დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმებაზე პარლამენტი იმსჯელებს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის

დავით მათიკაშვილი: დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმებაზე პარლამენტი იმსჯელებს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით მათიკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2024 წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მათგან სამი პოლიტიკური პარტიის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტს ნოემბერში მიმართეს დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნით. 2025 წლის 14 იანვარს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საკითხზე იმსჯელა. „აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ფაქტ-მეტრმა“ დავით მათიკაშვილის განცხადება გადაამოწმა.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლშია მოწესრიგებული. მასში დეტალურადაა გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა შეწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს. პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს ის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას.

ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კომიტეტი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ამავე პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

ამრიგად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად ადგენს იმ პროცედურას, რომლითაც პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა აღნიშნული საკითხი დადგენილი წესების შესაბამისად, კონკრეტულ ვადებში უნდა გადაწყვიტოს და არა მაშინ, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ დავით მათიკაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.


Անհատներ
Դավիթ Մաթիկաշվիլի

All Articles