უმუშევრობის დონე მცირდება. 2018 წელს უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია

რეზიუმე: უმუშევრობის დონე სამუშაო ძალაში (ვისაც მუშაობა შეუძლია და სურს) უმუშევართა წილით იზომება, ხოლო უმუშევრად ის პირი ითვლება, ვინც საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის მომენტისთვის, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, სამუშაოს ეძებდა. რაც შეეხება სამუშაო ძალას, ეს მაჩვენებელი დასაქმებული და უმუშევარი პირების რაოდენობის ჯამია. ამდენად, თუ პირი გამოკითხვის მომენტამდე წინა 4 კვირის განმავლობაში სამუშაოს არ ეძებდა, ის უმუშევრობის დონის განსაზღვრაში მონაწილეობას არ იღებს. თავის მხრივ, უმუშევრობის დონე შესაძლოა ორი მიზეზით შემცირდეს: 1. უმუშევარი ადამიანები დასაქმდნენ ან 2. უმუშევრები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამუშაოს უშედეგოდ ძებნის შემდეგ, სამუშაო ძალიდან გავიდნენ. მეორე შემთხვევა, უმუშევრობის დონეს კი ამცირებს, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელი არ იზრდება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უარყოფითი მაკროეკონომიკური მოვლენაა.

2018 წელს, სწორედ ზემოთ ხსენებული მეორე მიზეზით, უმუშევრობის დონე შემცირდა, ანუ რეალურად დასაქმება არ გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 12.4 ათასი პირით შემცირდა. შესაბამისად, არსებულ რეალობას დასაქმების და აქტიურობის დონეები უკეთ ასახავს, ვიდრე უმუშევრობის დონე. აღნიშნული მაჩვენებლები კი, 1.9% და 0.8% პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ დასაქმების კლება 2016 და 2017 წლებშიც იყო.

ამდენად, 2018 წლის მდგომარეობით, ბოლო 15 წლის მანძილზე, უმუშევრობის დონე პროცენტებში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა (არა ისტორიულად დაბალზე, რადგან 2000 წელს 10.3% იყო) და წინა წელთან შედარებით, 1.3% პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, მამუკა ბახტაძის განცხადება ბუკვალურად სწორია, თუმცა გამოტოვებულია მნიშვნელოვანი კონტექსტი, რასაც შეეძლო საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული შთაბეჭდილების შექმნა. როგორც აღვნიშნეთ, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და დასაქმების ზრდას არ უკავშირდება, პირიქით, ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. უმუშევრობის დონის შემცირება შეიძლება ე.წ. „იმდედდაკარგული მუშახელის“ ზრდითაც იყოს გამოწვეული.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ეკონომიკის ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია“.

უმუშევრობის დონე სამუშაო ძალაში უმუშევართა წილია, ხოლო სამუშაო ძალას დასაქმებული და ის უმუშევარი პირები წარმოადგენენ, რომლებსაც მუშაობის სურვილი და უნარი აქვთ. პირი უმუშევრად ითვლება თუ ის არ იყო დასაქმებული საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღის განმავლობაში (თუნდაც 1 საათით), ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს და მომავალი 2 კვირის მანძილზე მზად იყო დასაქმებისთვის. შესაბამისად, სხვა შრომისუნარიანი პირები ამ სტატისტიკური მაჩვენებლების (სამუშაო ძალა) მიღმა რჩებიან, თუ საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის წინა 4 კვირის მანძილზე არ ეძებდნენ სამუშაოს. თავის მხრივ, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო ძალის მიღმა ყოფნა შეიძლება ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელის“ (discouraged worker) ზრდას უკავშირდებოდეს. აღნიშნული ტერმინი ასახავს მდგომარეობას, როცა შრომისუნარიანი პირი სამუშაოს დიდი ხნის განმავლობაში ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს და ძებნას თავს ანებებს. ამრიგად, ქვეყნაში არსებულ უმუშევრობა/დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობას უფრო უკეთ დასაქმების დონე ასახავს, რომელიც გვიჩვენებს შრომისუნარიანი მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული.

