2013 წლის 14 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა, განაცხადა: „ბიზნეს-სექტორში წარმოების ბრუნვა შემცირებულია 22%-ით.’’
თავისი განცხადების წყაროდ დეპუტატმა სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის მონაცემები მოიყვანა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მართლაც შემცირდა თუ არა წარმოების ბრუნვა და აღნიშნული განცხადების სიზუსტე სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით გადაამოწმა.
„საქსტატის’’ მონაცემების თანახმად, თუ ერთმანეთს 2012 წლის მეოთხე და 2013 წლის პირველ კვარტალს შევადარებთ, ქართული ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 22%-ით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 26%-ით შემცირებული აღმოჩნდება. თუმცა, "საქსტატს" სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება მართებული არ არის და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს უნდა შედარდეს.
2012 წლის პირველ კვარტალში საერთო ბრუნვის მაჩვენებელი 8149.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 8614.7 მილიონს შეადგენს. "საქსტატის" მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით, წარმოების ბრუნვა კი არ შემცირდა, არამედ 465.1 მილიონით, ანუ 5,7 %-ით გაიზარდა. თუ ჩვენ ავიღებთ წინა წლების პირველი კვარტლების მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2011 წელს 2010 წელთან შედარებით წარმოების ბრუნვა 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2012 წელს 2011 წელთან შედარებით 42,49 %-ით. ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ კვლევის შეცვლილი მეთოდოლოგიის გამო ეს უკანასკნელი მონაცემი ბოლომდე ზუსტი არ გახლავთ. თუმცა, ფაქტია, რომ წინა წლებში წარმოების ბრუნვის კვარტალური ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე წელს.
გიორგი კანდელაკი 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემს 2012 წლის მეოთხე კვარტალს ადარებს. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი შედარება არ არის მართებული, ვინაიდან „საქსტატის“ მეთოდოლოგიაში სეზონურობის ფაქტორი გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, მიმდინარე კვარტლის შედარება მხოლოდ წინ წლის იგივე კვარტალთან არის შესაძლებელი. ეს ფაქტ-მეტრს „საქსტატშიც“ დაუდასტურეს. ამასვე გვეუბნება ფაქტ-მეტრის მიერ შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილებაც.
მიუხედავად ამისა, უფრო ფართო სურათის დასანახად ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეესწავლა, თუ როგორი ტემპით ხდებოდა წარმოების ბრუნვის ცვლილება წინა წლებში და შესაბამისად გაენალიზებინა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 5,7%-ით ზრდა (ან მეოთხე კვარტალთან შედარებით 22%-ით შემცირება) ზრდის ტემპის გაზრდას ნიშნავს თუ შემცირებას.
ზემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს, რომ 2011 წლის I კვარტალში წარმოების ბრუნვა 2010 წლის IV კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა (6579.7-დან 5719.1-მდე), ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის ბრუნვის პროცენტული მაჩვენებელი 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით არა შემცირებული, არამედ გაზრდილია 6.8%–ით (7627.7-დან 8149.6-მდე). ეს ცხრილი ადასტურებს ზოგად ტენდენციას, რომ მეოთხე კვარტალში ბიზნეს აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე პირველ კვარტალში. შესაბამისად, ის, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს აქტივობა უფრო დაბალი იყო, გასაკვირი არაა. საყურადღებო აქ ის გახლავთ, რომ თუ 2010 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2011 წლის პირველ კვარტალში ბრუნვა მხოლოდ 13 %-ით შემცირდა, ამჯერად ბრუნვა 22 %-ითაა შემცირებული. შესაბამისად, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ წარმოების ბრუნვის შემცირების ტემპი გაიზარდა ორი წლის წინანდელთან შედარებით.
