ფაქტ-მეტრი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტის გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას წინ უსწრებდა 2014 წლის 13 დეკემბერს, კაზრეთში, საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე, სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლების მიზნით, კომპანია „RMG Gold“-ის მიერ განხორციელებული აფეთქებები, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. საყდრისის მაღაროში სამუშაოების დაწყების მოწინააღმდეგეთა განცხადებით, სხვადასხვა არქეოლოგიური გამოკვლევებით, საყდრისის მაღარო მსოფლიოში უძველესი ოქროსმომპოვებელი მაღარო და შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის განადგურებაც დაუშვებელია.
საყდრისის საბადოს გარშემო დაპირისპირება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2006 წელს, საყდრისის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის მიზეზი კი არქეოლოგიური კვლევები გახდა, რომლის მიხედვითაც ობიექტი მსოფლიოში უძველესი ოქროსმომპოვებელი მაღარო იყო და ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულს განეკუთვნებოდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურის სამინისტრომ საყდრისის საბადოს ძეგლის სტატუსი მოუხსნა, რის მიზეზადაც არქეოლოგიური ობიექტისთვის კანონის დარღვევით ძეგლის სტატუსის მინიჭება დაასახელა. თუმცა, კულტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ტერიტორია არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსს ინარჩუნებდა. შესაბამისად, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებამდე და არქეოლოგიური დაცვის ზონაში ყოფნის პირობებში, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უსაფრთხოება კანონით სრულყოფილად იყო დაცული. მთავრობის ბრძანების თანახმად, 2013 წლის ოქტომბერში, საყდრისში სამთამადნო მრეწეველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონაც გაუქმდა. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2014 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოეხსნა ბათილად ცნო. თუმცა, ამით საყდრისს ძეგლის სტატუსი არ აღდგენია და სასამართლომ საყდრისის სტატუსის შესახებ ხელახლა მსჯელობა კვლავ კულტურის სამინისტროს დაავალა. ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სარჩელშიაღნიშნული იყო, რომ სამინისტროს კანონსაწინააღმდეგოდ არ უმოქმედია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლოში დავა დღემდე მიმდინარეობს.
2014 წლის 13 იანვარს კულტურის სამინისტრომ, მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განსახორციელებლად დადებითი დასკვნის გაცემაზე კომპანია "RMG Gold"-ს უარი განუცხადა. კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ, 2014 წლის 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ N 313 განკარგულება მიიღო, რითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება და კულტურის სამინისტროს „RMG Gold“-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი განხილვა დაავალა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, „საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს, ან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლის არსებობა დადასტურებული არ არის“. აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, 2014 წლის 13 მარტს, „RMG Gold“-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე, სამთო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დადებითი დასკვნა მისცა.თუმცა, დასკვნის თანახმად, კომპანიის მიერ წარმოებულ სამთო სამუშაოებზე მონიტორინგის გასაწევად სამინისტროს დამოუკიდებელი მეცნიერ-მკვლევარების მოწვევა მიაჩნდა საჭიროდ.
2014 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კოჟორიძის და დალი მამულაშვილის სარჩელი შევიდა, რომელიც კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვდა. სასამართლოს დასკვნით, მნიშვნელოვანია საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც მის ისტორიულ, კულტურულ თუ არქეოლოგიურ ღირებულებას განაპირობებს. სასამართლომ გაიზიარა სარჩელის ავტორების პოზიცია, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 13 მარტის აქტის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა ობიექტი ისე დაზიანებულიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულებების აღდგენა. 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება („RMG Gold“-ის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლების შესახებ) შეაჩერა. სასამართლოს დადგენილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება აეკრძალა. „RMG Gold“-მა აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კომპანიისთვის საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების აკრძალვის შესახებ, ძალაში დატოვა. 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოების განახლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებითგამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შედეგად, „RMG-Gold“-ის მიერ ამ ტერიტორიაზე სამუშაოების განახლება კანონს ეწინააღმდეგება.
დასკვნასაყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსა და ამ ტერიტორიაზე კომპანია „RMG Gold“-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შესახებ ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. პირველ შემთხვევაში, 2014 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ბათილად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მასზე დავა დღემდე მიმდინარეობს. გარდა ამისა, 2014 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია „RMG Gold“-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო, შეაჩერა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, „RMG Gold“-ს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება არ ქონდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: "საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში... მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება," არის სიმართლე.