თეა წულუკიანი: ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა, ამიტომ სრულიად არასწორია იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
2025 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ რაიმე სახის მოლაპარაკებები არ ყოფილა“ და ამიტომ იმის მტკიცება, რომ მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ მხრიდან შეჩერდა, „სრულიად არასწორია“.
„ფაქტ-მეტრმა“ თეა წულუკიანის განცხადება გადაამოწმა.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხება. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავს.
კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი განიცადა. მეტიც, კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.
გაფართოების ანგარიშში მოცემულია შეფასებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების (თავის) და მათი დაჯგუფების შედეგად მიღებული თემატური კლასტერების მიხედვით. ამ მხრივ საქართველოს მზაობის დონე ზოგ ნაწილში აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მზაობის დონეს, თუმცა არა ყველა ნაწილში, ისევე როგორც განსხვავებულია პროგრესი სხვადასხვა ნაწილის მიხედვით (სულ ასეთი 35 თავია). ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ უკუსვლა განიცადა ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ კლასტერს მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, ევროკომისიის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს უკან დახევა ჰქონდა მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც 30 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი „შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის 30 ოქტომბრის კომუნიკაცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან, ევროკავშირის სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ნაბიჯები ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახებოდა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულებას და ამგვარად მოლაპარაკებების გახსნისკენ ნაბიჯების გადადგმას სულ მცირე 2028 წლამდე არ აპირებს.
„ქართული ოცნების“ ამ განცხადებას რეაგირება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან. კერძოდ, ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ „უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს“ და მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“.
გარდა ამისა, 19 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და სინანული გამოთქვა მის „გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით კი, „საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. როგორც მესმის, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“.
2023 წელს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს. სწორედ ასე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, როდესაც 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მათთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 2024 წლის 21 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოლაპარაკებების ჩარჩო-ფორმატი დაამტკიცა.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მათ შორის, ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება და ე.წ. გამჭვირვალობის კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აღებულ ვალდებულებებს, როგორც ამას ევროკავშირის ზემოხსენებულ ოფიციალური დოკუმენტებიც ადასტურებს. სწორედ ამიტომ 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. „ქართული ოცნების“ ქმედებებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია და მეტიც, პარტიის ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დაყენებას 2028 წლამდე არ აპირებენ.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თეა წულუკიანის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.