მიმდინარე წლის 6 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ხარაგაულში საარჩევნო შტაბი გახსნა. სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას, მან ასევე განაცხადა: „აქაც, ისევე როგორც სხვა რაიონეში, ბევრ ადამიანს მოეხსნა სოციალური დახმარება. გაჩერებულია მიმდინარე პროექტები. მაგალითად, გაზიფიკაცია, გზების მშენებლობა, გამრიცხველიანება".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გაზიფიცირების პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა დაბა ხარაგაულში შეჩერებულია. ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ „მინიმალური ოდენობით“ მიმდინარეობს. რაც შეეხება გამრიცხველიანების პროგრამას და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ისინი არ შეჩერებულა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამრიცხველიანების პროგრამა მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით და მას სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ხარაგაულის მომსახურეობის ცენტრი ახორციელებს. ასევე, შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარეობს გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში, აღნიშნულია წერილში.
რაც შეეხება სოციალური დახმარების მოხსნის საკითხს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, როგორც გამგეობიდან შეგვატყობინეს, 2012 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ 400 ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება.
ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. შარშანდელთან შედარებით მიმდინარე წელს 21 965 ოჯახმა და 69280 მოქალაქეს შეუჩერდა ან შეუწყდა სოციალური დახმარება.
დასკვნა
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების, ასევე გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროგრამა და სამუშაოები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მიღებული წერილის თანახმად, არ შეჩერებულა და გეგმის მიხედვით სრულდება. ამასთან, წერილში მითითებილია, რომ შეჩერდა გაზიფიცირების პროგრამა და სამუშაოები მხოლოდ „მინიმალური ოდენობით“ მიმდინარეობს. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 400 ოჯახს მოეხსნა ფულადი სოციალური დახმარება. შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა რაიონებში, ბევრ ადამიანს მოეხსნა სოციალური დახმარება. ასევე, გაჩერებულია პროექტები: გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, გზების მშენებლობა, არის ნახევრად სიმართლე.