2013 წლის 11 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი გააცნო. ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ „წელს 9 თვეში საქართველოში 20 მლნ. დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე ეს 2012 წლის იგივე პერიოდში იყო“.
ფაქტ-მეტრი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით და დინამიკით დაინტერესდა. ჩვენ ფინანსთა მინისტრის განცხადება გადავამოწმეთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის I, II და III კვარტლის მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 697 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები 2012 წელს იგივე საანგარიშო პერიოდში 678 მლნ. აშშ დოლარი იყო. როგორც ვხედავთ, 2013 წლის 9 თვის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 19 მლნ. აშშ დოლარით აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს, რაც ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტეს ადასტურებს.
მეტი თავლსაჩინოებისთვის ჩვენ 2013 წლის I,II და III კვარტლები ცალ-ცალკეც გავაანალიზეთ. 2013 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 35 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის II და III კვარტლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა ფიქსირდება, როგორც წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ასევე წინა კვარტალთან შედარებით.
„საქსტატის“ მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის II კვარტალში 232 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში 218 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო, წინა, ანუ I კვარტალში კი - 226 მლნ. აშშ დოლარი. უცხოურმა ინვესტიციებმა მიმდინარე წლის III კვარტალში 239 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის წინა, ანუ II კვარტლის მაჩვენებელს 7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს კი 40 მლნ. აშშ დოლარით აღემატება.
მიმდინარე წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 48 მლნ. აშშ დოლარი, საფინანსო სექტორში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20%-ია. ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში 47 მლნ. აშშ დოლარი შემოვიდა. განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სექტორების წილში მესამე ადგილს 33 მლნ. აშშ დოლარით ენერგეტიკა იკავებს.
2013 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციები იმყოფება 20%-ით, მეორეზე აშშ - 15%-ით, მესამე და მეოთხე ადგილს ნიდერლანდები და თურქეთი ინაწილებენ 13-13 %-ით.
2011-2013 წლებში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას თუ დავაკვირდებით, ფაქტია, რომ 2012 წლის II, III და IV კვარტლებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობამ იკლო. ინვესტიციების კლება შეინიშნება 2013 წლის I კვარტალშიც, ხოლო 2013 წლის II და III კვარტალში კი ინვესტიციების მოცულობა იზრდება.
დასკვნა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წელს 9 თვეში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 697 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წლის I, II და III კვარტალში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა 678 მლნ. აშშ დოლარი იყო.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „2013 წელს 9 თვეში საქართველოში შემოვიდა 20 მლნ. დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე 2012 წელს იგივე პერიოდში“, არის სიმართლე.
„2013 წელს 9 თვეში საქართველოში 20 მლნ. დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 2012 წელს იგივე პერიოდში“
20/12/2013
სიმართლე
განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
პერსონები
-
დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები...
არ შესრულდაარ შესრულდა -
წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ძალი...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი