მიმდინარე წლის 13 იანვარს საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ინვესტორებს ბიზნესის წარმოებისა და განვითარების კუთხით სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა: „ორ წელიწადში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24%-ით. ამ პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი გაიზარდა 70%-ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული პირობები მხოლოდ 2014 წლის 1 სექტემბრიდან, 80%-ით ამოქმედდა“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.
2013 წელს საქართველოს ექსპორტი 22%-ით გაიზარდა და 2 908 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელსექსპორტის მოცულობა 2%-ით შემცირდა და 2 861 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, ორ წელიწადში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 20.5%-ითაა გაზრდილი.
2009წლის შემდეგ, 2014 წელი ექსპორტის მხრივ საქართველოსთვის ყველაზე წარუმატებელი წელი აღმოჩნდა. 2004-2014 წლებში ექსპორტის მოცულობის შემცირება მხოლოდ 2009 და 2014 წლებში შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ 2009 წელი 2008 წლის აგვისტოს ომის მომდევნო წელი და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდია.
გრაფიკი 1:
ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი (%) 2008-2014 წლებში
რაც შეეხება ევროკავშირთან ექსპორტის ზრდას, 2013 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 72%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელს 2%-ით. 2012 წელს
ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობამ 353 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წელს მისი მოცულობა 621 მლნ აშშ დოლარამდე, ანუ 76%-ით გაიზარდა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. DCFTA საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება სექტემბერში ამოქმედდა, მას ჯერჯერობით ექსპორტის მოცულობის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია. 2014 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თითქმის უცვლელი იყო, ხოლო ოქტომბრიდან ევროკავშირთან ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს დსთ-ს ქვეყნების ჯგუფში ექსპორტი 10%-ით შემცირდა. ამასთან, ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან ექსპორტი დაახლოებით 165 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ექსპორტი ასევე შემცირდა სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთში. 2014 წელს ექსპორტის ზრდა რუსეთის, თურქეთის, აშშ-ს, ჩინეთის ბაზრებზე შეინიშნებოდა.
გრაფიკი 2: წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დასკვნა
ორ წელიწადში ექსპორტის მოცულობა 20.5%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან 76%-ით გაიზარდა. 2013 წელს ექსპორტი 22%-ით გაიზარდა და 2013 წლის ხარჯზე, ბოლო ორი წლის ჯამიც საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანს, თუმცა 2014 წელს ექსპორტის მხრივ წარუმატებელი წელი იყო. 2014 წელს ექსპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა დსთ-ს ქვეყნების ჯგუფში, ევროკავშირთან კი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი - 24%, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება რეალურისგან (20.5%), ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ორი წლის ჯამურად წარმოჩენით, პრემიერმა გადაფარა 2014 წლის ექსპორტის უარყოფითი მაჩვენებელი და საქართველოს ექსპორტის ტენდენციის წარმატებულად წარმოჩენას ეცადა.
აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.