[უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენებელი პირობითია და აღებულია ამერიკული FARA-დან, სადაც მედიებთან მიმართებით, დაფინანსების 20%-ს ეხება

ლევან ღავთაძე: [უცხოური დაფინანსების] პროცენტული მაჩვენებელი პირობითია და აღებულია ამერიკული FARA-დან, სადაც მედიებთან მიმართებით, დაფინანსების 20%-ს ეხება

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ლევან ღავთაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა დაიწყო. განხილვისას, საქართველოს პარლამენტის ინტერესების წარმომადგენელმა ლევან ღავთაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვაზე 20%-იანი დაფინანსების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადება გააკეთა: (იხ. 1:40:40-დან) „პირობითია ეს 20%, რა თქმა უნდა, აღებული, ეს მოხდა FARA-დან, მოგეხსენებათ, იცით, რომ მედიებთან მიმართებით არის 20%. 20% მაინც თუ არის დაფინანსება, შესაბამისად, ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში... მე გითხარით ლოგიკა, განმწესრიგებლის ფარგლებში, 20%-ს რატომ?! ეს არის პირობითი - ეს პროცენტული მაჩვენებელი და აღებულია ამერიკული კანონმდებლობიდან, რომელიც მედიებთან მიმართებით 20%-ს ეხება“.

„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ღავთაძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ყველა იმ არასამთავრობოსა და მედიასაშუალებას ეხება, რომელნიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ.

კანონპროექტი, სწორედ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის მსგავსად, ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) მხოლოდ იმაზე დაყრდნობით აცხადებს, იღებს, თუ - არა ის დაფინანსებას უცხოეთიდან. ამისგან განსხვავებით, დემოკრატიული სახელმწიფოები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, გასაკონტროლებლად მიიჩნევენ არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით თუ დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა.

არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL), რომელიც მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიის და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ იურიდიული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს, მიერ მომზადებული შედარებითი სამართლებრივი ანალიზის თანახმად:

• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.

• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.

• აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია.

FARA-ს მიხედვით, დადგენილია პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, მედიას აგენტად რეგისტრირება არ მოუწევს. ფარა განსაზღვრავს, რომ თუ მედიასაშუალების 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი აშშ-ს მოქალაქეები არიან და ეს მედია არ არის უცხო ძალის ან უცხო ძალის აგენტის დაფინანსებისა და კონტროლის ქვეშ, მაშინ მასზე აგენტად რეგისტრირების მოთხოვნა არ ვრცელდება. აგენტად მედიის რეგისტრირებისთვის, თუ ის აშშ-ს მოქალაქის მფლობელობაშია, საჭიროა, რომ ეს მედიასაშუალება დაფინანსებას უცხო ძალისგან ან მისი აგენტისგან იღებდეს და მისი პოლიტიკა განსაზღვრული უნდა იყოს ამ უცხო ძალის/მისი აგენტის მიერ. შესაბამისად, FARA-ს მიხედვით, მხოლოდ დაფინანსების მიღების ფაქტი, აშშ-ში რეგისტრირებული და აშშ-ს მოქალაქის მფლობელობაში არსებული მედიის აგენტად რეგისტრირებისთვის საკმარისი არაა. ამასთან, ორგანიზაციის ფლობა და ორგანიზაციის დაფინანსება ორი განსხვავებული ცნებაა, თუმცა ლევან ღავთაძე ცდილობს ისინი ერთი და იმავე შინაარსის ტერმინებად წარმოაჩინოს. სინამდვილეში, დაფინანსებაზე ამგვარი ზღვარი დაწესებული არაა. FARA-ს ტექსტში დაფინანსებასთან დაკავშირებით, 20%-იანი მაჩვენებელი ნახსენები არ არის. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის ინტერესების დამცველის განცხადება, რომ მათ საქართველოში მიღებულ კანონში ეს ზღვარი აშშ-ს კანონმდებლობიდან გადმოიღეს.

FARA-ს მიხედვით, ტერმინი „უცხო ძალის აგენტი“ არ მოიცავს ახალ ამბებს, პრესსერვისს ან ასოციაციას, რომლებიც ორგანიზებული არიან აშშ-ს კანონმდებლობის ან რომელიმე შტატის კანონმდებლობის საფუძველზე, ან სხვა კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ექცევა აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ. ასევე, ნებისმიერ გაზეთს, ჟურნალს, პერიოდულ გამოცემას ან პუბლიკაციას, რომელიც შესაბამისობაშია შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის მოთხოვნებთან, ან სხვა ნამდვილად ჟურნალისტურ აქტივობებს მანამ, სანამ აქტივობის განმახორციელებელი პირის 80 %-ის მფლობელი, მისი მმართველები და დირექტორები აშშ-ს მოქალაქეები არიან და თუ ასეთი ახალი ამბების თუ პრესის სერვისი, ასოციაცია, გაზეთი, ჟურნალი, პუბლიკაცია არ არის უცხო ძალის მფლობელობაში, მართვაში, ზედამხედველობის ქვეშ, კონტროლქვეშ, სუბსიდირებული ან დაფინანსებული და მისი პოლიტიკები არ არის განსაზღვრული უცხო ძალის მიერ, რომელიც განმარტებულია ამავე ქვეთავში, ან უცხო ძალის აგენტის მიერ.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება და ამისათვის, ის არა ცალკეულად დაფინანსების მიღების ფაქტით ხელმძღვანელობს, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ იდენტური შინაარსის მტკიცება წარსულში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც გააჟღერა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

აშშ-ში მოქმედი FARA-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.

რედაქტორის შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე „ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია „საქართვლოს რეფორმების ასოციაცია“ აგრეთვე მოსარჩელეა.