„2012 წელს აუდიტის სამსახურიდან შეუძლებელი იყო ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგაც“

2013 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, ნოდარ ებანოიძემ აუდიტის სამსახურის შესახებ ანაგარიში წარადგინა. უმრავლესობის წარმომადგენელმა განაცხადა: „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მინდა ვთქვა, რომ გთხოვთ წაიკითხოთ, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დამეთანხმება იმაში, რომ 2012 წელს ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა კონტროლის პალატიდან [სახელმწიფო აუდიტის ოფისი] შეუძლებელი იყო და ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგაც კი ეს საქმე შეუძლებელი იყო“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად იყო შესაძლებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა აუდიტის სამსახურიდან. ნოდარ ებანოიძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის სიზუსტე აუდიტის სამსახურსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავამოწმეთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, საჯარო ინფორმაციის სახით, 2012 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემი გამოვითხოვეთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული წერილის თანახმად, 2012 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სულ 81 მიმართვა შევიდა, აქედან  56 წერილი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დანარჩენ მიმართვებს, 25 წერილი შემდეგი მიზეზებით არ გაიცა:

ა) მოთხოვნილი ინფორმაცია საქვეუწყებო არქივში არ იყო დაცული - 4 შემთხვევაში;

ბ) მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებდა დაზუსტებას - 5 შემთხვევაში;

გ) მოთხოვნილი ინფორმაცია იყო დამუშავების პროცესში – 8 შემთხვევაში;

დ) მოთხოვნილი ინფორმაცია იმ აუდიტს შეეხებოდა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ იყო ჩატარებული – 6 შემთხვევაში;

ე) მოთხოვნილი ინფორმაცია მომთხოვნ პირზე უკვე გაცემული იყო – 1 შემთხვევაში;

ვ) მოთხოვნილი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იყო განთავსებული – 1 შემთხვევაში.

ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება სასამართლო დავების შემდეგაც კი შეუძლებელი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 4  სარჩელი შევიდა:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი – მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, სარჩელი არ განუხილავთ;

2. "გურია ნიუსის" კორესპონდენტის  თამარ ლეფსვერიძის სარჩელი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა;

3. სტუდია "მონიტორის" სარჩელი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა;

4. მოქალაქე ცქრიალა შერმადინის სარჩელი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლო დავებთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მივმართეთ. საქალაქო სასამართლოსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ, სადაც დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა, სულ ორი საჩივარი შევიდა. მათგან ერთ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ, ხოლო მეორე სარჩელი განუხილველად დატოვა.

დასკვნა

2012 წელს აუდიტის სამსახურში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის 81 განცხადება შევიდა, აქედან 56  დაკმაყოფილდა, დანარჩენი 25 კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციის თანახმად შემდეგი მიზეზების გამო არ დაკმაყოფილდა: გამოთხოვილი ინფორმაცია არ მოეპოვებოდა აუდიტის სამსახურს; გამოთხოვილი ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული; გამოთხოვილი ინფორმაცია უკვე გაცემული იყო გამომთხოვ პირზე, ან ვებ-გვერდზე იყო განთავსებული.

რაც შეეხება სასამართლო დავებს აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქალაქო სასამართლოსგან  მიღებული საჯარო ინფორმაციის წერილები არ მოდის თანხვედრაში. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  2012 წელს 4 სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ხოლო საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ 2 სარჩელი შემოვიდა. ერთი რამ ფაქტია - აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სასამართლო დავები მართლაც გაიმართა, ამასთან საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით ერთ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი არ იყო უსაფუძვლო.

ჩვენ ვასკვნით, 2012 წელს აუდიტის სამსახურმა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების უმეტესობა დააკმაყოფილა, ამასთან, აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა მიზეზების გამო დანარჩენი განცხადებები ვერ/არ დააკმაყოფილა და რიგ შემთხვევებში დატოვა პასუხგაუცემელი. შესაბამისად, ნოდარ ებანოიძის განცხადება, იმის შესახებ, რომ 2012 წელს კონტროლის პალატიდან [სახელმწიფო აუდიტის ოფისი] ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაციის მიღება, სასამართლო დავების შემდეგაც კი - შეუძლებელი იყო, არის მეტწილად მცდარი.