„ფაქტ-მეტრის“ გუნდს დაუკავშირდა მკითხველი და შემდეგი ინფორმაციის გადამოწმება სთხოვა: „სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში. საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები“. მკითხველის ცნობით, მისი ინფორმაციის წყარო, რომლის გადამოწმებასაც ითხოვდა, ტელეკომპანია „ფორმულა“ იყო.
„ფაქტ-მეტრმა“ მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა. აღნიშნული მონაცემები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა" შედეგებს ასახავს.
კვლევა 2022 წელს ჩატარდა და შედეგები 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ის ბავშვთა კეთილდღეობის მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორისაა მატერიალური და სოციალური დანაკლისი, კვება სასკოლო საათებში, განათლების ხელმისაწვდომობა და ა.შ.
კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. დანაკლისის დონე საგრძნობლად მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%). ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახში ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (ესენია: საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვა). 16 საჭიროებიდან სამი ან მეტი დანაკლისის მქონე ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ მიიჩნევა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება. სკოლებში ბავშვების თითქმის 35% არასდროს არ იკვებება, დაახლოებით 24% ზოგჯერ იკვებება, 24% კი - იშვიათად. (იხილეთ: დიაგრამა 1).
მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ბევრად უფრო დიდია ალბათობა, რომ ისინი არასდროს იკვებებიან სასკოლო საათებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისაც არ გააჩნია მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%).
ყველაზე გავრცელებულ მიზეზებში თუ რატომ ვერ იკვებება ბავშვი სკოლაში, შემდეგი ფაქტორები დასახელდა: საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (შემთხვევების 36.4%) და ფულის არქონა (შემთხვევების 20.6%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი არის ფინანსური პრობლემა (37.7%), ხოლო სკოლის პერიოდში საკვების არმიღების იგივე მიზეზი მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების მხოლოდ 3.3%-ს აქვს.
დიაგრამა 1: კვება სასკოლო საათებში
წყარო: Unicef
ასევე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საგანმანათლებლო მასალების (სასკოლო მასალების გარდა) სიმწირე. ბავშვების 45.3%-ს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, რომლის ქონაც სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ სახსრების არარსებობის გამო. ყველაზე ხშირად ბავშვებს არ აქვთ შემდეგი საგანმანათლებლო ნივთები: ლეპტოპი/კომპიუტერი (ყველა ბავშვის 29.1%-ს), სახატავი საშუალებები (18.5%-ს), წიგნები (16.5%-ს) და მუსიკალური ინსტრუმენტები (10%-ს). ამ შემთხვევაშიც, მაღალია უთანასწორობა ქალაქი/სოფლის ჭრილში, სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების 59.6%-ს არ აქვს რაიმე სახის საგანმანათლებლო მასალა, ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 35.6%-ია. უთანასწორობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის - მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ყოველი ოთხი ბავშვიდან სამს (74.9%) არ გააჩნია მისთვის სასურველი რაიმე საგანმანათლებლო მასალა, ხოლო მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვებში ეს მდგომარეობა არის ყოველი ოთხიდან მხოლოდ ერთი ბავშვის შემთხვევაში (25.5%).
ამრიგად, მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა და შეაფასა ვერდიქტით სიმართლე.