„მთავრობამ ბიზნეს სექტორს ადგილობრივი წარმოების განვითარების პროგრამა წარუდგინა. ჩვენ უნიკალური შანსი მივეცით კერძო სექტორს, რომ განვითარდეს. გამოვიტანეთ 100 საწარმო, რომელიც დაკეტილი იყო და წლების განმავლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა. ბიზნესს მივეცით უნიკალური საშუალება, რომ სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ნებისმიერი ქონება მიიღონ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად; სახელმწიფოსგან მიიღონ 30 %-იანი გარანტია იმისთვის, რომ ბანკიდან აიღონ სესხი, რომლის მხოლოდ 1-2 %-ის გადახდა უწევთ ორი წლის განმავლობაში და 10 %-ს სახელმწიფო გადაუხდის“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით დაინტერესდა და მის დეტალებს გაეცნო.
2014 წლის 19 მაისს ახალი სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამას საქართველოს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება (განსაკუთრებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში), ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაა. პროგრამასამ კომპონენტს მოიცავს:
- ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;
- ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა;
- საკონსულტაციო მომსახურება.
დაწვრილებით გავეცნოთ პროგრამის ძირითად კომპონენტებს. ფინანსური ხელშეწყობა გულისხმობს:
- კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას პირველი ორი წლის განმავლობაში 10 %-ის მოცულობით;
- გირაოს (collateral) დაზღვევას – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 30 %-ისა, 2-4 წლის განმავლობაში.
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა გულისხმობს:
- სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას (იდენტიფიცირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, მიწა და შენობა-ნაგებობები);
- აპლიკანტის მიერ იდენტიფიცირებული ქონების გადაცემის შესაძლებლობას.
საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს:
- ტრენინგების ჩატარებას (მარკეტინგი, გაყიდვები, ბიზნესის დაგეგმარება, საექსპორტო ბაზრების მოძიება, საექსპორტო ბაზრებზე არსებული მოთხოვნები), სამეწარმეო უნარების, წარმოებაში ხარისხის მენეჯმენტის და სხვა სფეროების ხელშეწყობას;
- ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას.
პროგრამის კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია, როგორც ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. პროგრამის ფარგლებში წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა მოხდება. ასევე, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულებაც. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი, 16 მილიონი ლარი.
ინდუსტრიული მიმართულების ფინანსური დახმარების პირობები შემდეგნაირია:
სესხის მოცულობა |
საბანკო განაკვეთი |
თანადაფინანსება |
150 000$-500 000$ |
13 % |
10 % |
500 001$-1000 000$ |
12 % |
10 % |
1000 001$-2000 000$ |
11 % |
10 % |
სოფლის მეურნეობის მიმართულების ფინანსური პირობები ასე გამოიყურება:
სესხის მოცულობა |
საბანკო განაკვეთი |
თანადაფინანსება |
600 000$-1000 000$ |
12 % |
10 % |
1000 000$-2000 000$ |
11 % |
10 % |
სესხის ამღებს ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში წელიწადში 1 %-3 % გადახდა უწევს, ხოლო 10 % -ს სახელმწიფო უხდის. სოფლის მეურნეობის მიმართულების შემთხვევაში კი, 1 %-2 % პროცენტის გადახდა ხდება, 10%-ს კი ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იხდის.
პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცემათ. ამ ქონების ნუსხა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, ამ ნუსხაში გაჩერებული საწარმოების კუთვნილი ტერიტორიები და შენობა-ნაგებობები შედის. ამჟამად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნუსხაში საქართველოს მასშტაბით 90 ობიექტია შეტანილი.
პროექტის ამოქმედებიდან 5 თვის განმავლობაში უკვე 25 პროექტი დამტკიცდა. შეღავათიანი სესხი 14 მეწარმემ მიიღო, ხოლო ქონება სიმბოლურ ფასად 11 მეწარმეს გადაეცა. 34 პროექტი ამჟამად განხილვის პროცესშია. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ ინფორმაცია ამ პროექტის facebook-ის გვერდზეა მოცემული. დაწვრილებით გავეცნოთ რამდენიმე პროექტს: შპს „AG Telekom“-მა ელექტრო და მიკროელექტრო საწარმოს შესაქმნელად 606 250 დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, საწარმო რუსთავში აშენდება და 100 ადამიანი დასაქმდება. შპს „დეკორმა“ ქალაქ ქუთაისში დეკორატიული ქვიშისა და სილის საწარმოს შესაქმნელად, პროგრამის ფარგლებში, 150 000 დოლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო, სადაც 120 ადამიანი დასაქმდება. შპს „დამზადებულია საქართველოში #1“–მა შესაფუთი მასალების საწარმოს შესაქმნელად 1 მილიონი დოლარის ღირებულების სესხი მიიღო. საწარმოში დაახლოებით 60 ადამიანი დასაქმდება.აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გასხვისება მნიშვნელოვანი თანხის სანაცვლოდ ან სიმბოლურ ფასში (საინვესტიციო ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში) წინა წლებშიც ხდებოდა. 2005 წლიდან 2012 წლამდე 1 000-ზე მეტი საწარმოს პრივატიზება მოხდა. პრივატიზაცია თანდათანობით ხორციელდებოდა და აქედან გამომდინარე, პრემიერის მიერ აღნიშნული 100 საწარმო პრივატიზებულ საწარმოთა ნუსხაში ვერ მოხვდა.
დასკვნა
პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“ ქართველ მეწარმეთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსური ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ შეღავათიანი სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი პირველი ორი წლის განმავლობაში 1 %-3 %-ია, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად. პროგრამის ამოქმედებიდან 5 თვეა გასული და უკვე 25 პროექტია დამტკიცებული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოლიტიკა წინა წლებშიც ხორციელდებოდა. თუ მეწარმე ბიზნესს გეგმას წარადგენდა და ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებას აიღებდა, სახელმწიფო სიმბოლურ ფასში გადასცემდა სახელმწიფო ბალანსზე არსებულ უმოქმედო საწარმოს. შესაბამისად, ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.