წლის 26 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლის მომცველი შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, „პირველი სექტემბრიდან ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადი ევროკავშირის 28-ვე ქვეყანაში განულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინო დღეს ევროკავშირში თუ გადის და იხდის საბაჟო გადასახადს, მისთვის პირველი სექტემბრიდან ეს გადასახადი ნული იქნება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს“.
ფაქტ-მეტრი ეკონომიკისა მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2013წლის 29 ნოემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს. 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირის არაწევრ სახელმწფოებს ორმხრივი თანამშრომლობის ორ ფორმატს, ასოცირების ხელშეკრულებასა (AA) და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებას (DCFTA) სთავაზობს. ინიციატივის შესახებ პირველად, 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. პროგრამის მიზანი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებას მხოლოდ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მოაწერეს ხელი.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაციის თანახმად, ინიციატივის მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განხორციელების ხელშეწყობა, თუმცა, მოცემული ინიციატივა უფრო შორს მიდის და პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით, კონკრეტულ პერსპექტივებს სთავაზობს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობა ორი მიმართულებით ვითარდება –ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ორმხრივი თანამშრომლობის საბოლოო მიზანია ფართო პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი, კი ახალ ფორმატს უზრუნველყოფს, რომელიც საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობისა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი უსაფრთხოების, მიგრაციის, ვაჭრობისა, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით, რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად.
შეთანხმება ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც თითოეულ ქვეყანასთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებს დაეფუძნება (Deep and Comprehensive Free Trade Areas).
2014 წლის 1 სექტემბერს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება დროებითამოქმედდა. „ეს არის ასე ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკურ ბაზარზე უტარიფო და თავისუფალი მიმოსვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ბიზნესმენები, ქართული ბიზნესი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, რასაკვირველია, გარკვეული ნორმების შესრულებაა საჭირო. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ძალიან ბევრი იმ პრივილეგიებით ვისარგებლებთ, რომელსაც ევროკავშირი თავისი სავაჭრო რეჟიმით გვაძლევს“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
DCFTA საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან, სამის ეტაპობრივად მიღების საშუალებას აძლევს, ესენია: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უწყობს. ასოცირების შეთანხმების მეოთხე კარში საბაჟო გადასახადების გაუქმების შესახებაა საუბარი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია იმ პროდუქტების სია, რომლებიც წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას არის დაქვემდებარებული და ასევე ის 28 პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს [1] დაქვემდებარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმპორტის გადასახადის ადვალორული [2]კომპონენტი გაუქმებულია. კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, მანდარინი და ა.შ. ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს დაექვემდებარება.
დასკვნა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლის მომცველი შეთანხმება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოიცავს. მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე ექსპორტირებულ პროდუქტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას. თუმცა, აღსანიშნავია 28 პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს დაქვემდებარებული. ეს პროდუქტები ევროკავშირისთვის „მგრძნობიარე“ პროდუქციად ითვლება მონიტორინგს დაექვემდებარება. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „პირველი სექტემბრიდან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ სავაჭრო შეთანხმება [ევროკავშირთან] ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო გადასახადი ევროკავშირის 28-ვე ქვეყანაში განულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინო დღეს ევროკავშირში თუ გადის და იხდის საბაჟო გადასახადს, მისთვის პირველი სექტემბრიდან ეს გადასახადი ნული იქნება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს,“ არის მეტწილად სიმართლე.
ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - Entry Price, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. თუკი, საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ 1 1 ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის“ ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება.
ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში.