წლის წლის 13 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წელს [იანვარ-ოქტომბრის პერიოდი] 70 მლნ-ით მეტია დაბრუნებული შარშანდელთან შედარებით. გარდა ამისა დღგ-ზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფინანსთა მინისტრს აქვს უფლება გადასახადები არ მიმართოს ბიუჯეტში, მიმართოს ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე. დღგ-დან შემოსული თანხების 10% მიემართება ამ ქვეანგარიშზე“.
ფაქტ-მეტრი ფინანსთა მინისტრის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა რაოდენობის თანხა დაუბრუნდა ბიზნესს წელს და გასულ წლებში.
სანამ უშუალოდ საკვლევ საკითხზე გადავიდოდეთ, ალბათ მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ დღგ-სა და დღგ-ს დაბრუნების არსის შესახებ ვისაუბრებთ. წყაროდ „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)“ მიერ მომზადებულ გზამკვლევს,„არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში“, გამოვიყენებთ. კვლევაში (გვ. 38) განმარტებულია დღგ-ს, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის არსი: „ნებისმიერი საქონელი მოპოვებიდან საბოლოო მოხმარებამდე რამდენიმე სტადიას გადის: ნედლეულის მოპოვება-გადამუშავება-საბოლოო პროდუქტის დამზადება. მაგალითად:
1.პროცესი არის: ხორბალი-ფქვილი-პური;
2.ყველა ეტაპზე პროდუქტის გაყიდვა იბეგრება დღგ-თი (განაკვეთი - 18 %);
3.მაგალითში მოტანილი ყველა რიცხვი პირობითია და რაიმე დამკვიდრებულ პროპორციას არ ასახავს. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ დღგ, როგორც ე.წ. „არაპირდაპირი გადასახადი“, წარმოადგენს პროდუქტის საბოლოო მომხმარებლის (მოსახლეობის) გადასახადს, რომელიც მას ბიუჯეტში იხდის „ტრანზიტით“, ანუ პროდუქტის გამყიდველის „გავლით“. იმ პროდუქტების უმრავლესობის ფასი, რომელსაც მაღაზიაში ყოველდღიურად ვყიდულობთ, შეიცავს დღგ-ს, ხოლო ბიუჯეტში მისი გადახდა კი მაღაზიას ეკისრება. განვიხილოთ მაგალითი:
1-ლი ეტაპი:პირი ყიდის ხორბალს და სურს, მისი რეალიზაციის შედეგად, მიიღოს 100 ლარი. იგი ვალდებულია, ამ 100 ლარს დაამატოს 18 ლარი დღგ-ს სახით და გაყიდოს ხორბალი 118 ლარად. აქედან იგი 100 ლარს „სუფთა ღირებულების“ სახით იტოვებს, ხოლო 18 ლარს ბიუჯეტში იხდის. ე.ი. 100 + 18 = 118.
მე-2 ეტაპი:ხორბალი იყიდა მეწისქვილემ, დაფქვა და ყიდის ფქვილის სახით. თანხა, რომელიც მას სურს, რომ საკუთრად დარჩეს, ისევ 100 ლარია. მაშასადამე, გაანგარიშება ასეთ სახეს მიიღებს: ხორბლის თვითღირებულებას (100 ლარი) ემატება სასურველი ნამეტი (100 ლარი), ხოლო ჯამს (200 ლარი) ემატება ამ ჯამის 18% (36 ლარი) და ფქვილი იყიდება 236 ლარად. ე.ი. (100 + 100) + 200*18% = 236. აქედან მეწისქვილეს ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადასახდელი აქვს 36 ლარი, მაგრამ იგი ითვალისწინებს წინა ეტაპზე გადახდილ 18 ლარს (ამ გათვალისწინებას ეწოდება „დღგ-ს ჩათვლა“) და ბიუჯეტში იხდის 18 ლარს. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ ხორბლის თვითღირებულებად 100 ლარი და არა 118 ლარი (რა ფასადაც მეწისქვილემ იყიდა ხორბალი), რადგან 18 ლარი, როგორც ვთქვით, მას ჩათვლის სახით „უბრუნდება“ ბიუჯეტიდან.
მე-3 ეტაპი:ფქვილი იყიდა ქარხანამ, გამოაცხო პური და გაყიდა. თანხა, რომელიც ქარხანას სურს, რომ საკუთრად დარჩეს, ისევ 100 ლარია. მაშასადამე, გაანგარიშება ასეთ სახეს მიიღებს: ფქვილის თვითღირებულებას (200 ლარი) ემატება სასურველი ნამეტი (100 ლარი), ხოლო ჯამს (300 ლარი) ემატება ამ ჯამის 18 % (54 ლარი) და პური იყიდება 354 ლარად. ე.ი. (200 + 100) + 300*18% = 354. აქედან ქარხანას ბიუჯეტში დღგ-ს სახით გადასახდელი აქვს 54 ლარი, მაგრამ იგი ითვალისწინებს წინა ეტაპებზე გადახდილ 36 ლარს და ბიუჯეტში იხდის 18 ლარს. გამოდის, რომ ყოველ ეტაპზე დამატებული 100 ლარი დაიბეგრა 18%-ით და ყოველ ეტაპზე ბიუჯეტში გადახდილ იქნა 18 ლარი. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ გადასახადს „დამატებული ღირებულების“ გადასახადი. დღგ-ს თავისებურებაა ისიც, რომ იგი „ლოკალური“ გადასახადია, ანუ იგი მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მიმართ, რომელშიც არის კანონით შემოღებული. მაგალითად, თუ საქართველოს რეზიდენტმა საქონელი თურქეთიდან იტალიაში მიაწოდა, ეს ოპერაცია საქართველოში დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.
