„30 სოფელია საქართველოში, რომელშიც დენი არ ყოფილა 20 წლის განმავლობაში“
2013 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური დებატების მიმდინარეობისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, საქართველოს სოფლებში არსებულ ენერგოპრობლემებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა: „30 სოფელია საქართველოში, რომელშიც დენი არ ყოფილა 20 წლის განმავლობაში“. მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებულია სამუშაოები ადიგენში, თიანეთი, დუშეთში და ა.შ. ამასთან, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის პრობლემა უკვე 7 სოფელში მოგვარდა. ფაქტ-მეტრი საქართველოს სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემით დაინტერესდა და ნოდარ ხადურის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენ სოფელს არ მიეწოდებოდა  ბოლო ოცი წლის განმავლობაში ელექტროენერგია, ენერგეტიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ შესაბამისი ქსელების არარსებობის გამო, ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია 35 სოფელს არ მიეწოდებოდა. აქედან, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე უკვე მოხერხდა 4 უშუქო სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. წლის ბოლომდე კი ელექტროენერგიით სარგებლობის შესაძლებლობა კიდევ 7 სოფელს ექნება. ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლიდან დაიწყო. 2013 წელს კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროფიცირების მიზნით საჭირო სამუშაოებისთვის, კერძოდ ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირების, ასევე, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს  შესაბამისი თანხები გამოუყო. ჩვენ გასული წლების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ, მაგრამ წერილში მხოლოდ ის არის ნახსენები, რომ საქართველოს სოფლებში ელექტროენერგიის პრობლემაზე მუშაობა ენერგეტიკის სამინისტრომ 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა, რამდენ ასეთ სოფელში მოგვარდა აღნიშნული პრობლემა 2011 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, მითითებული არ არის. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ჯამური რაოდენობა 35-ს, ოჯახებისა კი 683-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით არსებული სურათი კი შემდეგნაირად გამოიყურება: მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების რაოდენობა 6, ხოლო ოჯახების რაოდენობა 120-ია. ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების მაჩვენებელი კი შემდეგნაირად გამოიყურება: xad ქართლში  სოფლების რაოდენობა, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ 18-ის, ხოლო ოჯახებისა 331-ის ტოლია.  სამუშაოების დაწყება-დასრულების განრიგი კი რაიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: xad1 სამცხე-ჯავახეთში ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბანში ენერგომომარეგებასთან დაკავშირებული პრობლემა 17 ოჯახს აქვს. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2013 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ელექტორენერგიით მომარაგების პრობლემა სოფელ ბავარიში 26 ოჯახს აქვს. სამუშაოების დაწყება 2014 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი, დასრულება კი 2014 წლის 6 ოქტომბრისთვის იგეგმება. იმერეთის  რეგიონში აღნიშნული პრობლემა 3 სოფელსა და 17 ოჯახს აქვს. სამუშაოების დაწყებისა და დასრულების განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება: xad2 აჭარის  რეგიონში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა 6 სოფელსა და 290 ოჯახს აქვს. რაც შეეხება სამუშაოების დაწყებასა და დასრულებას, აღნიშნული საკითხი დაზუსტებული ჯერ არ არის: xad3 დასკვნა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს მასშტაბით ბოლო ოცი წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა 35 სოფელში დგას. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრობლემის მოგვარების გზებზე მუშაობა სამინისტრომ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღანიშნულ პრობლემაზე მუშაობის გასული წლების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ, მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ სოფელში გადაიჭრა ელექტროენერგიის პრობლემა 2011 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ენერგეტიკის სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, ელექტროენერგია უკვე 4 უშუქო სოფელს მიეწოდება და არა შვიდს, როგორც ეს ნოდარ ხადურმა განცხადებისას აღნიშნა. წლის ბოლოსათვის  ელექტროენერგიით სარგებლობა კიდევ 7 სოფლისთვის გახდება შესაძლებელი. 22 სოფელში სამუშაოები დაწყებულია და დასრულება 2014-2015 წლისთვის არის დაგეგმილი. რაც შეეხება აჭარის რეგიონის 6 სოფელს, სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადები დასაზუსტებელია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება: „30 სოფელია საქართველოში, რომელშიც დენი არ ყოფილა 20 წლის განმავლობაში“, არის მეტწილად სიმართლე.