"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის 14 100 კრედიტი. დაფინანსდა 70 ახალი საწარმო, მოხდა 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება

2014 წლის 10 აპრილს, სასტუმრო „რედისონში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა, სადაც განაცხადა: „ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის  14 100  შეღავათიანი აგროკრედიტი. დაფინანსდა 70 ახალი საწარმო, მოხდა 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება. პროექტი თავიდან სამ კომპონენტს მოიცავდა, დღეს კი უკვე 7 კომპონენტს მოიცავს და ძალიან ფართო სპექტრს ფარავს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს“ (წყარო: „ბანკები და ფინანსები“).

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და შეეცადა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მიმდინარეობა გადაემოწმებინა.

სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად, 2013 წლის 22 იანვარს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სოფლის და სოფლის მეურნობის განვითარების ფონდი“ დაფუძნდა. ფონდის შემომწირველია კერძო სამართლის ორი იურიდიული პირი: „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ფონდის გამგეობის მიერ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი დამტკიცდა, რომელიც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების  შექმნისა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღების  მიზნებისთვის საფინანსო ინსტიტუციებისგან შეღავათიანი კრედიტის მიღებას ითვალისწინებდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შეღავათიანი აგროკრედიტის  პროექტს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს, რომელმაც ფუნქციონირება 2013 წლის მარტში დაიწყო. პროექტში ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია.

აღნიშნული პროექტი თავდაპირველად სამი კომპონენტისგან შედგებოდა: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; 2. შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის; 3. შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის. ერთი წლის მანძილზე, ფერმერთა და მეწარმეთა მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, პროექტი დაიხვეწა და დაემატა სხვა კომპონენტები: 4. შეღავათიანი აგროლიზინგი; 5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშია გამოქვეყნებული. ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის, 14 100 შეღავათიანი აგროკრედიტი. ერთი წლის მანძილზე 70 ახალი და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება დაფინანსდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 30-ზე მეტ დარგში გაცემულია შემდეგი რაოდენობის კრედიტები: პირველი კომპონენტის ფარგლებში 4 309 კრედიტი (1 837 478 ლარი); მეორე კომპონენტის ფარგლებში - 9 258 (168 644 280 ლარი); მესამე კომპონენტის ფარგლებში - 482 (96 991 211 ლარი); მეხუთე კომპონენტის ფარგლებში კი - 48 (4 965 810 ლარი).

image001

მესამე კომპონენტის ფარგლებში სულ გაცემულია 482 აგროკრედიტი. მათ შორის, კახეთის რეგიონში - 215; ქვემო ქართლში - 96; თბილისში - 24; სამეგრელოში - 27; შიდა ქართლში - 40; იმერეთში - 39; სამცხე-ჯავახეთში - 20; გურიაში - 5; მცხეთა-მთიანეთში - 7; აჭარაში - 6 და რაჭა-ლეჩხუმში - 3.

image002

მესამე კომპონენტის ფარგლებში სესხები შემდეგი დარგების მიხედვით გაიცა: მეცხოველეობის პირველადი პროდუქციის წარმოება - 240 კრედიტი (მთლიანად გაცემული კრედიტების 31%); ალკოჰოლური სასმელების წარმოება - 39 (23%); მემცენარეობის პირველადი პროდუქციის წარმოება - 92 (17%); ინფრასტრუქტურული საწარმოები - 41 (13%); მემცენარეობის პროდუქციის გადამუშავება - 25 (8%); მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავება - 26 (6%) და შერეული წარმოება - 19 (3%). სულ მესამე კომპონენტის ფარგლებში 96 991 211 ლარის სესხი გაიცა.

image003

ანგარიშის მიხედვით, მესამე კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულია 70 ახალი საწარმო. ერთ ახალ საწარმოზე საშუალოდ გაცემულია 300 000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი.

რეგიონების მიხედვით ახალი საწარმოები გაიხსნა: კახეთი - 26; ქვემო ქართლი - 17; შიდა ქართლი - 10; სამეგრელო - 2; სამცხე-ჯავახეთი - 2; გურია - 3; აჭარა - 3; მცხეთა-მთიანეთი - 2 და იმერეთი - 5.

image004

მესამე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი საწარმოები დარგების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: პროდუქციის შესანახი მაცივრები -13; მეღორეობა - 2; სასათბურე მეურნეობა - 5; მევენახეობა - 3; თხილის გადამუშავება - 2; მესაქონლეობა - 5; მეთევზეობა - 2; შესაფუთი მასალების წარმოება - 1; შერეული მეცხოველეობა - 1 და თამბაქოს წარმოება -1.

image005

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტთან დაკავშირებით სტატია უკვე აქვს გამოქვეყნებული. მაშინდელი მონაცემით, 2013 წლის ოქტომბრისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 49 ახალი და 155 უკვე მოქმედი (განვითარების მიზნით) საწარმო იყო დაფინანსებული. იმ დროისთვის ფაქტ-მეტრი შეეცადა, დაკავშირებოდა დაფინანსებულ 49 საწარმოს მფლობელებს და გაერკვია, თუ როგორ მინდინარეობდა მათი საწარმოების მშენებლობა. ჩვენ რამდენიმე მეწარმესთან მოვახერხეთ დაკავშირება.

ინდ. მეწარმე ზვიად ბიკაშვილმა ფაქტრ-მეტრს განუცხადა, რომ იგი დედოფლისწყაროს რაიონში სასაწყობე მეურნეობას ფლობს, რომელიც 117 000 დოლარით 2013 წლის აპრილში დაფინანსდა. ნოემბრის მონაცემით, საწარმოს გამართვის სამუშაოების 1/3 დასრულებული იყო, თუმცა საწყობს უკვე იყენებდნენ მარცვლეულის შესანახად. საწარმოში ცხრა ადამიანი იყო დასაქმებული.

ინდ.მეწარმე ბონდო რაქვიაშვილი გურჯაანში ვენახის მფლობელად 2012 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. 2012 წლის ზაფხულს მას ვენახი დაესეტყვა, 2013 წელს კი შეღავათიანი აგროკრედიტი (90 000 დოლარის ოდენობით) აიღო, რათა დასეტყვილი მეურნეობა აღედგინა.

2013 წლის 2 მაისს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში „ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ დარეგისტრირდა, რომელმაც 235 000 დოლარის სესხი აიღო. სუბტროპიკული ხილის ექსპორტის მიზნით, კომპანიამ ხილის შესანახი მაცივრები შეიძინა. აგრეთვე დანადგარი, რომელიც ციტრუსის რეცხვას და პარაფირებას (გასანთვლას) ახორციელებს, რაც ციტრუსის შენახვის ვადებს ახანგრძლივებს. 2013 წლის ნოემბრის მონაცემით საწარმოს მშენებლობის 80% დასრულებული იყო და ექსპლუატაციაში 15 ნოემბრიდან (სუბტროპიკული ხილის სეზონის დასაწყისი) შევიდა. საწარმოში სეზონზე 70 ადამიანის დასაქმება იყო დაგეგმილი.

ინდ. მეწარმე დავით ბერიაშვილი რეესტრში 2013 წლის 5 აგვისტოს დარეგისტრირდა. ის თელავში ღორების ფერმის გაკეთებას აპირებდა, რისთვისაც 84,700 დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო. მისი თქმით, მშენებლობა 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც 4-5 ადამიანი დასაქმდებოდა.

კომპანია “ჯეო-ფრუტმა“ შეღავათიანი კრედიტი (95,000 დოლარის ოდენობით) 2013 წლის 24 ივნისს აიღო. კომპანია ოთხ ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებას აპირებდა, რისთვისაც ნერგები შეიძინა და ხეხილის გადარგვისთვის ხელსაყრელ სეზონს ელოდებოდა.

კომპანია „აგროტეკი“ რეესტრში 2013 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. შეღავათიანი კრედიტი, 1 850 00 დოლარის ოდენობით, თანამედროვე ფერმის ასაშენებლად მიიღო. შვეიცარიიდან 50 სული ძროხა ჩამოიყვანა და თანამედროვე ტიპის საწველი აპარატი შეიძინეს. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიამ – „ვაზიანი კომპანი“ 600 000 დოლარის ოდენობის აგროკრედიტი მიიღო და ღვინის ქარხანა ააშენა და ახალი დანადგარები შეიძინა. 2013 წლის ნოემბრის მონაცემით, ქარხანაში 40 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანია რეესტრში 2012 წლის 27 ივლისსაა დარეგისტრირებული.

კომპანია „პიუნიკ ჯორჯია“ რეესტრში 2008 წლის 16 ივლისს დარეისტრირდა. საწარმომ 600 000 დოლარის კრედიტი მიიღო, განაახლა მეფრინველეობის ფერმა, შეიძინა დანადგარი. ფუნქციონირებს 10 სექტემბრიდან, დასაქმებულია 40 ადამიანი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული რამოდენიმე საწარმოს საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია შესაბამისი ფოტოკოლაჟით არის გამოქვეყნებული.

ინდმეწარმე გივი ნინიძე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მან ოზურგეთში საფუტკრე მეურნეობა მოაწყო. დასაქმებულია 2 ადამიანი. ინდმეწარმე 2009 წლის 2 მარტს არის დარეგისტრირებული.

ინდმეწარმე გიორგი იაშვილმა კახეთში, სიღნაღის რაიონში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული კრედიტის საფუძველზე თევზსაჭერი მეურნეობა განავითარა. დასაქმებულია 13 ადამიანი. საწარმო 2013 წლის 5 მაისს არის დარეგისტრირებული.

ინდმეწარმე ვალერი დაუდიშვილმა კრედიტი მეღვინეობის განვითარებისთვის მიიღო და გურჯაანში ღვინის საწარმო გახსნა. დასაქმებულია 15 ადამიანი. ინდმეწრმე  საჯარო რეესტრში 2010 წლის 26 ოქტომბერს არის რეგისტრირებული.

ინდმეწარმე ქართლოს შინჯიკაშვილი საჯარო რეესტრში 2013 წლის 27 ნოემბერს არის დარეგისტრირებული. მან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გურჯაანში მევენეხეობა განავითარა. დასაქმებული ყავს 10 ადამიანი.

ინდ მეწარმე ვახიდ დაშდამიროვმა კრედიტით საქონლის ფერმა ააშენა. დასაქმებულია 4 ადამიანი. ინდმეწარმე საჯარო რეესტრში 2013 წლის 20 სექტემბერსაა დარეგისტრირებული.

შპს „სართიჭალა 777“ საჯარო რეესტრში 2007 წლის 17 მაისს არის რეგისტრირებული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში მეფრინველეობის ფერმა გახსნა. დასაქმებულია 12 ადამიანი.

ინდმეწარმე რამაზ ზირაქაძემ იმერეთში, ბაღდადში სასათბურე მეურნეობა განავითარა. დასაქმებულია 7 ადამიანი. საწარმო 2008 წლის 24 მარტს არის რეგისტრირებული.

ინდმეწარმე მამუკა ქოქრიშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სიღნაღში მეცხვარეობა განავითარა. დასაქმებულია 10 ადამიანი. საწარმო 2013 წლის 7 ოქტომბერს არის რეგისტრირებული.

შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ საჯარო რეესტრში 2008 წლის 8 აპრილს არის დარეგისტრირებული. მან შეღავათიანი აგროკრედიტი მეღვინეობისთვის მიიღო, ააშენა ღვინის ქარხანა. დასაქმებულია 75 ადამიანი.

დასკვნა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ფონდის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა. პროექტის ფარგლებში ერთ წლის განმავლობაში 70 ახალი საწარმო დაფინანსდა. ერთ ახალ საწარმოზე საშუალოდ გაცემულია 300 000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი.

რეგიონების მიხედვით ახალი საწარმოები გაიხსნა: კახეთი-26; ქვემო ქართლი-17; შიდა ქართლი-10; სამეგრელო-2; სამცხე-ჯავახეთი-2; გურია-3; აჭარა-3; მცხეთა-მთიანეთი-2 და იმერეთი-5. საწარმოები დარგების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: პროდუქციის შესანახი მაცივრები-13; მეღორეობა-2; სასათბურე მეურნეობა-5; მევენახეობა-3; თხილის გადამუშავება-2; მესაქონლეობა-5; მეთევზეობა-2; შესაფუთი მასალების წარმოება-1; შერეული მეცხოველეობა-1 და თამბაქოს წარმოება-1.

ფაქტ-მეტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ოქტომბერში გავრცელებული იმ 49 საწარმოს სია გაანალიზა, რომლების მესამე კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა. ამ საწარმოებიდან ახლად დარეგისტრირებული (ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შექმნილი) 17 საწარმო აღმოჩდა. მათი შექმნისა თარიღი სამეწარმეო რეესტრის სამსახურშიც გადავამოწმეთ. დაანარჩენი საწარმოები წინა წლებში, ზოგიერთი მათგანი კი 90-იან წლებშია დარეგისტრირებული.

ჩვენ აგრეთვე იმ საწარმოების დარეგისტრირების თარიღები გადავამოწმეთ, რომელთა ჩამონათვალიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. ის ფაქტი, რომ ყველა საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ამოქმედების შემდეგ (ე.ი. არა 2012-2013 წლებში) არ არის  შექმნილი, არ ნიშნავს, რომ ამ საწარმოების მიერ განხორციელებული საქმიანობა არ შეიძლება ჩაითვალოს start-up-ად, ვინაიდან start-up აუცილებლად ახლადრეგისტრირებულ საწარმოს არ ნიშნავს. საწარმო შეიძლება არსებობდა, მაგრამ მან აღებული კრედიტის საშუალებით წამოიწყო ახალი საქმე. ანუ, საწარმო შეიძლება იყოს წლების წინ გახსნილი, მაგრამ მისი საქმიანობა იყოს ახალი. ყველა ამ საწარმომ დაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიიღო და საქმიანობა წამოიწყო ან განაახლა.

ჩვენ ვასკვნით, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადება: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის   ფარგლებში უკვე გაცემულია 318 000 000 ლარის ოდენობის 14 100 კრედიტი. დაფინანსდა 70 ახალი საწარმო, მოხდა 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება“, არის სიმართლე.