ბოლო სამი წლის განმავლობაში 159 ათასი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან

ანა გოგოლაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში 159 ათასი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის სიმართლე.

ანა გოგოლაძე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციულ სალდოზე (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) საუბრობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში, 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხოვნობამ 185,827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელში 158,806 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა საქართველო, ვიდრე დაბრუნდა.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„TV პირველის“ ეთერში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემ განაცხადა: „ბოლო სამი წლის განმავლობაში 159 ათასი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან. ეს დაახლოებით იმდენივეა, რომ დაცარიელებულიყო რვა დიდი ქალაქი. მაგალითად: მცხეთა, ამბროლაური, ონი და ასე შემდეგ... ქვეყანაში სადაც ეკონომიკური აღმშენებლობა მიმდინარეობს იმ ქვეყნიდან ხალხი არ მიდის“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ანა გოგოლაძე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებელზე საუბრობს და არა ჯამურ მაჩვენებელზე. შეგახსენებთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკის წარმოება 2012 წლიდან დაიწყო. 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, ანუ მიგრაციულმა სალდომ, ჯამში, - 316,550 შეადგინა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებელი, ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. გასულ წელს კი უარყოფითი მიგრაციული სალდო რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხოვნობამ 185,827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელში მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, -158,806 ათასი შეადგინა.

მხოლოდ 2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1: 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განცხადების ავტორი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი დაახლოებით იმდენივეა, რომ დაცარიელებულიყო რვა დიდი ქალაქი. ამის მაგალითად კი მცხეთას, ამბროლაურს, ონს და ა.შ. ასახელებს. რეალურად, აღნიშნული ქალაქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ძალიან პატარა ქალაქებია. საქსტატის მონაცემებით, ქ.ონში 2.5 ათასი ადამიანი, ამბროლაურში 2 ათასი, ხოლო ქ. მცხეთაში 7.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გადაჭარბებულია მტკიცება, თითქოს ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რაოდენობა 8 დიდი ზომის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება, თუმცა ემიგრაციის მასშტაბი მართლაც ძალიან მაღალია. ბოლო 3 წლის განმავლობაში 158,806 მოქალაქით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე დაბრუნდა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რომ დაიცალოს შემდეგი ქალაქები: ზუგდიდი, გორი, თელავი, ზესტაფონი, სამტრედია და ოზურგეთი. ბოლო სამი წლის განმავლობაში გაცილებით მეტი საქართველოს მოქალაქეა ემიგრაციაში წასული, ვიდრე გურიის რეგიონის მთლიანი მოსახლეობა (რომელიც 101.9 ათასია), ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მთლიანი მოსახლეობა (92.6 ათასი), ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მთლიანი მოსახლეობა (142.1 ათასი).

„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ანა გოგოლაძე სწორად მიუთითებს ემიგრაციის პრობლემაზე და სტატისტიკურ მონაცემებსაც სწორად ასახელებს.