ჩვენ შეგნებულად არ ვადარებთ 2012 წლის მონაცემებს, რადგან ცხრილში აშკარად ჩანს, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში წარმოების ბრუნვა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემცირების ნაცვლად 6,8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი „საქსტატის“ წარმომადგენელს ესაუბრა. აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან “საქსტატმა” ბიზნეს–სექტორის კვლევის არეალი გააფართოვა და საწარმოთა მოცვის ხარისხი გააუმჯობესა. კერძოდ, 40 000–ის ნაცვლად, გამოიკვლია 60 000 საწარმო, განაახლა ბიზნეს-რეგისტრი და დაიწყო თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. კვლევის გაუმჯობესებული ხერხების შედეგად „საქსტატმა“ შეძლო აღერიცხა გაცილებით მეტი წარმოების ბრუნვა ბიზნეს სექტორში, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. რადგანაც 2012 წლის I კვარტლის მონაცემი დათვლილია ახალი მეთოდოლოგიით, მისი 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარება შეუძლებელია. შედარება არ მოგვცემს იმის თქმის საფუძველს ნამდვილად გაიზარდა წარმოების ბრუნვა 2012 წლის I კვარტალში 2011 წლის IV კვარტალთან შედარებით, თუ არა. უფრო მეტიც, დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვით, ზრდა იყო ამ პერიოდში თუ კლება. ამიტომაც, ჩვენი ანალიზისთვის აღნიშნული მონაცემი არ გამოდგება.
რადგან კვლევის ახალი მეთოდოლოგია უკეთ აღრიცხავს საწარმოთა ბრუნვას, ამ მეთოდოლოგიით დათვლილი აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა/კლების ოდენობა გაცილებით ზუსტი იქნება, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით დათვლის დროს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად იქონია გავლენა კვლევის ახალმა მეთოდოლოგიამ წლევანდელი წლის კლებაზე [22%] 2 წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან [13%] შედარებით. ამ კითხვით „საქსტატს“ მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ახალი მეთოდოლოგიით დათვლა, რასაკვირველია, უკეთ აღრიცხავდა რამდენი პროცენტით შემცირდა წარმოების ბრუნვა, თუმცა არა იმდენად, რომ 9%-იანი სხვაობა გამოეწვია. შესაბამისად, ნათელია რომ წარმოების ბრუნვა რეალურად უფრო მეტად შემცირდა 2013 წლის I კვარტალში 2012 წლის IV კვარტალთან შედარებით, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ანალოგიური, 2 წლის წინანდელი მაჩვენებელი.
დასკვნა
გიორგი კანდელაკი მართალია, როდესაც ამბობს, რომ წინა კვარტალთან შედარებით ბრუნვა 22 %-ით შემცირდა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს არამართებული შედარებაა და წარმოების ბრუნვის ზრდის ან კლების დასადგენად შედარება წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან უნდა მომხდარიყო, დეპუტატის განცხადება მცდარია. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონტექსტი, რომელშიც ეს განცხადება გაკეთდა, გულისხმობდა წარმოების ბრუნვის ზრდის ტემპის შემცირებას, რაშიც დეპუტატი მართალია. წინა წლებთან შედარება აჩვენებს, რომ წელს წარმოების ბრუნვა უფრო მცირე (5,7%) პროცენტით იზრდება, ვიდრე, მაგალითად 2011 წელს (18%). 2010 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2011 წლის პირველ კვარტალში ბრუნვა მხოლოდ 13 %-ით შემცირდა, ამჯერად ბრუნვა 22 %-ითაა შემცირებული. შესაბამისად, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ წარმოების ბრუნვის შემცირების ტემპი გაიზარდა ორი წლის წინანდელთან შედარებით [“საქსტატის“ მიერ შეცვლილი მეთოდოლოგიის გამო შეუძლებელია ამ ანალიზის შარშანდელ მონაცემებთან შედარება].
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატ კანდელაკის განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები (წარმოების ბრუნვის ზრდის ტეპი შემცირებულია), მთლიანობაში განცხადება მცდარია, ვინაიდან წარმოების ბრუნვა არ შემცირებულა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
“საქსტატის’’ მონაცემის მიხედვით, ბიზნეს სექტორში წარმოების ბრუნვა შემცირებულია 22%-ით’’
29/06/2013
Մեծ մասամբ սխալ
Հայտարարության մեջ կան ճշմարտության տարրեր, բայց անտեսվում են կարևոր փաստեր, որոնք կարող էին այլ տպավորություն թողնել:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից