წლის 23 ივლისს პარლამენტის კომიტეტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2011 წელთან შედარებით 416 მილიონი ლარით მეტი პენსიები გაიცა და 158 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა ჯანდაცვაზე, რაც 57%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
ფაქტ-მეტრმა განცხადების გადამოწმების მიზნით ერთმანეთს 2011 და 2013 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოყვანილი ინფორმაცია შეადარა (ფინანსთა მინისტრმა სწორედ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა პარლამენტში).
2011 წლის ბიუჯეტის გეგმაში (გვ. 36) საპენსიო უზრუნველყოფისთვის 987.472 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო პენსია 100 ლარით განისაზღვრა. 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად (გვ. 128), საპენსიო უზრუნველყოფაზე 973.324 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2013 წლის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1,146.7 მილიონი ლარი გამოიყო (გვ. 43). ხოლო 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისთანახმად, საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით 1,148.8 მილიონი ლარი (გვ. 267) დაიხარჯა.
აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, 2011 წელთან შედარებით 2013 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხის რაოდენობა 175.476 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც დაახლოებით 18%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანმრთელობის სფეროს დასაფინანსებლად 371.906 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სფეროს დანახარჯებმა 362.528 მილიონი ლარი შეადგინა (გვ.39). 2013 წელს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა 684.938 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად კი ჯანდაცვის სფეროს დანახარჯებმა 481.335 მილიონი ლარი შეადგინა (გვ. 29).
აღნიშნული მონაცემებით, 2013 წელს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, 2011 წელთან შედარებით 118.807 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, რაც 32.77%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
2013წლის ჯანდაცვის ბიუჯეტზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მისი მნიშვნელოვნი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყო. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისათვის 2013 წელს დაახლოებით 500 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტის ფაქტიურმა შესრულებამ 239.515 მილიონი ლარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 2004-2013 წლებში საპენსიო უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული თანხების შესახებ მოიძია ინფორმაცია.
გრაფიკი 1: საპენსიო უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხების რაოდენობა 2004-2013 წლებში (მილიონ ლარებში) გრაფიკი 1-ზე არსებული მონაცემებისმიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე ყველაზე მცირე რაოდენობის თაანხა, 303 მილიონი ლარი, 2004 წელს დაიხარჯა. საპენსიო უზრუნველყოფაზე ყველაზე მეტი რაოდენობის თანხა - 1,161 მილიონი ლარი კი 2012 წელს დაიხარჯა.
გრაფიკი 2: ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული თანხების რაოდენობა 2004-2013 წლებში (მილიონ ლარებში) გრაფიკი 2-ზე არსებული მონაცემებიდანჩანს, რომ ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მცირე თანხა, 147 მილიონი ლარი, 2004 წელს დაიხარჯა, ხოლო მომდევნო წლებში მისი ბიუჯეტი იზრდებოდა და 2013 წელს 481 მილიონ ლარს მიაღწია.
დასკვნა
ნოდარ ხადური ცდება განცხადების პირველ ნაწილში, რადგან 2011 და 2013 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ 2011 წელთან შედარებით 2013 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხის ოდენობა გაიზარდა არა 416 მილიონი, არამედ დაახლოებით 175 მილიონი ლარით, რაც 18%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
რაც შეეხება ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის ოდენობას, ნოდარ ხადურს ამ შემთხვევაშიც არასწორად მოყავს ინფორმაცია. 2013 წელს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, 2011 წელთან შედარებით 118 მილიონი ლარით მეტი (და არა 158 მილიონით) დაიხარჯა, რაც დაახლოებით 33%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის სფეროში დახარჯული თანხების მხრივ ზრდის ტენდენცია სახეზეა, ორივე შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები საგრძნობლად განსხვავდება რეალური მონაცემებისგან.
ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება „2011 წელთან შედარებით 416 მილიონი ლარით მეტი პენსიები გაიცა და 158 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა ჯანდაცვაზე, რაც 57%-იანი ზრდის მაჩვენებელია“ არის მეტწილად მცდარი.