დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარებს, ეს ყოველთვის მართალი დებულებაა

ქრისტინე კუპრავა: დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარებს, ეს ყოველთვის მართალი დებულებაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ქრისტინე კუპრავას განცხადება არის ტყუილი

ანალიზი:

2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 4 კონსტიტუციური სარჩელის [1] არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, პირველი სხდომა გაიმართა. [2] სარჩელების ავტორები კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. სხდომაზე, მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ქრისტინა კუპრავამ, [3]განაცხადა - „დაფინანსება რომ ყოველთვის ინტერესს ატარებს, ეს ყოველთვის მართალი დებულებაა“.

„ფაქტ-მეტრმა“ ქრისტინა კუპრავას განცხადება გადაამოწმა.

უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების ავტომატურად „უცხოურ ინტერესებთან“ დაკავშირება სწორედ ერთ-ერთი ის მახასიათებელია, რომელიც საქართველოში მიღებულ კანონს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკისგან განასხვავებს.

დემოკრატიულ ქვეყნებში დაინიციირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები ქვეყნის წინაშე არსებული რისკების პრევენციას მიემართება, რისთვისაც ირჩევს პროპორციულ მექანიზმს და გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. ამრიგად, დასავლური პრაქტიკა საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღებ არაკომერციულ ორგანიზაციებზე კი არ არის ფოკუსირებული, არამედ იმ კონკრეტული აქტივობების იდენტიფიცირებას მიემართება, რამაც შესაძლოა დემოკრატიულ პროცესებზე მავნე გავლენა იქონიოს.

მაგალითად, აშშ-ში მოქმედი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ – FARA, არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში მოქმედებს.

გაერთიანებულ სამეფოში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა - FIRS, საქმიანობის შინაარსზე კონცენტრირდება და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ რეგისტრაციას უცხოური ძალის მითითებით/კონტროლქვეშ პოლიტიკური ზეგავლენის აქტივობების განხორციელების ღონისძიებები ექვემდებარება, ამასთანავე სქემა მედიებს გამონაკლისად მიიჩნევს.

ანალოგიურად, საფრანგეთში „უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ შემოსავლის წყაროზე, არამედ შემოსავლის მიზნობრიობაზე. კანონპროექტში ჩამოთვლილია მთელი რიგი ქმედებებისა, რა შემთხვევაშიც კანონი ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს შეეხება. ეს ქმედებები კი ძირითადად ლობისტურ საქმიანობას ეხება, რადგან საუბარია უცხო სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის პირდაპირ კონტროლზე და მისივე დირექტივების შესაბამისად მოქმედებაზე.

მსგავსი მიდგომაა ასახული ევროკომისიის დირექტივაშიც - „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული დირექტივა ვალდებულებებს მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე ავრცელებს, რომლებიც „ინტერესების წარმოდგენის აქტივობას ახორციელებენ“. „ინტერესების წარმოდგენის აქტივობა ევროკავშირის პოლიტიკის ან კანონმდებლობის განვითარებაზე, ცვლილებასა ან აღსრულებაზე, ანდა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას აშკარად და არსებითად უნდა ახდენდეს“. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დირექტივა არეგისტრირებს ორგანიზაციებს არა იმის გამო, რომ მათ თანხა მესამე სახელმწიფოსგან მიიღეს, არამედ იმის მიხედვით, მიღებული თანხის სანაცვლოდ, თუ რა აქტივობას ახორციელებდნენ.

სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე და რით განსხვავდება ის საქართველოში მიღებული კანონისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

ზემოთ თქმულისგან განსხვავებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი აქტივობის შინაარსს არ აფასებს და „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს. დასავლეთში მოქმედი თუ ინიციირებული კანონები/კანონპროექტები, იზიარებენ ეუთოს მითითებას იმის თაობაზე, რომ „გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისეთების, როგორებიცაა საჯარო წესრიგი, ან იმგვარ დანაშაულთან ბრძოლა, როგორიცაა კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამგვარი მყარი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობა ჩაითვალოს“. დასავლურ, დემოკრატიულ პრაქტიკაში დაფინანსების მიღება ავტომატურად ინტერესების გატარებას არ უკავშირდება. დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა. აქედან გამომდინარე, ქრისტინე კუპრავას განცხადებას, რომ დაფინანსება ყოველთვის ინტერესების გატარებას მიემართება და ეს ყოველთვის მართალი დებულებაა „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

რედაქტორის შენიშვნა:საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე „ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია „საქართვლოს რეფორმების ასოციაცია“ აგრეთვე მოსარჩელეა.

[1] „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).

[2] განმწესრიგებელი სხდომა

[3] საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი.