ბოლო დღეებში აქტიური განხილვის თემა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო ცვლილება გახდა. ამის შესახებ საუბრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ გენერაციის ცალკეული ობიექტებისთვის განსაზღვრული ტარიფისა და გადაცემა/დისპეტჩერიზაციის ტარიფების გადახედვამ გამოიწვია. ცვლილებების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირება მიიჩნევა.
საქართველოს ელექტროსისტემა ოთხ პირობით მდგენელად შეიძლება დაიყოს, რომელთაგან თითოეული კომპონენტი სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას ახდენს:
- გენერაციის ობიექტებს წარმოადგენს 5 ერთეული თბოსადგური, ქართლის ქარის სადგური და 71 ჰიდროელექტროსადგური;
- ელექტროენერგიის გადაცემას ახორციელებს სამი ოპერატორი: ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, ბ) სს „საქრუსენერგო“, გ) სს „ენერგოტრანსი“;
- დისპეტჩირებაზე პასუხისმგებელია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
- ელექტროენერგიის განაწილებას, გარდა პირდაპირი მომხმარებლების შემთხვევისა, უზრუნველყოფს სამი სუბიექტი: ა) სს „თელასი“, ბ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.