გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პროკურატურამ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერა გაასაჯაროვა.
საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის განცხადებას იმავე საღამოს უპასუხა.პროკურატურის თქმით, საქმე ეხება 2009-2013 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის (სდსს) გამოყოფილი 9 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულ სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, ეს თანხა არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენდა). უწყების განცხადებით, ხარჯთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია არასწორად იყო გასაიდუმლოებული, ვინაიდან ეს დოკუმენტები არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოს, რასაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ადასტურებს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მისი შესწავლა გადაწყვიტა.
სანამ უშუალოდ საკითხის კვლევაზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ადმინისტრაცია უშუალოდ პრეზიდენტისა და პროკურატურის მიმოწერის (კერძოდ, 2009-2013 წლებში სდსს-თვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ) გასაიდუმლოების გახმაურებაზე საუბრობსდა არა პროკურატურის მიერ ნახსენებ სდსს დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რომელთაც გრიფი – „საიდუმლო“ 8 აგვისტოს მოეხსნა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი სწორედ იმის დადგენას შეეცადა, რამდენად მართებულად გასაჯაროვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატუროს შორის საიდუმლო მიმოწერა.
საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის გასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
კანონის მიხედვით, „სახელმწიფო საიდუმლოება“ წარმოადგენს ინფორმაციის სახეობას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. (მუხ. 1.1).
ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა, ამავე კანონის II თავშია მოცემული. მიმოწერა საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სდსს-ს შესახებ გარკვეულ ინფორმაციას შეიცავდა, რომელსაც გრიფი –„საიდუმლო“ ედო.
კანონით, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება შემდეგი კლასიფიცირებული ინფორმაცია:
ა) "განსაკუთრებული მნიშვნელობის" (TOP SECRET);
ბ) "სრულიად საიდუმლო" (SECRET);
გ) "საიდუმლო" (CONFIDENTIAL);
დ) "შეზღუდული სარგებლობისთვის" (RESTRICTED) (მუხ. 13.2).
ჩვენ საკვლევ საკითხს „საიდუმლო“ ინფორმაცია წარმოადგენს (რადგან სწორედ ეს გრიფი ედო პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის კორესპონდენციას), რომელსაც მიეკუთვნება ის მონაცემები, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს (მუხ. 13.5). ინფორმაციის გასაიდუმლების ვადა 5 წელს შეადგენს (მუხ. 14.1).
ცნობისათვის, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხის შეცვლის უფლება აქვს ინფორმაციის გასაიდუმლოების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტივირებული მითითებით (მუხ. 11). სწორედ ამიტომ, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ სდსს დოკუმენტაციისთვის გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, რადგან ის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული წერილი თავად პროკურატურის მიერ იყო კლასიფიცირებული, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, მისი გასაჯაროებით, პროკურატურამ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი დაარღვია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იმ დოკუმენტებთან დაკავშირებული სიტუაციაც განვიხილოთ, რაზეც პროკურატურის წერილში იყო საუბარი. კონტრდაზვერვის დასკვნის შესაბამისად, სდსს მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ინფორმაციას არამართებულად ჰქონდა მინიჭებული გრიფი – „საიდუმლო“, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ინფორმაცია არასწორად იყო გასაიდუმლოებული.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მიხედვით: „თუ პირმა გაახმაურა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ უნდა მიკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ და თუ მისი საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება (მუხ. 38.3)“.
შესაბამისად, საიდუმლო მიმოწერის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროება დარღვევაა, თუმცა პროკურატურის რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ვინაიდან კორესპონდენცია ისეთ ინფორმაციას შეეხებოდა, რომელსაც გრიფი – „საიდუმლო“ უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული.
მიუხედავად ამისა, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, პრესაში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ეს ფაქტი გამოიძიოს. 8 სექტემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,რომ აღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და ის სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენდა. შსს-მ დადგენილად მიიჩნია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თავად პრეზიდენტსა და პროკურატურას შორის მიმოწერა გასაიდუმლოებული იყო.
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტი მართალია როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილ ინფორმაციას და მიმოწერას გრიფი – „საიდუმლო“ ედო. პროკურატურასა და პრეზიდენტს შორის მიმოწერის თუნდაც იმ სახით გახმაურება, როდესაც ის არ შეიცავდა არადეტალური ხასიათის ინფორმაციას, მაინც წარმოადგენს დარღვევას, ვინაიდან გრიფი – „საიდუმლო“ გულისხმობს, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მიმოწერა და ა.შ. არ უნდა გახმაურდეს და მათზე წვდომა მხოლოდ კონკრეტულ პირებს უნდა ქონდეთ.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროკურატურის რომელიმე თანამშრომელს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან საქმე ისეთ ინფორმაციას შეეხებოდა, რომელსაც გრიფი – “საიდუმლო” უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია მისთვის კანონით მინიჭებული ზედამხედველის ვალდებულება, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.
ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის,“ არის მეტწილად სიმართლე.