აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა

მარიამ ქვრივიშვილი: აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის სიმართლე.

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 29%-ით (4.7 მლნ-მდე), ქუთაისის აეროპორტში 3%-ით (1.7 მლნ-მდე) და ბათუმის აეროპორტში 53%-ით (952 ათასამდე) გაიზარდა. ჯამურად, სამივე აეროპორტში ზრდის ტემპმა 24% შეადგინა და სამივეში პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. 25%-ით გაიზარდა შესრულებული რეისების რაოდენობაც. ქვეყანაში ოპერირება რამდენიმე ახალმა ავიაკომპანიამაც დაიწყო. უფრო დაბალი პროცენტული ტემპით, თუმცა გაზრდილია ტურიზმი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.
ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და - 7.4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25%-ით მოიმატა რეისების რაოდენობამ“.

საქართველოში სულ სამი საერთაშორისო და ორი მოქმედი ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტია. 2024 წელს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და 4.7 მლნ-ს გადააჭარბა, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 30%-ით, 22 715-მდე გაიზარდა. ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მცირედით, 3%-ით, 1.7 მლნ-მდე გაიზარდა, შესრულებული რეისების რაოდენობა კი მხოლოდ 1%-ით, 5078-მდე. ყველაზე დიდი ზრდა ბათუმის აეროპორტში დაფიქსირდა, სადაც მგზავრთნაკადი 53%-ით, 952 ათასამდე და შესრულებული რეისების რაოდენობა 33%-ით, 4 144-მდე გაიზარდა. სამივე აეროპორტში ჯამურად ზრდის ტემპმა 24%-ს მიაღწია.

გრაფიკი 1: მგზავრთნაკადი აეროპორტებში (ათასი მგზავრი)


წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 2018 წლის მაჩვენებელს პირველად გადააჭარბა. პანდემიამდე (2010-2019 წლები) პერიოდში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის კლება მხოლოდ 2019 წელს დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა, რამაც საქართველოს ავიასექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია. სტატისტიკას თუ კიდევ უფრო ჩავშლით, 2019 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბილისის აეროპორტში 11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მეორე ნახევარში - 14.5%-იანი კლება. იმავე 2019 წელს იანვარ-ივნისში, ბათუმის აეროპორტში დაფიქსირებული 30%-იანი ზრდის შემდეგ, ივლის-დეკემბერში მგზავრთნაკადი 8%-ით შემცირდა, თუმცა წლიური 4%-იანი ზრდა მაინც მოხერხდა. ბათუმის აეროპორტმაც კოვიდამდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2024 წელს გაასწრო, თუმცა 2022 წელს რაოდენობრივად რეკორდზე გასასვლელად მას მხოლოდ 7 ათასი და 2023 წელს 2 ათასი დააკლდა.

გრაფიკი 2: მგზავრთნაკადი აეროპორტებში შვიდწლიან დინამიკაში (ათასი მგზავრი)


წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ადგილობრივ აეროპორტებზე, ტრანზიტულ ფრენებსა და საჰაერო გზით გადაზიდულ ტვირთების შესახებ 2024 წლის სტატისტიკა აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს გვერდებზე არ იძებნება.

2024 წელს ქართულ ბაზარს რამდენიმე ახალი ავიაკომპანიაც დაემატა, მათ შორის ნიდერლანდური Transavia, ავსტრიული Austrian Airlains, თურქული AJET და ბერძნული SKY express. 2025 წლიდან მათ რიგებს ბრიტანული Easy Jet და British Airways-ის შეემატება.

პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საინტერესო იყო, რა მოხდებოდა მეოთხე კვარტალში. მეოთხე კვარტალში აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 19%-მდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში თბილისის აეროპორტში ზრდის ტემპმა 31% შეადგინა, ოქტომბერ-ნოემბერში - 21%. ქუთაისის აეროპორტში 6%-იანი ზრდა 4%-იანმა კლებამ შეცვალა, ბათუმი გამონაკლისი აღმოჩნდა და 43%-იანი ზრდა 99%-მდე გაიზარდა. სამივე აეროპორტში ჯამურად კი ზრდის ტემპი 26%-დან 19%-მდე შემცირდა. კლება სახეზეა, თუმცა მისი მასშტაბი რაიმეს მტკიცების საშუალებას არ იძლევა. პოლიტიკურმა კრიზისმა გავლენა შესაძლოა მართლაც იქონია, მაგრამ ეს გავლენა, მისი არსებობის შემთხვევაში, ამ ეტაპზე მცირეა.

საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების ნაწილში მეოთხე კვარტალში 5%-იანი მატებაა, იმდენივე, რაც პირველ სამში საშუალოდ. თუ მათგან უშუალოდ ტურისტული ტიპის ვიზიტებს გამოვყოფთ, პირველ სამ კვარტალში ზრდის ტემპი 10%-ს შეადგენდა, მეოთხეში - 8%-ს, რაც ასევე არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას. მეოთხე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა სამის საშუალოსთან შედარებით, პირიქით 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 10% შეადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისი განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ გამწვავდა, შესაძლო გავლენები უფრო 2025 წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება.

მთლიანობაში, წლის განმავლობაში, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ერთად მგზავრთნაკადი მართლაც 24%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა შესრულებული რეისებისა და მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობაც. მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის მეოთხე კვარტალშიც ზრდა აღინიშნა ტურისტების რაოდენობასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც. სტატისტიკურად სწორად დასახელებული რიცხვებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


Persons

All Articles