2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა. განმუხური რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ბაღის გაშენების შესახებ ივანიშვილმა ისაუბრა, განმუხურში არსებული, ჭაობიანი, 83.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ხოლო მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ დააფუძნა და მიწა მას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით მისცა[i]. ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 16 658.4 ლარად არის შეფასებული.
2016 წლის სექტემბერში, განმუხურში ჩასულმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის, არამედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებაზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობაში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, თანაინვესტირების ფონდიც ჩაერთვებოდა.
თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, რადგან, მისი თქმით, ამ ყველაფერს შეეძლო იქაური კლიმატი შეეცვალა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა მოცულობის დაფინანსებას იღებდა და რა ბედი ეწია ბიძინა ივანიშვილის დაპირების გამო დაფუძნებულ ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღს“.
„განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ 2016 წლის 26 აგვისტოს დარეგისტრირდა და მისი საშტატო ნუსხა 9 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო რეალურად დასაქმებული 8 პირი იყო. 2016 წლის ზუგდიდის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ს სუბსიდიის სახით 20 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ბიუჯეტის რეალურმა შესრულებამ 18.8 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში. მაგალითად, 2016 წლის 22 ნოემბერს, წლის ბოლომდე, „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ ხელშეკრულება შესყიდვების სპეციალისტთან გააფორმა, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 1 100 ლარით განსაზღვრა. ამავე პერიოდში ა(ა)იპ-მა სულ 5 გამარტივებული (პირდაპირი წესით) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებამ ჯამში 5 195 ლარი შეადგინა. ე.ი. „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ 5 195 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად სპეციალისტს 1 400 ლარი გადაუხადა.
2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურ ბაღისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო შესრულებამ 101.4 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელსაც, 12 თვის მანძილზე, ბოტანიკურ ბაღს დაქირავებული ჰყავდა შესყიდვების სპეციალისტი, რომელიც ანაზღაურებამ 13 200 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის მანძილზე ა(ა)იპ-ის მიერ პირდაპირი წესით (გამარტივებული) შესყიდვის 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 6 359 ლარია. ამ წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელ სპეციალისტის ანაზღაურებაზე ორჯერ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად მის მიერ განხორციელებული შესყიდვის ღირებულება.
ცხრილი 1: ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ ხარჯები (ლარი)[1]
დასახელება | 2016 | 2017 | 2018 (გეგმა 20.08 -მდე) | 01.09.2018-მდე |
შრომის ანაზღაურება | 13 930 | 94 200 | 153 000 | 145 620 |
მივლინება | 0 | 2 150 | 3 050 | 2 620 |
საკანცალარიო ნივთები | 250 | 430 | 1 500 | 1 430 |
სატელეფონო მომსახურება | 0 | 0 | 600 | 430 |
წარმომადგენლობითი | 0 | 1 100 | 5 200 | 5 180 |
საწვავი | 0 | 3 330 | 5 450 | 4 250 |
კომპიუტერების შეძენა | 2 340 | 0 | 6 310 | 6 310 |
ფოტოაპარატი | 0 | 0 | 4 000 | 0 |
პრინტერი/სკანერის შეძენა | 2 110 | 0 | 700 | 0 |
სხვა ინვენტარი | 0 | 0 | 15 540 | 1 500 |
სხვა ხარჯები | 170 | 190 | 4 650 | 1 380 |
სულ | 18 800 | 101 400 | 200 000 | 168 720 |
ჩვენ დავინტერსდით 2016-2017 წლებში „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ მიერ გაწეული საქმიანობით, რისთვისაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ა(ა)იპ-ს ასეთი ანგარიში არ აღმოაჩნდა და მსგავსი რამ არც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარუდგენია. ა(ა)იპ-ის ხარჯების და საქმიანობის შესახებ საუბრისას მისი დირექტორი ზვიად ქარჩავა commersant-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პირველ წელს ა(ა)იპ-მა კვლევები ჩაატარა და თანამშრომლები გადაამზადა. თუმცა, აღნიშნული საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაში არ ჩანს.
ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ რეორგანიზაცია მოხდა და 2017 წლის 21 დეკემბერს „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრად“ გარდაიქმნა. ხოლო, 2018 წლის 14 მარტიდან მას ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა, რომლის რეაბილიტაციას „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. 2018 წელს, თავდაპირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის“ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 20 აგვისტოს ბიუჯეტში შესული ცვლილების შემდეგ, დამატებით 50 ათასი ლარი გამოიყო. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადაცემის შემდეგ ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა 29 ერთეულით განისაზღვრა და 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 29 პირს შეადგენდა, თუმცა 30 სექტემბერს 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ცენტრს მათთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამ დროისთვის, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ 10 პირია დასაქმებული. ა(ა)იპ-ის დირექტორის განმარტებით, 2018 წელს თანამშრომლების საქმიანობა ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა პასპორტიზაციას და არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირდება. 2018 წელს, პირველ სექტემბრამდე, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა“ 168.7 ათასი ლარი დახარჯა, სადაც 145.6 ათასი ლარი (86.3%) ხელფსების ხარჯია, ხოლო დანარჩენი 23.1 ათასი ლარიც სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილის დაპირების მოლოდინში შემქმნილი ა(ა)იპ არსებობდა, რომელსაც საკუთრებაში მხოლოდ 83.5 ჰექტარის მოცულობაზე არსებული ჭაობი გააჩნდა და ამავდროულად ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას, რომელმაც 2016-2017 წლებში 120.2 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 108.1 ათასი ლარი (91%) იქ დასაქმებული 8 პირის შრომის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 12.1 ათასი კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიო ნივთების, საწვავის შეძენის და წარმოადგენლობითი/სამივლინებო ხარჯებში.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი მერი.
[1] 2018 წლიდან ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“.
[i] უძრავი ნივთის სხვა პირისთვის გადაცემა, როცა იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.