“ყველა ამ ანგარიშში (NDI,  ეუთო), ევროკომისიის პრეზიდენტის, ბაროზოს განცხადებაში, ნათქვამია, რომ პრობლემა იყო არა იმდენად არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე... და, რა თქმა უნდა, პრობლემა არის პოლიტიკური ფიგურების წინასწარ პატიმრობაში მოთავსება, რაც არ წ
2013 წლის 30 ოქტომბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „საერთაშორისო, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, აღნიშნულია, რომ არჩევნების დღემ ჩაიარა კარგად. მაგრამ, ყველა ამ ანგარიშში, მათ შორის, მაგალითად NDI-ს, ეუთოს ანგარიშში, გუშინ იყო ევროკომისიის პრეზიდენტის, ბაროზოს განცხადებაც, ნათქვამია, რომ პრობლემა იყო არა იმდენად არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე, ნაციონალური მოძრაობის ათასობით, ათი ათასობით წევრის მუდმივი დაკითხვებით, და, რა თქმა უნდა, პრობლემა არის პოლიტიკური ფიგურების წინასწარ პატიმრობაში მოთავსება, რაც არ წარმოადგენს არამც და არამც ევროპულ სტანდარტს... ევროპის კავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირების და ევროპარლამენტის თანახმად, ამ [ასოცირების] ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერება, თუკი არ შეჩერდება შერჩევითი სამართალი საქართველოში და თუკი არ დასრულდება ყველა ის პრობლემა, რაზეც ზევით გვქონდა საუბარი. ამის შესახებ მკაფიოდ ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში“. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა გიორგი კანდელაკის განცხადების სიზუსტე. ამისთვის, ჩვენ დეპუტატის მიერ ნახსენებ ანგარიშებსა და განცხადებებს გავეცანით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის (19 სექტემბერი - 11 ოქტომბერი, 2013) მერვე თავში - საარჩევნო კამპანიის გარემო (გვ. 5, ასევე არაოფიციალური ქართული თარგმანის გვ. 8), მართლაც არის აღნიშნული, რომ არჩევნები დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობდა. ანგარიშში, ასევე, პირდაპირ არის ნახსენები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის დაკავების ფაქტი. ამასთან ერთად, ხაზგასმულია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებებიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებებმა. აქვე, მოყვანილია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადებებიც საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დღიდან მათ შეკრებებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო ფონი კიდევ უფრო დამძიმდა რამდენიმე ოფიციალური პირის, მათ შორის გენერალური მდივნის დაკავების გამო, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვის პასუხისმგებელი პირი და პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი იყო (გვ. 2, ასევე არაოფიციალური ქართული თარგმანი, გვ. 2). ამავე ანგარიშის ქვეთავში - "საარჩევნო კამპანიის გარემო" (გვ. 7, ასევე არაოფიციალური ქართული თარგმანის გვ. 10), მითითებულია მოწინააღმდეგე პარტიების აქტივისტების შევიწროვებისა და მათზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ანგარიში ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ივლისის თვეში ჩატარებული პრაიმერის დროს, პოლიციამ სულ მცირე 17 ადამიანი დააპატიმრა იმის გამო, რომ ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და ცდილობდნენ, ღონისძიების ჩატარებისთვის ხელი შეეშალათ. ეს პირები დააჯარიმეს წვრილმანი ხულიგნობისთვის და ერთის გარდა, ყველა დაჯარიმდა 100 ლარიანი ჯარიმით. აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, დაახლოებით 15 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, დემონსტრაციებზე აქტივისტების ვიდეოკამერაზე გადაღება, დაპირისპირებები საარჩევნო მასალების გამოქვეყნების დროს და ფიზიკური ძალადობა. ყველა ასეთი დარღვევის შესახებ, უწყებათშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას აცნობეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშიც ასევე აღნიშნულია, რომ დელეგაციას ეცნობა ინფორმაცია ძალადობის შემთხვევების შესახებ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, საჯარო მოხელეებისა და უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული (თბილისი, საქართველო, 6 სექტემბერი, 2013). ანგარიშში ნაქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხდებოდა ძალადობაში მონაწილეთა დაკავება, ის მცირე ფულადი ჯარიმები, რაც მათ დაეკისრათ, მსგავსი ქმედების პრევენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (გვ. 5). ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტი დადებითად აფასებს იუსტიციის მინისტრის 4 სექტემბრის განცხადებას, რომლითაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2013 წლის მარტში მიღებული რეკომენდაცია წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თანამდებობის პირებისა და პარტიული შტაბის აქტივის წევრების დაკითხვების დროებითი შეჩერების შესახებ. თუმცა, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ აგვისტოს ბოლოს, ადიგენის გამგებლის მიმართ გატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მისი დაპატიმრება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის თანმიმდევრული არ იყო და რომ „საარჩევნო გარემოში ზეწოლის შესახებ შთაბეჭდილებამაც კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პარტიულ აქტივისტებსა და ამომრჩეველზე". შერჩევითი სამართლის მიუღებლობა საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომაც ახსენა 2013 წლის 29 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას: „ჩვენ მოველით, რომ საქართველო პატივისცემით მოეპყრობა ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა თავისუფალი და პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შერჩევითი სამართლის ნებისმიერ ფორმას“. ფრანგული მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, რომელიც დაინტერესდა ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს თუ არა საქართველოში შერჩევითი სამართალი, ბაროზომ განაცხადა: „ევროპის კავშირი ყოველთვის პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ყველანაირი გამოძიების დროს. ეს აუცილებელია და ამას ვაცხადებთ საჯაროდ, რომ მე თვითონ, როდესაც შევხვდი აქ პრემიერ-მინისტრს, ვუთხარი მკაფიოდ რას ნიშნავს ოპოზიცია... ვიქნები უფრო კონკრეტული და გეტყვით, რომ დემოკრატიის ტრანზიციის პერიოდში, საქართველოში არის დიდი პოლარიზაცია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ჩვენ გვესმის, რომ ქართველების ფუნდამენტური ინტერესია, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს პოლიტიკური მეთოდებით, მაგალითად, არჩევნების გზით. თქვენ ახლა გყავთ ახალი პრემიერი და პრეზიდენტი, პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა“. გიორგი კანდელაკმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ: პარტნიორობის გაძლიერებისაკენ“, რომელიც 2013 წლის 23 ოქტომბერს მიიღეს. რეზოლუციის 37-ე მუხლში, ევროპარლამენტი ნამდვილად აღნიშნავს წამყვანი პოლიტიკური ფიგურების სამართლებრივი დევნის საკითხს და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის მაგალითიც მოჰყავს, რისი შემდეგაც, მთავრობას ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული დაცვისკენ მოუწოდებს. დეპუტატის განცხადების სისწორის შეფასებისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ზოგადად ის ტენდენცია, რომელიც სხავადასხვა ევროპელი ლიდერის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასებისას იკვეთება. მაგალითად, 2013 წლის 22 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დროს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა პირდაპირ ახსენა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობა: „ჩვენ შეშფოთებულები ვართ შერჩევითი სამართლით [საქართველოში] და ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას, როდესაც შევხვდებით [საქართველოს საგარეო საქმეთა] მინისტრს“. ამასთან ერთად, აღსანიშნავია 6 ნოემბერს კარლ ბილდტის მიერ რადიო თავისუფლებასთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის წინააღმდეგ აძლევს გაფრთხილებას. კერძოდ, კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა ის, რომ სააკაშვილი „შესაძლოა ახალი ტიმოშენკო გახდეს“, მან განაცხადა: „ვფიქრობ, რომ შესაძლოა უარესიც იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ის ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ ერთ საკითხამდე დაიყვანება შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც საზიანო იქნება განვითარებისათვის“. აქვე, შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპუის 7 ნოემბრის შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომლის შემდეგაც, მან ასევე გაუსვა ხაზი საქართველოში ოპოზიციის მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების სწორ ფუნქციონირებასა და კანონის უზენაესობის აუცილებლობას.   დასკვნა გიორგი კანდელაკმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ათი ათასობით წევრის მუდმივი დაკითხვებისა და პოლიტიკური ფიგურების დაკავებების ფაქტები აღნიშნული იყო სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებსა და ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში. NDI-ს, OSCE/ODIHR-ის ანგარიშებსა თუ ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებაში, კანდელაკის მიერ დასახელებული რიცხვები ასახული არ ყოფილა, რის გამოც, დეპუტატის მიერ ნახსენები რაოდენობრივი მაჩვენებლის სიზუსტის შეფასებას ფაქტ-მეტრი ვერ შესძლებს. თუმცა, ხსენებულ ანგარიშებში, ნამდვილად არის საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დღიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების შესახებ. ასევე, ანგარიშებში საუბარია კონკრეტული პარტიების მხარდამჭერთა მხრიდან მოწინააღმდეგე პარტიების აქტივისტების შევიწროვებისა და მათზე ძალადობის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზეც. ამავე ანგარიშებში ხაზგასმულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში მიცემის, ისევე როგორც ადიგენის გამგებლის მიმართ გატარებულ საგამოძიებო მოქმედებებისა და მისი დაპატიმრების ფაქტებიც. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ზემოხსენებულ საკითხებს საერთაშორისო ორგანიზაციები და რამდენად დიდ ყურადღებას უთმობენ მათ, ცხადად სჩანს NDI-ს ანგარიშში დაფიქსირებული მოსაზრებიდანაც, რომ „საარჩევნო გარემოში ზეწოლის შესახებ შთაბეჭდილებამაც კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პარტიულ აქტივისტებსა და ამომრჩეველზე". რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას, მას კონკრეტულად დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა, მან განაცხადა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ხოლო პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით უნდა წყდებოდეს. ასეთი რანგის პოლიტიკური ფიგურის ამ ტიპის განცხადება ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკურად გზავნილად, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, პირდაპირ ახსენებს საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობას და შეშფოთებას  გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. პოლიტიკური ლიდერების დაკავების ფაქტს ეხმიანება  ევროპარლამენტის მიერ 2013 წლის 23 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციაც, რომელიც მოითხოვს სასამართლო პროცესების ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემით წარმართვას. მართალია, ამ შემთხვევაშიც, რეზოლუციაში არ არის პირდაპირი ბმა შერჩევით სამართალსა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, თუმცა, ის ფაქტი, რომ რეზოლუცია პირდაპირ ახსენებს წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის საკითხს, ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს. ამასთან ერთად, რეზოლუციაში ნათქვამია ისიც, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხელშესახები იქნება საქართველოს პროგრესი კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადება, არის მეტწილად სიმართლე.