2014 წლის 3 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. განათლების სამინისტროს ინიციატივით სკოლაში მოსწავლის მიღებისათვის ასაკის მინიმალურ ბარიერად 6 წელი განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა: „საერთაშორისო რეკომენდაციები, ტენდენციები, ადგილობრივი ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციებიც არის ის, რომ ბავშვი უკვე უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის), როდესაც ის სასწავლო პროცესს იწყებს“. მისივე თქმით, ამ ასაკში ბავშვისთვის 2-3 თვესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუკი სასწავლო პროცესის დაწყების წინ ბავშვი 6 წლიან ბარიერს არ დააკმაყოფილებს, მას მოუწევს მომავალ წელს დარეგისტრირდეს და შევიდეს სკოლაში.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული რეკომენდაციებით დაინტერესდა და მათი შესწავლა გადაწყვიტა. იმის დასაზუსტებლად, თუ რომელ ექსპერტებსა და რეკომენდაციებს გულისხმობდა ქეთევან ნატრიაშვილი განცხადებისას, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემდეგ კვლევებში გამოთქმული რჩევები და რეკომენდაციები გაითვალისწინა:
- 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა;
- სასკოლო მზაობის შეფასება (ანგარიში).
- მშობლები, რომლებმაც 5 წლის ბავშვი შეიყვანეს სკოლაში - 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
- მასწავლებლები, რომლებიც 5 წლის მოსწავლეებს ასწავლიან/ასწავლიდნენ - 3 ჯგუფი (თბილისი, გორი, ბათუმი);
- ექსპერტების 2 ჯგუფი, რომელიც მოიცავდა: ფსიქოლოგებს, პედიატრებს და განათლების რეფორმაში ჩართულ პერსონალს.