„...ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკაში დღეს არის ცუდი მდგომარეობა, რომ ეკონომიკაში არის რეცესია...“

2013 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა, განაცხადა: „...ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკაში დღეს არის ცუდი მდგომარეობა, რომ ეკონომიკაში არის რეცესია...“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გამოეკვლია, რამდენად მართებულია დღეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის რეცესიად შეფასება.

უკანასკნელ წლებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია. მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი 2013 წელს [პირველი 7 თვის მდგომარეობით] დაეცა 1.7%-მდე, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში 6-7%-ით იზრდებოდა.

11

მიუხედავად ეკონომიკის დაბალი ზრდის ტემპებისა, მისი რეცესიად შეფასება ჯერ კიდევ ნაადრევია. რეცესიის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა მშპ-ის კლება [და არა მშპ-ის ზრდის ტემპის კლება] 2 კვარტლის ან მეტი პერიოდის განმავლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი უარყოფით მაჩვენებელში უნდა გამოიხატოს 2 კვარტლის ან მეტი პერიოდის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ის კლება 2 კვარტლის ან მეტი პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის რეცესიაში ყოფნის შეფასების ბოლომდე სრულყოფილი მეთოდი არ არის, იგი მაინც ძირითად განმსაზღვრელად ითვლება.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2013 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაბალი ტემპებით, მაგრამ მაინც იზრდება. ოქტომბერ-ივლისის პერიოდის საშუალო რეალური ზრდის ტემპმა დაახლოებით 2.0% შეადგინა, ხოლო 2013 წლის პირველი 7 თვის საშუალო რეალური ზრდის ტემპი კი 1.7% იყო [აგვისტოს და სექტემბრის თვეების მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის].

22

დასკვნა

2013 წელს წინა წლებთან შედარებით სახეზეა ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპის კლება. შესაბამისად, დეპუტატი მართალია, როცა ის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. მიუხედავად ამისა, ვინაიდან გასული თვეების განმავლობაში ეკონომიკა, დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის რეცესიად შეფასება არამართებულია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: „...ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკაში დღეს არის ცუდი მდგომარეობა, რომ ეკონომიკაში არის რეცესია...“, არის ნახევრად სიმართლე.