და მათ შეკითხვებს უპასუხა. სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „80 საწარმოდან დარჩენილია 10 ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადების სიზუსტით და ის გადაამოწმა.
შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტრომ 2013 წლის მდგომარეობით არსებული ხორბლის გადამამუშავებელი იმ „მსხვილი საწარმოების“ სია მოგვაწოდა, რომლებიც უკანასკნელ წლებში „სტაბილურად ოპერირებდნენ“ ბაზარზე.
დამატებითი, ადრეული წლების სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად კი, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც მიგვითითეს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების მწარმოებელი 73 მოქმედი საწარმო იყო და გასული 10 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 71-დან 175-მდე იცვლებოდა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიცხადეს, უწყებების მონაცემებს შორის განსხვავების არსებობა იმით აიხსნება, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაში, ძირითადად, მსხვილი საწარმოები მოხვდნენ. ამასთან, „საქსტატის“ განმარტებით, საწარმოები მოქმედად რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიიჩნევა, მათ შორის, წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადებით, გაცემული ხელფასებითა და სხვა მაჩვენებლებით. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ყველანაირი ტიპის საწარმო მოხვდა, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა, წლიდან წლამდე, ან სეზონურადაც კი იცვლებოდეს. ამავდროულად, „საქსტატის“ განმარტებით, საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოთა შორის, მხოლოდ ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები არ შედის, მაგრამ მათ შესახებ ცალკე მონაცემი არ გააჩნიათ.
თუმცა, ფქვილის მწარმოებელი მოქმედი საწარმოების რაოდენობა, 2013 წლის მდგომარეობით, 54-ს შეადგენდა, რომელთაგან, „საქსტატის“ კლასიფიკაციით, 21 მსხვილი, 8 საშუალო და 25 მცირე ზომის იყო. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, ფქვილის მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, ხორბლის გადამუშავებით არიან დაკავებული. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი საქმიანობს სიმინდის გადამუშავების მიმართულებით, მაგრამ, „საქსტატი“ ამ პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებს, მონაცემთა შეგროვებისას, ერთმანეთისგან არ მიჯნავს.
ფქვილის მწარმოებელ საწარმოთა რაოდენობა, წლების მიხედვით, შემდეგნაირად იცვლებოდა:
დასკვნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სტაბილურად 16 მსხვილი ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო ოპერირებდა. „საქსტატის“ ცნობით კი, 2003-2013 წლებში საქართველოში საფქველ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქტების მწარმოებელი მოქმედი საწარმოების რაოდენობა 71-დან 175-მდე მერყეობდა, მათ შორის, 2013 წელს საწარმოების რაოდენობამ 73 შეადგინა. ამასთან, მხოლოდ ფქვილის მწარმოებელი მოქმედი საწარმოების რაოდენობა 2013 წლის მდგომაროებით, 54-ს შეადგენდა.
„საქსტატის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებიც შედის. 2013 წელს მოქმედი ფქვილის მწარმოებელი საწარმოებიდან, „საქსტატის“ კლასიფიკაციით, 21 მსხვილი, 8 საშუალო და 25 მცირე ზომის იყო. „საქსტატისავე“ განმარტებით ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოებში ძირითადად ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები იგულისხმება. 1999-2013 წლებში ამ საწარმოთა რაოდენობა 126-დან 54-მდე იცვლებოდა.
2009წელს ფქვილის მწარმოებელი საწარმოების რაოდენობა 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი - 126 იყო, ხოლო საფქველ-ბურღულეული მრეწველობის საწარმოთა რაოდენობა კი - 175-ს შეადგენდა. 2009 წლის შემდეგ ფიქსირდება საწარმოთა რაოდენობის კლების ტენდენცია, რაც, შესაძლოა, ამ სფეროში არსებული არასახარბიელო მდგომარეობითაც აიხსნება.
პრემიერ-მინისტრი მართალია, როდესაც საწარმოთა რაოდენობის კლების ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მათი რიცხვი, არასოდეს ჩამოსულა 10-მდე.
შესაბამისად, ჩვენი დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „80 საწარმოდან დარჩენილია 10 ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო,“ არის ნახევრად სიმართლე.