TikTok პლატფორმაზე ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედმა ანგარიშებმა (1; 2; 3; 4; 5; 6; 7) პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიაზე თავდასხმის კადრები კოორდინირებულად გაავრცელეს. ანგარიშების მიხედვით, კადრები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო. „იმედის” მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტი გახარიასა და ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის, გახარიას მხრიდან დაიწყო“; „დაირაზმა ნაცსაჯალათედი გახარიას დასაცავად, სამხარაძე ეკითხება მიცანიო და ამ ყველა ქვეყნის აგენტმა, ეგრევე ჩაარტყა; მაზაკვალმა გაიჩალიჩა“, - ვკითხულობთ ვიდეოების აღწერაში. ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელდა, აღწერით: „იმედმა მოიპოვა ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა“. ტელეკომპანიის მიერ ვიდეო „TikTok“-პლატფორმაზეც გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშები აგრეთვე აქვეყნებენ თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კომენტარს (1; 2; 3), სადაც კობახიძე ამბობს „ძალადობრივი დაპირისპირება“ გიორგი გახარიამ დაიწყო: „როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი და ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია. კიდევ ვიმეორებ - როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება“.
2025 წლის 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო შერატონში, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი მანველიძე თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სასტუმრო „შერატონის" მენეჯერმა 15 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. თუმცა, 22 იანვარს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დაწერა, რომ სასტუმრო შერატონში გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ. მისი თქმით, კადრები გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს.
27 იანვარს ძალადობის საქმეზე გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. მოგვიანებით, პარტიაში განაცხადეს, რომ გახარიას დაზარალებულად ცნობა „ფიქციური აღმოჩნდა“ და გამოძიების მასალებზე წვდომის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ.
თავდასხმის შემდეგ მალევე ტელეკომპანია „იმედმა“ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, „ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა“. აღნიშნულ კადრებს „ფაქტ-მეტრი“ კადრების გავრცელების დღესვე გამოეხმაურა (იხილეთ სტატია).
TV იმედის სიუჟეტში სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული ვიდეოს 2 მონაკვეთი/ნაწყვეტია გამოყენებული. ვიდეოებში ინციდენტი სრულად, უწყვეტად დაფიქსირებული არ არის, შესაბამისად, ისინი არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში მხარეებს შორის კომუნიკაციის დაწყების, კომუნიკაციის ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდისა და დასრულების სრულ სურათს არ წარმოაჩენენ.
პირველი ვიდეო სასტუმროს მიმღებშია გადაღებული. მასალის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად გიორგი გახარიას პირისპირ დგას და აგრესიული ტონით ეკითხება „მიცანი?“, ხოლო, გახარია პასუხად მას მის ხელთ არსებულ ჭიქას ესვრის, რაზეც სამხარაძე ფიზიკურ ძალადობის მიზნით, მუშტს იღერებს გახარიას წინააღმდეგ - ვიდეო კი, სწორედ ამ მომენტში წყდება. გარდა ამისა, ვიდეო არ აღწერს, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ პირთა შეხვედრას, რა სახის კომუნიკაცია წარიმართა მათ შორის და სხვ.
იმედის რეპორტაჟში, ისევე როგორც შემდეგ TikTok არხების გამოხმაურებებში, საუბარია „ინციდენტის დასაწყისზე“. სინამდვილეში, წარმოდგენილი ვიდეომასალა არ იძლევა სრულ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კომუნიკაცია და როგორ გადაიზარდა იგი ფიზიკურ დაპირისპირებაში. მეორე ვიდეო უკვე სასტუმროს გარეთ, შესასვლელთან არის გადაღებული, სადაც გიორგი გახარია უკვე ნაცემია, ხოლო დიმიტრი სამხარაძე მას უშვერი სიტყვებით უყვირის „შენ მე როგორ დამარტყი შე ბო*ო, შენ დედას შევე*ი მე, ხელი როგორ დამარტყა ამ ბო*იშვილმა“. ვიდეოს დასასრულს ჩანს, რომ სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორიას ტოვებს. ვიდეოში ჩანს ისიც, რომ სამხარაძე ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღითაა.
ამრიგად, TikTok-ანგარიშები ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ავრცელებენ იმის მტკიცებულებად, რომ დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო. რეალურად, კი კადრები იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ შეუძლებელია გაირკვეს, თუ როგორ დაიწყო ინციდენტი, რა უძღოდა წინ სამხარაძესა და გახარიას შორის შელაპარაკებას და მთავარი - როგორ აღმოჩნდა ვიდეოს დასაწყისში სასტუმროს ფოიეში მდგომი გახარია ნაცემი სასტუმროს გარე ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, აგრეთვე TiKTok-ანგარიშების მიერ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მონაკვეთის გავრცელებაც, რომელშიც პრემიერი კადრებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, აცხადებდა, რომ „ძალადობრივი დაპირისპირება“ გიორგი გახარიამ დაიწყო.