კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის

მოძრაობა სირცხვილია: კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის

ვერდიქტი: მცდარი

2024 წლის 30 აგვისტოს მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში „სირცხვილიამ“ საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია დარეგისტრირდება კანონით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შექმნილ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში. წინამდებარე სტატიაში „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი მჟავანაძე ვიდეოში ამბობს (01:33): „კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის“.

რეალურად 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტისაგან 2024 წელს ინიციირებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ იმით განსხვავდება, რომ სიტყვა „აგენტი“ შეცვლილია სიტყვებით - უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა. რეალურად, სიტყვა აგენტი ჩანაცვლებულია იმავე შინაარსის განსხვავებული ტერმინით. სწორედ ამ შინაარსის გამო მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში მიღებული კანონი „მასტიგმატიზირებელ“ კანონად. კერძოდ, საქმეში ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ციტირებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინი სწორედ იმიტომაა, რომ გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად, რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია. [1] ამრიგად, ტერმინი აგენტი იმავე შინაარსის სხვა სიტყვებით არის ჩანაცვლებული, რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ კანონში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის.

აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი „სირცხვილიას“ ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

ანალიზი

მმართველი პარტია 2023 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. აღნიშნული კანონპროექტი იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), „უცხოური გავლენის აგენტად“ აცხადებდა. შესაბამისად, კანონპროექტი, როგორც დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ისეთების, როგორიცაა მაგალითად, გაერო), საეჭვო ძალებად გამოცხადებას ისახავდა მიზნად.

„რუსული კანონის“ ჩაგდებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ მმართველმა პარტიამ ზუსტად იგივე კანონპროექტი, შეცვლილი სახელით, პარლამენტში კიდევ ერთხელ დაარეგისტრირა. საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში მიღებულ „აგენტების კანონს“, რომელიც საბოლოოდ რუსული სამოქალაქო საზოგადოების ფაქტობრივი გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მას რუსული კანონი უწოდეს.

განსხვავება 2023 წელსა და 2024 წელს დაინიციირებულ კანონპროექტებს შორის ისაა, რომ ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად, ახალი კანონპროექტი იყენებს ტერმინს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ტერმინ „აგენტის“ მნიშვნელობას. საქმეში ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ციტირებს ვენეციის კომისიის დასკვნას და მიუთითებს, რომ ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინი სწორედ იმიტომაა, რომ გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად,თუ რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია.

ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტერმინი „აგენტი“ ნიშნავს უცხოური ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციას.

ფაქტობრივად იგივე შინაარსი გაიმეორა ეუთო/ოდირ-მა 2024 წლის 30 მაისის დასკვნაში. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად კვალიფიცირება, თუმცა შესაძლოა არა ისე დამამცირებელი, როგორც უცხოურ აგენტად, მაგრამ ის მაინც პრობლემურია, რადგან ისიც იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არიან და მათი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.“ [2] ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ სტიგმატიზაციის გამომწვევია არა მხოლოდ ტერმინი აგენტი, არამედ ნებისმიერი ტიპის სპეციალური სტატუსი, რომელიც უცხო წყაროდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს სხვა ორგანიზაციებისგან გამოაცალკევებს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თხოვნით, გადაუდებელი პროცედურის ფარგლებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი შეაფასა. კომისიამ მოსაზრება 21 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებული კანონი ცალსახად უარყოფითად შეაფასა და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდა.

კონკრეტულად, გამოყენებულ ტერმინთან დაკავშირებით ვენეციის კომისია აღნიშნავს (პუნქტი 71-72), რომ ცალკეული ორგანიზაციების მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების გამო „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ გამოცხადებას აქვს პოტენციალი, რომ ამ ორგანიზაციების რეპუტაცია დააზიანოს და მათ მიმართ უნდობლობა გააღვივოს.

ვენეციის კომისიის თანახმად, კანონი იმ ორგანიზაციას, რომელიც უცხოურ შემოსავალს იღებს, ავტომატურად განსაზღვრავს, როგორც „უცხოური გავლენის“ ქვეშ მყოფად, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების ავტომატურად გავლენის ტოლფასი არაა. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მსგავსი იარლიყი [უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია] საკმარისი იქნება სტიგმატიზაციისთვის და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ძირს გამოუთხრის მსგავსი დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი აგენტი საქართველოში მიღებულ კანონმდებლობაში მისი განმარტებითაა ჩანაცვლებული და მტკიცება, რომ კანონი აგენტად რეგისტრირებას, არსებული რედაქციით, არ ითვალისწინებას, შეცდომაში შემყვანია.

[1] ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA, ECHR-ის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 131. ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/fre?i=001-217751

[2] Urgent Opinion on the Law “On Transparency of Foreign Influence” of Georgia, OSCE/ODIHR პარაგრაფი 61. ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/b/d/569922.pdf

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.