იგივე კვლევაზე დაყრდნობით განვმარტავთ დღგ–ს დაბრუნების (იგივე „ჩათვლა“) არსს: „საწარმომ რაიმე საქონლის საწარმოებლად შეიძინა ნედლეული და მასალა, რომლის შეძენისას გადაიხადა 59 ლარი დღგ–ს ჩათვლით, ე.ი. ფასში 9 ლარი იყო დღგ. ამ საწარმომ შეძენილი მასალისა და ნედლეულისგან დაამზადა გარკვეული სახის საქონელი და სურდა, გაეყიდა იგი 100 ლარად, მაგრამ, რადგან ეს დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციაა, მან საქონლის ფასს დაარიცხა 18% დღგ და საქონელი გაყიდა 118 ლარად. აღნიშნული საქონლის მიწოდებისას საწარმოს მიერ ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს თანხა შეადგენს 18 ლარს, მაგრამ, ვინაიდან საწარმომ საქონლის საწარმოებლად საჭირო მასალის შეძენისას უკვე გადაიხადა 9 ლარი დღგ, რომელიც მასალის ფასში შედიოდა და რომელიც მასალის ფასს დაარიცხა მასალის მომწოდებელმა პირმა, საწარმომ ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს არა 18 ლარი დღგ, არამედ 18-ს მინუს 9 ლარი ანუ 9 ლარი. აღნიშნული მიეთითება საწარმოს მიერ წარდგენილ დღგ-ს დეკლარაციაში და ეწოდება დღგ-ს ჩათვლა.“ (გვ. 50) როგორც ზემო აბზაცებში მოყვანილი განმარტებებიდან ჩანს, დღგ-ს დაბრუნება ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ფაქტ-მეტრმა 2013 წლის (იანვარ-ოქტომბრის პერიოდი) და ასევე წინა წლებში დაბრუნებული დღგ-ს რაოდენობა ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა. ჩვენს წერილზე (გაგზავნის თარიღი: 22.11.2013), რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას ვითხოვდით, სამინისტრომ პასუხი 13 იანვარს მოგვაწოდა. საჯარო უწყებიდან მიღებულ მონაცემებსქვემოთ, ცხრილის სახით გთავაზობთ.
საანგარიშო პერიოდი | ბიუჯეტში მობილიზებული დღგ–ს თანხა (ლარებში) | დაბრუნებული დღგ–ს თანხა | პროცენტული მაჩვენებელი (%) |
2011 წელი | 2,784,346,300 | 68,852,800 | 2.5 |
2011 წლის იანვარ–ოქტომბერი | 2,245,269,500 | 49,311,300 | 2.2 |
2012 წელი | 3,040,331,800 | 140,777,400 | 4.6 |
2012 წლის იანვარ–ოქტომბერი | 2,494,992,700 | 131,655,400 | 5.3 |
2013 წლის იანვარ–ოქტომბერი | 2,290,194,500 | 73,857,900 | 3.2 |
ფინანსთა სამინისრტოს მიერ, ჩვენთვის მოწოდებულ წერილში აღნიშნულია, რომ სალდირებული საგადასახადო ზედმეტობა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე 109,517,491 ლარით შემცირდა - შესაბამისად 1,268,623,323 ლარიდან 1,159,105,832 ლარამდე, რამაც დაბრუნებული დღგ-ს რაოდენობის შემცირებაც გამოიწვია.
როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში დაბრუნებული დღგ-ს მოცულობა 131,655,400 ლარს უდრიდა. 2013 წელს კი ბიზნესს დღგ-ს სახით 73,857,900 ლარი დაუბრუნდა, რაც 57,797,500 ლარით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
დასკვნა
ნოდარ ხადურის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2012 წელს, იანვარ–ოქტომბერში, ბიუჯეტში დღგ-ს გადასახადის სახით 2,494,992,700 ლარი შევიდა, საიდანაც 131,655,400 ლარის ბიზნესისთვის დაბრუნება მოხდა. 2013 წელს, იანვარ-ოქტომბერში, ბიუჯეტში დღგ-ს გადასახადით მობილიზებული თანხა 2,290,194,500 ლარს უდრიდა, საიდანაც ბიზნესს 73,857,900 ლარი დაუბრუნდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს, იანვარ-ოქტომბერში, დღგ-ს დაბრუნებული თანხა 57,797,500 ლარით ნაკლებია, ვიდრე 2012 წლის იგივე პერიოდში. ნოდარ ხადურის თქმით კი წელს, დღგ-ს დაბრუნებული თანხა 70 მლნ-ით მეტია, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.
კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი აშკარად ცდება. შესაბამისად ვასკვნით, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება: „დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ წელს 70 მლნ-ით მეტია დაბრუნებული შარშანდელთან შედარებით“, არის ტყუილი.