გიორგი ვაშაძე: ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობის შემდეგ 1 ლარის ღირებულება 50 თეთრს უტოლდება

რეზიუმე: დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება. პირობითად, 1 ლარით, ამჟამად უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურეობის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე წლების წინ და აღნიშნული მტკიცება სამართლიანი არა მხოლოდ ლარის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ვალუტის შემთხვევაშია. 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ფასების დონის ზრდა [1] 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 31%-ს შეადგენს. 2019 წლის დეკემბრის ინფლაცია 2012 წლის დეკემბერთან კი 29.2%-ს. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, 1 ლარის ღირებულება, დაახლოებით 76 თეთრამდე არის შემცირებული და არა 50 თეთრამდე.

ერთი მხრივ, პოლიტიკოსი მონაცემს არსებითად შემცირებულად ასახელებს, მეორე მხრივ, ამ ყველაფერს განსაკუთრებით უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. რამდენიმე წლის ინფლაციის ჯამური მონაცემის დასახელება, მაგალითად 30%, 50%, ერთგვარად დრამატულ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ფაქტობრივი ვითარების ანალიზისთვის, წლიური დინამიკის განხილვაა საჭირო. ზოგადად, ზომიერი ინფლაცია, ანუ ფასების დონის მატება ბუნებრივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის თანმდევი მოვლენაა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს აწესებს. 2013-2019 წლებში, წლიური ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციას მხოლოდ 2017 (2.7%-თ) და 2019 წელს (4%-ით) აჭარბებდა, რაც ბუნებრივია, არასასურველ ფაქტს წარმოადგენდა, თუმცა საერთო ჯამში ვერ ვიტყვით, რომ მთლიანი ინფლაციის დინამიკა დიდი შეშფოთების საფუძველს იძლეოდა. დროთა განმავლობაში ვალუტის მსყიდველუნარიანობის დაკარგვა ეკონომიკური პროცესის თანმდევი ბუნებრივი შედეგია და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის.

ანალიზი

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა: „ერთადერთი რაც მთავრობამ მოახერხა არის ის, რომ რვა წლიანი მმართველობის შემდეგ 1 ლარის ღირებულება 50 თეთრს უტოლდება“.

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე 1 ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურეობის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

ინფლაციის შედეგად ლარის მსყიდველუნარიანობის დინამიკისთვის თვალის მიდევნება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის პერსონალური ინფლაციის კალკულატორის საშუალებითაა შესაძლებელი. მიმდინარე, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 31%-ს, 2019 წლის დეკემბრის ინფლაცია 2012 წლის დეკემბერთან კი 29.2%-ს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2012 წელთან შედარებით, 1 ლარის ღირებულება 76 თეთრამდე შემცირდა და არა 50 თეთრამდე, როგორც ეს პოლიტიკოსმა განაცხადა.

ზომიერი ინფლაცია, ანუ ფასების დონის მატება ბუნებრივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის თანმდევი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის ზრდას ეკონომიკური და სხვადასხვა შემოსავლების ზრდა აღემატებოდეს, რასაც საბოლოო ჯამში რეალურ ზრდამდე მივყავართ.

2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებაა. აღნიშნული რეჟიმის დროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებული უნდა იქნას. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს და პარლამენტის მიერ მტკიცდება. შესაბამისად, ინფლაციური პროცესების შესაფასებლად მნიშვნელოვანი ისაა, თუ ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში რამდენად რჩებოდა.

გრაფიკი 1: ინფლაციის ფაქტობრივი და მიზნობრივი მაჩვენებლები 2012-2019 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წლიური ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციას 2017 და 2019 წელს 2.7% და 4%-ით აჭარბებდა, რაც ბუნებრივია, არასასურველ ფაქტს წარმოადგენდა, თუმცა, საერთო ჯამში, ვერ ვიტყვით, რომ მთლიანი ინფლაციის დინამიკა დიდი შეშფოთების საფუძველს იძლეოდა.