ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება. მას სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა, რომელიც თითოეულ მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდოს მეტი დამსვენებელი.
კახეთის რეგიონში, აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, 13 პროექტია მხარდაჭერილი. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 47.2 მლნ ლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 450 ადამიანზე მეტია.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე კახეთის რეგიონში, ბოლო წლებში შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გააჩნია სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების მიმართულება და ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 43 მლნ ლარს“.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2). პროგრამის კოორდინატორები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. პროგრამის მიმართულებებია:
- წარმოების წახალისება;
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების წახალისება;
- სასტუმრო ინდუსტრიის წახალისება;
- კინო ინდუსტრიის წახალისება.
- ფინანსური ხელშეწყობა;
- ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
- საკონსულტაციო მომსახურება.