„არანაირი შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესს [არ გააჩნია]. ისინი იბეგრებიან ზუსტად ისე, როგორც მსხვილი ბანკები, მსხვილი ნავთობდისტრიბუციის კომპანიები და ა.შ.“

2013 წლის 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ეთერში განაცხადა: „არანაირი შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესს [არ გააჩნია]. ისინი იბეგრებიან ზუსტად ისე, როგორც მსხვილი ბანკები, მსხვილი ნავთობდისტრიბუციის კომპანიები და ა.შ. სამწუხაროდ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავრობა დგას მსხვილი ბიზნესის ინტერესების ლობისტად, რომლებიც საქართველოში თითქმის არაფერს არ აწარმოებენ და მხოლოდ უცხოური პროდუქციის გადაყიდვით არიან დაკავებულები. ახალს არაფერს არ ქმნიან... ეს პოლიტიკა არ იცვლება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია და გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მიკრო ბიზნესში დასაქმებული ადამიანების დახმარებას. დღეს მოსახლეობის ნაწილმა იცის, რომ მიკრო ბიზნესი არ იბეგრება, თუმცა საკმარისია მან ერთი დაქირავებული აიყვანოს ან გადაყიდვით დაკავდეს, რომ ის მაშინვე ჩვეულებრივი დაბეგვრის ქვეშ მოექცევა“.

 

ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, მართლაც ერთნაირად იბეგრება თუ არა მცირე და ე.წ. მსხვილი ბიზნესი.

 

2011 წლის 20 დეკემბრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ახალი საკანონმდებლო რეგულაცია – „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“ ამოქმედდა. ამ ცვლილებით, კანონმდებლობაში არსებულთან ერთად გაჩნდა განსხვავებული  საგადასახადო რეჟიმი და ახალი ტერმინები „მიკრო“ და „მცირე“ ბიზნესი. მიკრო ბიზნესი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო მცირე ბიზნესი დასაბეგრი შემოსავლების 3–5%-ს იხდის.

 

კოდექსის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას, დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს (დღეში 82 ლარი). მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს (დღეში 273 ლარი). აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო კოდექსით მცირე და მსხვილ ბიზნესს განსხვავებული რეგულაციები დაუდგინდათ. კანონი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს კიდევ ერთ შეღავათს უწესებს, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ საქმიანობებზე არ ვრცელდება 30 ათას ლარიანი ზღვარი:

 

საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 ათას ლარიანი ზღვარი:

 

1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორ­ციელ­დება ტრაქტორებით ან კომბაინებით;

 

2. ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება;

 

3. პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება;

 

4. ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონს­ტრი­რებისა და ჩვენებისა;

 

5. საცვლების წარმოება;

 

6. თავსაბურავების წარმოება;

 

7. დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება;

 

8. ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება;

 

9. ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმო­ება;

 

10. ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება;

 

11. ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნა­­კე­თო­ბების წარმოება;

 

12. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარ­მოება;

 

13. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება;

 

14. აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუ­ჩის გარმონიკების წარმოება;

 

15. სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება;

 

16. ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება;

 

17. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნე­ბის რემონტი;

 

18. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, სა­ბი­თუმო და საცალო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად. თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ან ამ საქონლის წარ­მოების შესაბამის დაჯგუფებებს;

 

19. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი;

 

20. საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი;

 

21. საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი;

 

22. ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი;

 

23. თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და და­მუ­შავება;

 

24. შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბა.

 

შენიშვნა: აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრ­ცელდება მიკ­რო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 ათას ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პი­რი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქ­მია­ნობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩა­მო­ნათ­ვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოე­ბას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე (ეს სწორედ ის რეგულაციაა, რაზეც გიორგი თარგამაძე საუბრობს, ანუ, თუ პირი დაქირავებულთა შრომას გამოიყენებს ან გადაყიდვით დაკავდება, ის ვერ ისარგებლებს მიკრო ბიზნესის სტატუსით).