2018 წელს სამუშაო ძალაში უმუშევართა წილმა 12.7% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1.3% პუნქტით ნაკლებია. თუმცა, უმუშევრობის დონის შემცირება დასაქმების ზრდაზე არ აისახა, ვინაიდან 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ჯამური დასაქმება 12.4 ათასი პირით შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდა 2017 წელსაც, როცა წინა წელთა შედარებით, უმუშევრობის დონე 0.1% პუნქტით იყო შემცირებული, მაგრამ ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობაც 10.6 ათასი პირით შემცირდა. იგივე ვითარება იყო 2016 წელს და უმუშევრობის დონის შემცირებას დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა არ მოყოლია. ამ წელს, 2015 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 16.5 ათასი პირით შემცირდა. ამდენად, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება შრომის ბაზარზე დადებითი მოვლენით არ არის გამოწვეული და პირიქით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შრომისუნარიანი პირები სამუშაო ძალის მიღმა ხვდებიან, რომლებსაც ეკონომიკურად არააქტიური შრომისუნარიანი პირები ეწოდებათ.

ზემოაღნიშნული ტენდენცია თავად საქსტატის დირექტორმაც დაადასტურა და განცხადა, რომ „საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში, ანუ გაიზარდა მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ“.

კონკრეტულად, 2016 წელს სამუშაო ძალის გარეთ მყოფი შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 12.1 ათასით გაიზარდა, 2017 წელს 16.0 ათასით და 2018 წელს კი ყველაზე მაღალი 65.1 ათასი პირით. სწორედ გასულ წელს იყო უმუშევრობის დონის შემცირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, როცა, თავის მხრივ, შრომისუნარიანი პირების სამუშაო ძალის გარეთ გასვლის მაჩვენებელიც ყველაზე მაღალი იყო. ჯამში, სამი წლის მანძილზე, ეკონომიკურად არააქტიური შრომისუნარიანი პირების რაოდენობა 93.2 ათასით გაიზარდა, რაც 2018 წლის მდგომარეობით, 1 094.3 ათასი პირი, შრომისუნარიანი მოსახლეობის 1/3-ზე მეტია.

გრაფიკი 1: დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე (ათასი კაცი; %)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში არსებულ დასაქმებაში თვითდასაქმებას მაღალი წილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელს 2004 წლიდან კლების გამოკვეთილი ტენდენცია ახასიათებს, 2018 წლის მდგომარეობით, მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმების წილი 49.2%-ია. თავის მხრივ, თვითდასაქმებაში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმება მაღალი წილით გამოირჩევა, რაც შინამეურნეობაში უსასყიდლოდ მუშაობასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა დაბალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, რაც სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. ამდენად, თვითდასაქმებულები შრომის ბაზარზე უმუშევრებთან შედიან კონკურენციაში, რასაც დაქირავებით დასაქმებაში მობილობა ახასიათებს. თუმცა, 2018 წელს თვითდასაქმებულთა რაოდენობა 48.2 ათასით შემცირდა, ხოლო დაქირავებით დასაქმება კი ნაკლებით, 35.9 ათასი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს სამუშაო ძალის მიღმა ორივე კატეგორია, წინა წელს დასაქმებულები და უმუშევრებიც გავიდნენ. 2017 წელსაც, 2016 წელთან შედარებით, ანალოგიური მდგომარეობა იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაქირავებით დასაქმების ზრდაში საჯარო სექტორის წვლილი მაღალია, ვინაიდან ამავე პერიოდში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 19.9 ათასით გაიზარდა, რაც დაქირავებით დასაქმების ზრდაში 44.6%-იანი კონტრიბუციაა. რაც შეეხება 2017 წელს, აღნიშნულ პერიოდშიც საჯარო სექტორის დასაქმება 11.9 ათასით გაიზარდა, რაც ამავე წლის დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის 52.3%-ია. ამდენად, საერთო ჯამში, ინსტიტუციონალური სექტორების მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმება იზრდება, ხოლო კერძო სექტორში მცირდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დასაქმების და აქტიურობის დონეები უკეთ ასახავს, ვიდრე უმუშევრობის დონე. სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის მიზნებისთვის შრომისუნარიანი პირები სამუშაო ძალის მიღმა ხვდებიან იმ მიზეზით, რომ ისინი საქსტატის მიერ გამოკითხვის მომენტიდან წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს და ითვლებიან როგორც მუშაობის სურვილის არმქონეები (უფრო ვრცლად იხილეთ ბმული).

გრაფიკი 2: შრომისუნარიანი მოსახლეობის სტრუქტურა და აქტიურობის/დასაქმების დონეები (ათასი კაცი; %)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური