2013 წლის 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. უმცირესობის წევრმა, გივი თარგამაძემ, ირაკლი ღარიბაშვილს შსს-ს მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმებისადმი დამოკიდებულების შესახებ დაუსვა შეკითხვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შსს-ს მინისტრობის პერიოდში, სწორედ იგი იყო სპეცდანიშნულების რაზმების ყველაზე დიდი მხარდამჭერი. მან გივი თარგამაძეს მიმართა: „თქვენ წარმოადგენთ წინა ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც უკანონოდ ამყოფეთ ციხეში. ჩემი ოჯახის წევრის მსგავსად, თქვენ 9 წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი გაასამართლეთ. თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი".
2013 წლის 2 დეკემბერს ტელეკომპანია Russia Today-ს ჟურნალისტ, სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუში, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა: „ნაციონალური მოძრაობისგან ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს. მათი დემოკრატია იყო მოტყუებაზე ორიენტირებული ფასადური დემოკრატია. მათ 9 წლის განმავლობაში 300 000 ადამიანზე სასამართლო დევნა განახორციელეს. არ შემიძლია, მშვიდად მივიღო მათგან კრიტიკა, მათი საბოტაჟი და მორალზე ლექციების კითხვა“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანი „გაასამართლეს“ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში და რამდენად შეესაბამება პრემიერ-მინისტრის განცხადება სიმართლეს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ტერმინს „გასამართლება“ ან „სასამართლო დევნა“. არსებობს ტერმინი „სისხლის სამართლებრივი დევნა“, რომელიც იმ მოქმედებათა ერთობლიობას გულისხმობს, რომლის მიზანიც, დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფაა. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო პროკურატურა გახლავთ. შესაბამისად, სასამართლო რაიმე ტიპის დევნას არ ახორციელებს. ვინაიდან პრემიერ-მინისტრი ტერმინებს „გასამართლება“ და „სასამართლო დევნა“იყენებს, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ იგი ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგენას გულისხმობს.
ფაქტ-მეტრმა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ 2004-2013 წლების სტატისტიკა გამოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 9 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 148 682 პირის მიმართ 122 557 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. სასამართლოსთვის გადაცემული საქმეებიდან, სასამართლომ განაჩენის გამოტანით 145 027 პირის მიმართ 119 490 საქმე განიხილა. დანარჩენი სისხლის სამართლის საქმეები ან შეწყდა, ან პროკურატურას დაუბრუნდა, ან პირს იძულებითი მკურნალობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან, საპროცესო შეთანხმებით 80 490 პირის მიმართ 65 395 საქმე განიხილეს. 64 537 პირის მიმართ დარჩენილი 54 095 საქმის განხილვა არსებითი განხილვით მოხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 148 682 პირის მიმართ 122 557 საქმე განიხილეს. მათგან ნაწილი დაუბრუნდა პროკურატურას, შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ან პირს იძულებითი მკურნალობა შეეფარდა. ნაწილზე განაჩენის გამოტანა საპროცესო შეთანხმებით, ხოლო დარჩენილ ნაწილზე კი არსებითი განხილვით განხორციელდა.
როგორც ვხედავთ, უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული რიცხვი არ ემთხვევა პრემიერის მიერ დასახელებულ 300 ათასს. ფაქტ-მეტრი ითვალისწინებს განცხადების კონტექსტს, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეთა მსგავსი რაოდენობა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სახელმწიფოსთვის. იმისათვის, რომ საქართველოში არსებული ვითარება სხვა ქვეყნებისთვის შეგვედარებინა, ჩვენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მონაცემები გამოვიყენეთ, სადაც იმ პირთა რაოდენობაა დათვლილი, რომლებიც პროკურატურამ ბრალდებულად ცნო.
საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის თანახმად, წინასასამართლო სხდომა პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან არა უგვიანეს 60 დღისა უნდა გაიმართოს. ნებისმიერი პირი, რომელიც ბრალდებულად ცნეს, თუ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდა, სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება. ამასთანავე, შეუძლებელია პირი წარსდგეს სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე ისე, რომ მას წინასწარ ბრალი არ წარედგინოს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეებისა და ბრალდებულთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარია. აღსანიშნავია, რომ UNODC ბრალდებულთა რაოდენობის რეიტინგს იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რამდენი ბრალდებულია 100 000 სულ მოსახლეზე.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველომ 2010 წელს დააფიქსირა, როცა 100 000 სულ მოსახლეზე 469.9 პირი იყო ბრალდებული. აფრიკის, კარიბის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია. ამიტომაც, ჩვენ საქართველო ევროპის სხვა ქვეყნებს შევადარეთ.
თავის მხრივ, ბრალდებულთა მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის შესახებ არაფერზე არ მიუთითებს. საინტერესო სწორედ იმის შეფასებაა, როგორ ხდებოდა ბრალდებულთა გასამართლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ 9 წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 64 140 პირის მიმართ (64 537-დან), რაც 99%-ს შეადგენს. 9 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო პატიმართა რაოდენობისა და პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელებიც, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. საგანგაშო სწორედ ეს შედეგებია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამ საკითხს არ შეხებია. როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ბრალდებულთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია. დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში ეს რიცხვი საქართველოსთან შედარებით რამდენჯერმე მაღალია.
დასკვნა
საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 148 682 პირის მიმართ 122 557 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ეს რიცხვი კი ორჯერ ნაკლებია პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ 300 ათასზე. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ბრალდებულთა რაოდენობა 100 000 სულ მოსახლეზე ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ბრალდებულთა რაოდენობის სიმცირისა, ძალიან მაღალია არსებითად განხილულ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის პროცენტული მაჩვენებელი (99%). თუმცა, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ეხებოდა არა გამამტყუნებელი განაჩენების სიმრავლეს, არამედ ბრალდებულთა რაოდენობას.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „თქვენ გაასამართლეთ 300 ათასი ადამიანი 9 წლის განმავლობაში", არის მცდარი.
„თქვენ 9 წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი გაასამართლეთ“
05/02/2014
მცდარი
განცხადება არაზუსტია
პერსონები
-
დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები...
არ შესრულდაარ შესრულდა -
წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ძალი...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი