ჩვენ ამაზე [ევროკავშირის დირექტივის პროექტზე] კიდევ უფრო რბილი ფორმა გვაქვს, რადგან „ინტერესების გამტარებელი“ გვიწერია და არა „წარმომადგენელი“

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ამაზე [ევროკავშირის დირექტივის პროექტზე] კიდევ უფრო რბილი ფორმა გვაქვს, რადგან „ინტერესების გამტარებელი“ გვიწერია და არა „წარმომადგენელი“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

3 აპრილს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ევროკავშირის დირექტივის პროექტს, რომელიც ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა, ასეთი სათაური აქვს - „მესამე ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენ ამაზე კიდევ უფრო რბილი ფორმა გვაქვს, რადგან „ინტერესების გამტარებელი“ გვიწერია და არა „წარმომადგენელი“. სიტყვა წარმომადგენელი ინგლისურიდან პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აგენტი“. ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული“.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში ე.წ. „აგენტების კანონის“ ხელახალი დაინიციირება დააანონსა. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია 2023 წლის 9 მარტს, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.[1] აღნიშნული კანონპროექტი იმ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ (რაც საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოიცავს), „უცხოური გავლენის აგენტად“ აცხადებდა. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად როგორც დასავლური დახმარების მიმღები ორგანიზაციების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად გაერო, საეჭვო ძალებად გამოცხადებას ისახავდა.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ საკითხი დახურულია და მისი ხელახალი ინიციირება აღარ იგეგმებოდა, თუმცა 2024 წლის 2 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გვამცნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კიდევ ერთხელ დააინიციირებდნენ. მოგვიანებით, 3 აპრილს, კანონპროექტი უკვე პარლამენტშიც დარეგისტრირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები კანონპროექტის ჩაგდებიდან მის ხელახლა ინიციირებამდე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპულ კანონმდებლობას საქართველოში ინიციირებული კანონი სწორედ ამ საკითხზე საუბრისას შეადარა.

2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიამ ცვლილებების პაკეტი მოამზადა: „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“. „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“[2] დირექტივის პროექტი სწორედ მოცემული პაკეტის ნაწილია. ერთ-ერთი თვალშისაცემი განსხვავება საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტსა და ევროკავშირში ინიციირებულ დირექტივას შორის სწორედ ისაა, რომ ევროპული კანონი კონკრეტულ აქტივობებს დაარეგულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებისაგან განსხვავებით, სინამდვილეში, ქართული კანონპროექტი მიზნად საქართველოში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას მოემსახურება, გამოაცხადებს რა მათ უცხოური ინტერესების გამტარებლებად.

ვენეციის კომისიისა და ევროსასამართლოს კრიტიკა ამ კანონის მიმართ, როდესაც ის რუსეთში მიიღეს, სწორედ იმას მიემართებოდა, რომ აგენტის მოსახლეობაში დამკვიდრებული გაგება/დეფინიცია არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლობა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, სწორედ ის შინაარსი, რის გამოც ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები „რუსულ აგენტების კანონს“ აკრიტიკებდნენ, სახელწოდებაში გაიტანა. საქართველოში ინიციირებული კანონპროექტების როგორც პირველი - 2023 წელს, ასევე ახლა - 2024 წელს ინიციირებული ვერსიები, იდენტური შინაარსის მასტიგმატიზებელ ტერმინებს იყენებს. აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებაში ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ციტირებს ვენეციის კომისიის დასკვნას და მიუთითებს, რომ ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინი სწორედ იმიტომაა, რომ გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად, თუ რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია.

ამასთან, ევროპული დირექტივის პროექტის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ევროპული დირექტივის მიზანი და ამოცანები სრულიად განსხვავდება საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის სულისკვეთებისა და შინაარსისგან (დირექტივის პროექტის დეტალური ანალიზი იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ დირექტივის პროექტი გულისხმობს რეგისტრირებას კონკრეტული აქტივობის მიხედვით და მხოლოდ დაფინანსების მიღება ამის საფუძველი არ არის. საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, 20%-ზე მეტის დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციას ავტომატურად უჩნდება რეგისტრირების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ რას გულისხმობს მისი საქმიანობა. თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იმის გამოკვლევის გარეშე, მოქმედებს, თუ - არა პირი უცხოური სუბიექტის სახელით, ბრძანებით, ინსტრუქციითა თუ ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირს რაიმე მასტიგმატიზებელი იარლიყი მიაკრა.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ისიც, რომ ევროკავშირში დაინიციირებული დირექტივის პროექტი მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენაში არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ეს ნიშნავს, რომ დირექტივა მაგალითად ჩეხეთში დარეგისტრირებული ორგანიზაციის აქტივობას უცხო ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობად არ დაარეგისტრირებს, თუ მას დაფინანსება რომელიმე გერმანული ფონდიდან აქვს მიღებული. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, სწორედ ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესების გამტარებლად გამოცხადდება.

შესაბამისად, იმ რეგულირების მასშტაბიდან გამომდინარე, რაც საქართველოში დაინიციირებულ კანონპროექტს ექნება, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კონტექსტის გარდა, შალვა პაპუაშვილის განცხადების სიტყვასიტყვითი შინაარსიც კი არ შეესაბამება სიმართლეს, „ფაქტ-მეტრი“ პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.



[1] „ხალხის ძალამ“ მეორე, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც დააინიცირა, რომელსაც აშშ-ში არსებული FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ანალოგად წარმოაჩენდა. აღნიშნული კანონპროექტი მმართველმა ძალამ 2023 წლის 8-9 მარტის აქციების შემდეგ უკან გამოითხოვა

[2] DIRECTIVE OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL establishing harmonised requirements in the internal market on transparency of interest representation carried out on behalf of third countries and amending Directive (EU)