 

გასათვალისწინებელია, რომ შეღავათებთან ერთად კანონმდებლობაში შესულ ამ ცვლილებას თან დაერთო საქართველოს მთავრობის დადგენილება # 415, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება და არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

 

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

 

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;

 

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავ­ლებ­­­მა კა­ლენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადა­ა­ჭარბოს 30 000 ლარს;

 

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

 

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანო­ტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახა­დო კონსულტანტთა) საქმიანობა;

 

5. სათამაშო ბიზნესი.

 

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ იქნება გათვალისწინებული ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას:

 

1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი;

 

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;

 

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;

 

4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი;

 

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქო­ნე­ბის რეა­ლიზა­ციით:

 

ა) უძრავი ქონება;

 

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

 

გ) ფასიანი ქაღალდები.

 

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი;

 

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;

 

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;

 

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;

 

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

 

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

 

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას;

 

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);

 

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

 

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონ­სულ­ტანტთა) საქმიანობა;

 

5. სათამაშო ბიზნესი;

 

6. პერსონალით უზრუნველყოფა;

 

7. აქციზური საქონლის წარმოება.

 

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში:

 

1. ქონების იჯარით გაცემა;

 

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;

 

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;

 

4. ჩუქება;

 

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონე­ბის რეალიზაციით:

 

ა) უძრავი ქონება;

 

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

 

გ) ფასიანი ქაღალდები.

 

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი;

 

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;

 

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;

 

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;

 

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;

 

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

 

ამ რეგულაციების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული საგადასახადო შეღავათებით. შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ წერილში  ვკითხულობთ, რომ  დღეს საქართველოში მიკრო ბიზნესის სტატუსით  25 348 პირი სარგებლობს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსით კი - 29 336 პირი (სულ: 54  684). აქვე, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი 9,756 პირს მიანიჭეს, რაც ამ შეღავათებით მოსარგებლე პირთა ზრდაზე მეტყველებს.

 

დასკვნა

 

გიორგი თარგამაძის განცხადების გადამოწმებისას ჩვენ გავარკვიეთ, რომ მიკრო და მცირე ბიზნესისთვის კანონმდებლობით გარკვეული შეღავათები გათვალისწინებულია და ისინი მსხვილი ბიზნესის დაბეგვრის წესისგან განსხვავდება. მიკრო ბიზნესი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებულია, ხოლო მცირე ბიზნესი დასაბეგრი შემოსავლების 3–5 % იხდის. ამ შეღავათებით, დღეისთვის, ჩვენი ქვეყნის 54 684 მოქალაქე სარგებლობს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას მთავრობის დადგენილების შესახებ, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსების მინიჭებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. რომ არა ეს შეზღუდვები, სავარაუდოდ, მიკრო და მცირე ბიზნესის შეღავათებით კიდევ უფრო მეტი მეწარმე ისარგებლებდა. საბოლოო ჯამში, გიორგი თარგამაძის განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია, რადგან მიკრო და მცირე ბიზნესს გარკვეული შეღავათები აქვთ და ეს პრაქტიკაშიც აისახება.

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებში“ არ არსებობს ცნება „საშუალო ბიზნესი“, შესაბამისად, ეს სექტორი მსხვილი ბიზნესის მსგავსად იბეგრება. განცხადების ამ ნაწილში გიორგი თარგამაძე სრულ სიმართლეს ამბობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე მართალია, როცა აღნიშნავს, რომ მიკრო ბიზნესში ჩართული ფიზიკური პირი მაშინვე ჩვეულებრივად დაიბეგრება, როგორც კი დაქირავებულს აიყვანს ან გადაყიდვით დაკავდება.

 

ზემოთ გაანალიზებული ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება: „არანაირი შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესს [არ გააჩნია]. ისინი იბეგრებიან ზუსტად ისე როგორც მსხვილი ბანკები, მსხვილი ნავთობდისტრიბუციის კომპანიები და ა.შ.“, არის ნახევრად სიმართლე.