"ევროპული ღირებულებები" - იტალიის სამაშველო სამსახურებს მიგრანტების ჩაძირული გემების დახმარება აეკრძალათ
ვერდიქტი: „თბილისი 24“-ის მიერ გავრცელებული ამბავი არის ფაქტებით მანიპულირება.   რეზიუმე:

ინტერნეტ გამოცემა „თბილისი 24“-ის მიერ გავრცელებული სტატია - „ევროპული ღირებულებები“: იტალიის სამაშველო სამსახურებს მიგრანტების ჩაძირული გემების დახმარება აეკრძალათ“ - არის ფაქტებით მანიპულირება. იტალიის სამაშველო სამსახურებს მიგრანტების ჩაძირული გემების დახმარება ულტრა-მემარჯვენე შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, მართლაც აუკრძალა. თუმცა, აღნიშნულ ქმედებას ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ბარსელონას მერმა, ადა კოლაომ კი, იმ მიგრანტებს, რომლებიც იტალიამ არ მიიღო, ბარსელონას საზღვრები გაუხსნა.

ამდენად, იტალიის შს მინისტრის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება მთელი ევროპის ღირებულებებს არ წარმოადგენს და მისი ამგვარად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ანალიზი ინტერნეტ გამოცემა „თბილისი 24“-მა გაავრცელა სტატია,

სათაურით: „ევროპული ღირებულებები“: იტალიის სამაშველო სამსახურებს მიგრანტების ჩაძირული გემების დახმარება აეკრძალათ“. სტატიაში მოყვანილია 2018 წლის 24 ივნისს მომხდარი შემთხვევა, როდესაც იტალიის სამაშველო სამსახურებმა ექვსი დახმარების თხოვნის სიგნალი მიიღეს, ხელისუფლებამ კი მაშველებს მიგრანტების ჩაძირვის პირას მყოფი ნავების დახმარების უფლება არ მისცა.

სტატიის სათაური („ევროპული ღირებულებები“) ხაზს უსვამს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ევროპული ღირებულებების მიმართ და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ეს უკანასკნელი ჩაძირვისა და დაღუპვის პირას მყოფი ხალხის მიმართ გულგრილობას ქადაგებს. სინამდვილეში, ეს ყოველივე არა ევროპულ ღირებულებებს, არამედ იტალიის ულტრა-მემარჯვენე ხელისუფლების იდეოლოგიას წარმოადგენს. იტალიის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი, ანტი-იმიგრაციული პოლიტიკითა და ევროსკეპტიკური დამოკიდებულებით არის ცნობილი. სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ იტალიის სამაშველო რაზმები არ დახმარებოდნენ მიგრანტების ჩაძირვის წინაშე მყოფ ნავებს. ამ გადაწყვეტილებისთვის ევროპელმა პოლიტიკოსებმა სალვინი მკაცრად გააკრიტიკეს. იტალიის ხელისუფლების ქმედებაზე საპასუხოდ, ბარსელონას მერმა, ადა კოლაომ, განაცხადა,

რომ იტალიას მიგრანტების ლიბიის მთავრობის ხელში დატოვება სურს, სადაც ისინი წამების, გაუპატიურებისა და მონობისათვის არიან განწირულნი. ის მიგრანტები, რომელთაც იტალიამ დახმარება არ აღმოუჩინა, ბარსელონამ მიიღო.

მიგრანტების მიმართ არსებულ დისკურსსა და ევროპულ ღირებულებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს 14 სექტემბერს მატეო სალვინის სიტყვით გამოსვლა

ლუქსემბურგში, სადაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის ანტი-იმიგრაციულ განწყობებს. ლუქსებურგის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ წლების წინ ლუქსემბურგმა კარი გაუღო და შეიფარა ათასობით იტალიელი მიგრანტი, რათა იტალიაში ხალხს შვილები ერჩინა.

ამრიგად, „თბილისი 24“-ის მიერ გავრცელებული სტატიის სათაური ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს. ევროპული ღირებულებები ადამიანების თანასწორობასა და ურთიერთდახმარებას ქადაგებს. ამ ყოველივეს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება კი ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობების დამახასიათებელი ნიშანია. „თბილისი 24“-ის სტატიის მანიპულაციური სათაური ევროპისა და ევროპული ღირებულებების დემონიზაციას ისახავს მიზნად, რაც რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი გამოვლინებაა.