2024 წლის 13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (სასკ) ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი კანონპროექტით, მთელ რიგ მუხლებში ცვლილებები შევიდა, გამკაცრდა სანქციები და კოდექსს ახალი სამართალდარღვევები დაემატა.
სასკ-ის 125-ე მუხლის მე-61 ნაწილის ძველი რედაქციის თანახმად, ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, აქამდე ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. ახალი რედაქციით 1000-ლარიან ჯარიმას სანქციად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებაც დაემატა.
ცვლილება შევიდა სასკ-ის 150-ე მუხლშიც (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება). ამ მუხლის პირველი ნაწილით, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, აქამდე პირის 50 ლარით დაჯარიმებას იწვევდა. ახალი რედაქციის თანახმად, სანქცია გაოცმაგებულია და ამ ქმედებისთვის პირი 50 ლარის მაგივრად, 1000 ლარით დაისჯება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა აქამდე 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, ხოლო ახალი რედაქციით სანქცია გაოთხმაგდა და 2000 ლარი შეადგინა.
ამავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა აქამდე 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ხოლო ახლა სანქცია გაორმაგდა და 2000 ლარი შეადგინა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა აქამდე 2000 ლარით ისჯებოდა, დღეს კი სანქცია 3500 ლარამდეა გაზრდილი.
ეს მუხლი ასევე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, თვითნებურად შესრულებისთვის 500-ლარიან სანქციას ითვალისწინებდა. ახალი რედაქციით, სანქცია გაოთხმაგდა და 2000 ლარი შეადგინა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა 1000-ლარიან სანქციას ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ახალი რედაქციით ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ფულადი სანქცია გასამმაგდა და 3000 ლარი შეადგინა. ამ ქმედებისთვის ალტერნატიულ სასჯელად 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობაც დარჩა.
სანქცია ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის 10 დღის ვადაში გამოუსწორებლობისთვის გაიზარდა. აღნიშნული სამართალდარღვევა აქამდე 500 ლარით ისჯებოდა, ხოლო ახლა სანქცია 1000 ლარია.
ცვლილებები შევიდა სასკ-ის 1502 მუხლშიც, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას შეეხება. მისი პირველი ნაწილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება იწვევდა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ახალი რედაქციით სანქცია 1000 ლარამდე გაიზარდა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა 1000 ლარით ისჯებოდა, ხოლო ახლა სანქცია 2000 ლარია.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევდა, ხოლო ახლა სანქცია 2000 ლარამდეა გაზრდილი. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა აქამდე 2000 ლარით ისჯებოდა, ხოლო ახლა სანქცია 3500 ლარია.
ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, იწვევდა დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ახალი რედაქციით, სანქცია 2000 ლარამდეა გაზრდილი. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა ისჯებოდა 2000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო ახლა სანქცია 3000 ლარამდეა გაზრდილი.
სასკ-ს დაემატა 3 მუხლი: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1563 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა). ამ დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები 1000-დან 3500 ლარამდე ოდენობით.
სანქციები გამკაცრდა სასკ-ის 1662 მუხლშიც, რაც ვანდალიზმს ითვალისწინებს. მისი პირველი ნაწილის თანახმად, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება იწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ახლა კი სანქცია 1000 ლარამდეა გაზრდილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღის ვადით ან ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ახალი რედაქციით კი იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ისევ 5-დღიანია, ჯარიმა 2000 ლარამდეა გაზრდილი.
ცვლილებები შევიდა სასკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილშიც, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება. ცვლილების თანახმად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი დაჯარიმდება 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ მშობელმა ან ბავშვის სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობა (ან მის მიმართ სხვა მოვალეობა) არ შეასრულა, რაც გამოიხატა იმ არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა/ფლობაში, რომელსაც პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა/ფლობის უფლება არ აქვს, რაც ასევე გამოიხატა არასრულწლოვანის პიროტექნიკური ნაწარმის კანონდარღვევით გამოყენებაში ან/და არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის კანონდარღვევით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებაში.
სასკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი დაჯარიმდება მაშინაც, თუკი მან არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობა არ შეასრულა, რაც გამოიხატა არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში.
ფაქტია, რომ კანონის ძველ რედაქციაში არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის ან არასრულწლოვანის მიერ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის მშობელი არ ისჯებოდა, ახალი რედაქცია კი რეპრესიულ მექანიზმს მშობელზეც ავრცელებს.
ცვლილება შევიდა სასკ-ის 1741 მუხლშიც, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას შეეხება. შეიცვალა ამ მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების[1] დარღვევისთვის სანქციას აწესებს. ახალი რედაქციის თანახმად, სამართალდამრღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარიდან გაიზარდა 5000 ლარამდე, ხოლო თუ დამრღვევი ამავდროულად ორგანიზატორია, მისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 5000 ლარიდან 15000 ლარამდე გაიზარდა.
სასკ-ის 1741 მუხლს დაემატა მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია)[2] მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“.
სასკ-ს 1983 მუხლი დაემატა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარებისთვის ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარებისთვის პირს სჯის ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებისა და ახალი ქმედებების სამართალდარღვევად გამოცხადების გარდა, „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული მუხლებიც შეცვალა.
ცვლილება შევიდა სასკ-ს 209-ე მუხლის პირველ ნაწილში, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების განსახილველ სამართალდარღვევებს დაემატა ახალი სამართალდარღვევებიც. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ახალი რედაქციის თანახმად, უკვე განიხილავენ შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსაც: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1563 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა). მუხლი 1983 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება).
ცვლილება შევიდა სასკ-ს 209-ე მუხლის 21 ნაწილშიც, რომლის თანახმადაც, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს უკვე შემდეგი სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1563 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
ცვლილება შევიდა სასკ-ის 2093 მუხლის პირველ ნაწილში. ეს ნაწილი იმ სამართალდარღვევებს ჩამოთვლის, რომლებზეც საქმეებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი განიხილავს. ამ მუხლში ჩამოთვლილ სამართალდარღვევათა წრე შემდეგი მუხლებით გაფართოვდა: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
ახალი რედაქციით შეიცვალა სასკ-ის 2093 მუხლის 21 ნაწილიც. ეს ნაწილი ჩამოთვლის სამართალდარღვევებს, რომელთა საქმეებზეც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს. ამ სამართალდარღვევებს დაემატა კიდევ ორი მუხლი: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
შეიცვალა სასკ-ის 2093 მუხლის მე-3 ნაწილიც. ეს ნაწილი ჩამოთვლის იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომელთა ჩადენის შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის). ამ სამართალდარღვევათა ჩამონათვალს დაემატა ორი მუხლი: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
შეიცვალა სასკ-ის 239-ე მუხლის 22-ე ნაწილი. ამ ნაწილის ახალი რედაქციის თანახმად, სასკ-ის 1983 მუხლით (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები.
შეიცვალა სასკ-ის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი. ეს ნაწილი ჩამოთვლის იმ სამართალდარღვევათა მუხლებს, რომელთა ჩადენის შემთხვევაშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. სამართალდარღვევათა ჩამონათვალს ამ შემთხვევაშიც დაემატა 2 მუხლი: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
კანონის ახალი რედაქციით შეიცვალა სასკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილიც. ეს ნაწილი ჩამოთვლის სამართალდარღვევებს, რომელთა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით ან 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ადგილზე გადახდა არ ხდება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევათა სიას დაემატა სამი მუხლი: მუხლი 1562 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია ნებართვის/ლიცენზიის გარეშე); მუხლი 1563 (პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა); მუხლი 1564 (პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა).
სასკ-ის ახალ რედაქციას დაემატა პირის პრევენციულად დაკავების ინსტიტუტიც. კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალი რედაქციის თანახმად, სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენისა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
შეიცვალა სასკ-ის 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ1“ ქვეპუნქტები. ახალი რედაქციის თანახმად სასკ-ს 1562, 1563 და 1564 მუხლებთან დაკავშირებით დადგენილების აღსრულების უფლებამოსილება მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილ პირსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული მთელი რიგი ცვლილებები ამკაცრებს კანონმდებლობას და რეპრესიული სისტემისთვის ახალ სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.
[1] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა
[2] 2024 წლის 13 დეკემბერს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას. შეკრების მონაწილეებს ასევე ეკრძალებათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.