-
"ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიუჯეტი 6-ჯერ საგარეო ვალის ხარჯზე გაიზარდა"
მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის და...
მეტწილად მცდარიგანცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენაVS
-
მნიშვნელოვანი ისაა, მშპ-თან მიმართებაში რამდენია საგარეო ვალი, ჩვენ ეს მონაცემი შევამცირეთ
აბსოლუტურ რიცხვებში ქვეყნის ვალის შესახებ მსჯელობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორია ვალის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან.
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია16/04/2015ნახვა 8437
მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრებმა, გიგა ბუკიამ და ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ისაუბრეს. ბუკიას განცხადებით, საგარეო ვალის გასტუმრება 2013 წლიდან დაიწყო და მთავრობას ბიუჯეტიდან უფრო მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ადრე. მან ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტი 6-ჯერ ვალის ხარჯზე გაიზარდა. საპასუხოდ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მართალია ვალი ნომინალში, ანუ აბსოლუტურ რიცხვებში იმატებდა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს შეადგენს ვალის ოდენობა. უმცირესობის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასაწყისში ვალის შეფარდება მშპ-თან 45%-ზე მეტი იყო, ხოლო 2012 წელს კი - 32%.
ფაქტ-მეტრი დეპუტატების განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.
ცხრილი 1 გვიჩვენებს 2004-2014 წლებში საქართველოს საგარეო ვალის მთლიანი მომსახურების მოცულობას. ცხრილში ასევე მოცემულია საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები, ხარჯები და ვალის მთლიანი მომსახურების შეფარდება მთლიან სამთავრობო ხარჯებთან.
ცხრილი 1:საგარეო ვალის მომსახურება, საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები (ათასი ლარი)
საგარეოვალისპროცენტიდაძირი | საბიუჯეტოშემოსავლები | საბიუჯეტოხარჯები | საბიუჯეტოშემოსავლებსმინუსვალი | ვალი/ხარჯები | |
2004 | 199,449 | 1,655,030 | 1,926,355 | 1,455,581 | 10.35% |
2005 | 282,040 | 2,607,867 | 2,618,557 | 2,325,827 | 10.77% |
2006 | 378,321 | 3,139,227 | 2,809,428 | 2,760,906 | 13.47% |
2007 | 278,961 | 4,469,123 | 3,866,236 | 4,190,162 | 7.22% |
2008 | 230,315 | 5,517,690 | 5,554,685 | 5,287,375 | 4.15% |
2009 | 516,172 | 4,916,958 | 5,367,210 | 4,400,785 | 9.62% |
2010 | 371,987 | 5,421,474 | 5,466,467 | 5,049,487 | 6.80% |
2011 | 449,078 | 6,442,308 | 5,823,850 | 5,993,230 | 7.71% |
2012 | 387,704 | 7,115,329 | 6,566,316 | 6,727,625 | 5.90% |
2013 | 746,908 | 6,839,494 | 6,545,615 | 6,092,586 | 11.41% |
2014 | 903,128 | 7,319,000 | 7,539,613 | 6,415,872 | 11.98% |
2015 | 783,329 | 8,090,000 | 8,005,443 | 7,306,671 | 9.78% |
წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2003 წელს საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები 1.3 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2012 წელს კი - 7.1 მილიარდი. 2004-2012 წლებში საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები 4.3-ჯერ გაიზარდა, ხოლო თუ შემოსავლებს ვალის მომსახურებას (პროცენტს და ძირს) გამოვაკლებთ, ამავე პერიოდში ბიუჯეტის 4.6-ჯერ ზრდა ფიქსირდება.
საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი აბსოლუტურ რიცხვებში (ნომინალში) 2003-2012 წლებში 2.6-ჯერ გაიზარდა. 2004-2006 წლებში ვალის მოცულობამ იკლო, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს მთავრობამ საგარეო ვალის მოცულობა გაზარდა. 2008 წელს საგარეო ვალი 44.5%-ით, 2009 წელს 21%-ით, ხოლო 2010 წელს 21.9%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ, 2011-2012 წლებში ვალი საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა. რაც შეეხება 2013-2014 წელს, საგარეო ვალი 2.5%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 1: საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2003-2015 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
აბსოლუტურ რიცხვებში ქვეყნის ვალის შესახებ მსჯელობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორია ვალის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, თუ რა ვალდებულება აქვს ქვეყანას გამომუშავებასთან შედარებით და გვიჩვენებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას ვალთან გამკლავება. თუ ვალი მშპ-ის 100%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას უფრო მეტი ვალდებულება აქვს, ვიდრე მთლიანი გამოშვება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2003-2014 წლებში ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შემცირდა. საგარეო ვალის შეფარდება მშპ-თან 2003 წელს თითქმის 45% იყო, ხოლო 2012 წელს ის 27.6%-ზე ჩამოვიდა. რაც შეეხება მთლიან სახელმწიფო ვალს, მისი მშპ-თან შეფარდება 2003 წელს 63.2% იყო, ხოლო 2012 წელს კი - 34.9%.
გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალი ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში
წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვალის გასტუმრება 2013 წელს არ დაწყებულა, როგორც ამას გიგა ბუკია აცხადებს. ცხრილ 4-ში მოცემულია, რომ ქვეყანა ვალს 2003-2012 წლებშიც ისტუმრებდა. დეპუტატი მართალია, როდესაც ამბობს, რომ აბსოლუტურ რიცხვებში 2012 წლის შემდეგ გადასახდელი გაიზარდა, თუმცა, მთლიან (საბიუჯეტო) ხარჯებთან მისი შეფარდება მცირედითაა გაზრდილი და მაგალითად 2006 წელს ანალოგიური მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2013-2014 წლებში.
გრაფიკი 3: საპროცენტო ხარჯები და მათი შეფარდება საბიუჯეტო ხარჯებთან (2003-2015 წლები)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დასკვნა
2004-2007 წლებში მთავრობის საგარეო ვალი აბსოლუტურ რიცხვებშიც და მშპ-თან მიმართებაშიც შემცირდა, თუმცა 2008-2010 წლებში რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, ვალის მაჩვენებლები გაიზარდა.
გიგა ბუკიას განცხადება, რომ 2003-2012 წლებში საქართველოს ბიუჯეტი ძირითადად ვალის ზრდის გამო გაიზარდა, მცდარია. 2008 წლამდე საგარეო ვალი იკლებდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი კი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ასევე, თუ საბიუჯეტო შემოსავლებს ვალის საპროცენტო და ძირი თანხის მომსახურებას გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ 2004-2012 წლებში ბიუჯეტი 4.6-ჯერ გაიზარდა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ ბოლო ორ წელიწადში ვალის მომსახურება გაზრდილია, მაგრამ მცირედით, სიმართლეა. ასევე სიმართლეა მისი განცხადება იმის თაობაზეც, რომ ვალის შეფარდება მშპ-თან 2012 წელს 2003 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე, ხოლო გიგა ბუკიას განცხადება კი - მეტწილად მცდარი.