ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის რიცხვებით მანიპულირება.
რეზიუმე:
ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს. ნომინალური მშპ-ს ზრდა/შემცირება მოიცავს ფასების დონის ცვლილების გავლენას და არაზუსტად ასახავს ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ოდენობის ცვლილებას. შესაბამისად, ეკონომიკის დროით ჭრილში ანალიზისათვის, გამოიყენება მუდმივ ფასებში დაანგარიშებული ანუ რეალური მშპ, რომელიც თავისუფალია ფასების დონის ცვლილების გავლენისაგან.
2012
წელს რეალური მშპ-ს მოცულობა 23 653.8 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წლის მდგომარეობით, 28 380.9 მლნ ლარს უტოლდება. აღნიშნულ პერიოდში რეალურად ეკონომიკის მოცულობა 20%-ით, 4 727.1 ლარით გაიზარდა. ამრიგად, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ნომინალურ მაჩვენებლებზე, სადაც ინფლაციის ეფექტი არ არის გამორიცხული და ეკონომიკის ზრდის შესახებ მონაცემები გადაჭარბებულია.
ანალიზი პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით, ინფორმაცია გაავრცელა,
სადაც საუბარია 2012-2017 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტს (მშპ) მოცულობის ცვლილებაზე. მმართველი პარტია გავრცელებულ ინფორმაციაში ყურადღებას მშპ-ს 12 მილიარდიან (46.2%) ზრდაზე ამახვილებს. აღნიშნული ინფორმაცია მშპ-ს ნომინალურ მაჩვენებლებს შეესაბამება.
ქვეყნის ეკონომიკის – მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების ერთობლიობას ასახავს, რაც ეროვნულ ვალუტაში ითვლება. მშპ-ს გასაზომად გამოიყენება ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. რეალური მშპ, ნომინალურისაგან განსხვავებით, ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას, წარმოების რეალურ მოცულობას ასახავს, რადგან რეალური მშპ-ს მოცულობაში ინფლაციის ეფექტი გამორიცხულია. შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობის დროით ჭრილში ანალიზისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს რეალური მშპ-ს მოცულობა. შედარებისას, ნომინალური მშპ-ს გამოყენების დროს, ინფლაციის გავლენა გამორიცხული არ არის და მსგავსი ანალიზი ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან წარმოების ცვლილების რეალურ მაჩვენებელს არ ასახავს.
გრაფიკი 1:
მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა (მლნ ლარი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეალური მშპ-ს მოცულობა 28 380.9 მლნ ლარია, აღნიშნული მონაცემი 2012 წელს 23 653.8 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი, 2012-2017 წლებში, 4 727.1 მლნ ლარით გაიზარდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მშპ-ს ყოველწლიური ზრდის ტემპი საშუალოდ 3.7%-ია, ხოლო 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, ჯამში რეალური მშპ 20.0%-ით იყო გაზრდილი. 2003-2012 წლებისათვის ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 6.7%-ის ნიშნულზეა[1].
[1] 2008 და 2009 წლებში 2.4 და -3.7 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი განპირობებულია რუსეთ-საქართველოს ომით და გლობალური ფინანსური კრიზისით.