილზეა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოზიცია რეიტინგებში შეფარდებითია და სხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზეც არის დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ქვეყნის რეიტინგი სხვა ქვეყნებთან შედარებით არ უმჯობესდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე უკეთესობისკენ არ იცვლება. ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მიუთითებს გაეროს HDI (Human Development Inicator), რომელიც 2005-2013 წლებში 0.71-დან 0.744-მდე გაიზარდა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში კვლავაც მწვავე პრობლემად რჩება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.