ქუთაისელმა მეწარმემ, ბესო მიქელთაძემ, სოციალურ ქსელში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საიტ Webometrics-ის მონაცემებით, უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის „უსამარხვინოეს“ 13 494-ე ადგილზეა. აღნიშნული მონაცემის გადამოწმება ფაქტ-მეტრს ერთ-ერთი სტუდენტის მშობელმა სთხოვა.
Webometrics ესპანური კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერების მიერ შექმნილი საიტია. ესპანელმა მეცნიერებმა 2004 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებსაიტების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავეს. ისინი პროექტის Webometrics Ranking of World Universities ფარგლებში, წელიწადში ორჯერ, ივლისსა და იანვარში მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ვებსაიტების რეიტინგს აქვეყნებენ. პროექტის ვებგვერდზე მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის გაცნობა, ასევე ნაციონალური და მსოფლიო რეიტინგების შედარებაა შესაძლებელი.
Webometrics რეიტინგის მიხედვით, უნივერსიტეტების სიის შედგენა ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ვებგვერდებზე წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება. ანალიზის საგანს ამა თუ იმ უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი არა უშუალოდ უნივერსიტეტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას, არამედ მისი სამეცნიერო პოტენციალის ინტერნეტსივრცეში წარმოჩენას აანალიზებს. 2013 წელს რეიტინგის მეთოდოლოგია შეიცვალა და უმაღლესი სასწავლებლების ვებსაიტების რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმების ჯამით გამოითვლება:
- ხილვადობა (Visibility - ფასდება სხვა ვებსაიტებიდან უნივერსიტეტის ვებსაიტზე წამოღებული ბმულების რაოდენობა) - 50%;
- აქტივობა (Activity - მოიცავს სამი სხვადასხვა მაჩვენებლის ჯამს) 50%;
- რეიტინგში ასევე დამატებითი ქულა იწერება სამეცნიერო უპირატესობის გათვალისწინებით (Excellence - ეს მაჩვენებელი Wos და Scopus ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების რაოდენობას აღრიცხავს).