გახარიას ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი აქვს შენახული, არ ენდობა ლარს. სომხეთის და აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურება არის 1% წლის დასაწყისიდან, 12%-ით არის გაუფასურებული ლარი

გიორგი ვაშაძე: გახარიას ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი აქვს შენახული, არ ენდობა ლარს. სომხეთის და აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურება არის 1% წლის დასაწყისიდან, 12%-ით არის გაუფასურებული ლარი.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრ მამუკა მდინარაძესთან დებატებისას განაცხადა: „გახარიას ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი აქვს შენახული, არ ენდობა ლარს. სომხეთის და აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურება არის 1% წლის დასაწყისიდან, 12%-ით არის გაუფასურებული ლარი“.

ბოლო წლების განმავლობაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრის პერიოდში დაიწყო და დაახლოებით საშუალო თვიური კურსი 80%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი, გაუფასურება დაახლოებით 90%-ს შეადგენს.

უშუალოდ წლის დასაწყისთან შედარებით, ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებით, დაახლოებით 12% შეადგინა (2.85-3.22). ამავე პერიოდში, სომხური დრამი 1%-ით გაუფასურდა, თუმცა წლის განმავლობაში, სომხური დრამის კურსი მერყეობით გამოირჩეოდა და მიმდინარე პერიოდში დასტაბილურდა. ზოგადად, ვალუტის კურსი დროთა განმავლობაში რყევებით ხასიათდება და ცალკეული პერიოდის მონაცემების აღება, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ზოგად სურათს ვერ ასახავდეს. შესადარისად აზერბაიჯანის მაგალითის მოყვანა, ამ შემთხვევაში, ცალსახად მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან ქვეყანაში მთავრობის მიერ განსაზღვრული და შენარჩუნებული, გაცვლითი კურსის ფიქსირებული რეჟიმი მოქმედებს, ხოლო საქართველოში და სომხეთში მცურავი კურსი. [1] უცნობია, აზერბაიჯანული მანათი დოლართან მიმართებით, მცურავი სავალუტო რეჟიმის შემთხვევაში, რამდენი პროცენტით შეიცვლებოდა.

გრაფიკი 1: ქართული ლარის, სომხური დრამის და აზერბაიჯანული მანათის პროცენტული ცვლილება წლის დასაწყისთან, 2020 წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 20 ოქტომბრამდე)

წყარო: Investing.com

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დეკლარაციაში ასახულია საბანკო ანგარიშები, რომლის განკარგვის უფლება მას, ან მის ოჯახის წევრებს გააჩნიათ. დანაზოგის ოდენობა დაახლოებით 556 ათას დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერ-მინისტრის მოტივაციის და მის მიერ ლარის ნდობა/არ ნდობის შესახებ მსჯელობაში ვერ შევა. თუმცა სახსრების დოლარში შენახვის შესახებ გადაწყვეტილების ინტერპრეტირება, როგორც დოლარის მიმართ მეტი ნდობის ქონა, ვიდრე სხვა ვალუტის, მათ შორის ლარის, ვალიდური შეფასებაა.

1. ინფორმაცია ფიქსირებული და მცურავი გაცვლითი კურსების შესახებ იხილეთ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=521