"დღეს საქართველო პრაქტიკულად იმპორტირებულ საქონელს არ აკონტროლებს"

2013 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მრეწველების“ ლიდერმა,  გოგი თოფაძემ მაღალი დონის ლაბორატორიის შექმნა მოითხოვა, რომელიც იმპორტირებულ საქონელს შეამოწმებს. მისი თქმით: „დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად იმპორტირებულ საქონელს არ აკონტროლებს“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ გადავამოწმეთ რამდენად აკონტროლებს (ამოწმებს ხარისხს) საქართველო იმპორტირებულ საქონელს.  

2013 წლამდე იმპორტიორ კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის და სურსათის უვნებლობის „ISO სერთიფიკატის“  ფლობის შემთხვევაში საქონელი უპრობლემოდ შემოჰქონდათ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილების თანახმად, რომელიც 2013 წლის 10 ივნისს ამოქმედდა, სურსათის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ იმპორტზე ნებართვის გაცემის პირობები შეიცვალა.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციის იმპორტირებაზე ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება: ყველა სახის ცხოველი, ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, პურეული მარცვლოვნები, ცხოველთა საკვები, ვეტერინარიაში გამოსაყენებლი ქიმურ-ფარმაცევტული პრეპარატები და სხვა.

ფიტოსანიტარულ კონტროლს ექვემდებარება მცენარეული წარმოშობის პროდუქცია,  რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.

ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირებისთვის იმპორტიორმა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) წინასწარი შეტყობინება უნდა განახორციელოს, საქონლის შემოტანის შესახებ.

იმ პროდუქციის ნუსხა, რომელსაც იმპორტზე სურსათის სააგენტოს სპეციალური ნებართვა ესაჭიროება, დეტალურად გაწერილია N426 დადგენილების დანართში.

საქართველოში იმპორტისთვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება:

  • დოკუმენტურ შემოწმებას;
  • იდენტურობის შემოწმებას;
  • ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისთვის ან ლაბორატორიული ანალიზისთვის.

თუ საქონელი ფიტოსანიტარულ და ლაბორატორიულ კონტროლს ექვემდებარება, საჭიროა შესაბამისი სერთიფიკატის ქონა, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაიცემა.

შესაძლოა, იმპორტირებული საქონელი ქვეყანაში ინფექციური დავადებების შემომტანი გახდეს. ამ მხრივ საქართველოს საზღვარზე  უსაფრთხოების ზომები დაცულია.  2013 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომის N3 ოქმის თანახმად, „არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა“ განისაზღვრა. ამ სიაში შესულია ყველა ის ქვეყანა, სადაც გავრცელებულია საშიში ინფექციური დავადებები, ეპიდემიები. აღნიშნული ქვეყნებიდან პროდუქტის შემოტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირის სურსათის მწარმოებელი ქვეყნების სიაში შედიან ან ევროკომისიის მიერ არიან აღიარებულნი, აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი და საქართველოს საზღვარზე ინსპექტირებას გაივლიან.

დასკვნა

საქართველოში იმპორტირებული საქონლის შემოტანისას საჭიროა: შემოსავლების სამსახურისთვის წინასწარი შეტყობინება; ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირებისას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური ნებართვის აღება; შესაბამისი სერთიფიკატის ქონა.

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული საქონლის შესამოწმებლად დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ მოთხოვნილი სპეციალური ლაბორატორია არ არსებობს, ლაბორატორიული ანალიზი ყველა იმ პროდუქციას უკეთდება, რომელსაც ხარისხის და უვნებლობის შესაბამისი სერთიფიკატი არ გააჩნია. საზღვარზე ხდება იმპორტირებული საქონლის დოკუმენტური და იდენტური შემოწმება, აგრეთვე ლაბორატორიული ანალიზი ან ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, გოგი თოფაძის განცხადება, იმის შესახებ, რომ საქართველო პრაქტიკულად არ აკონტროლებს იმპორტირებულ საქონელს, არის მეტწილად მცდარი.