2013 წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატა) 2012 წლის საქმიანობის შემმოწმებელი დროებითი საპალამენტო კომისიის ანგარიში გააცნეს. იგი პარლამენტის წევრმა (საპარლამენტო უმრავლესობა) და ამ კომისიის თავმჯდომარემ, ნოდარ ებანოიძემ წარმოადგინა. ანგარიში საკმაოდ კრიტიკული იყო. კომისიის აზრით, 2012 წელს აუდიტის საქმიანობა მთელ რიგ დარღვევებს შეიცავდა. შენიშვნები აუდიტის სამსახურის გაუმჭვირვალე საქმიანობაზეც გამოითქვა. ამ კრიტიკას პასუხი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა [კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2008–2012 წლებში], ლევან ბეჟაშვილმა გასცა. მან განაცხადა: "აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ნაკლებად გამჭვირვალე იყო კონტროლის პალატა 2008-2012 წლებში. შეგიძლიათ, ნახოთ, თუნდაც 2012 წელს გაკეთებული შეფასებები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ, სადაც კონტროლის პალატა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებად იქნა აღიარებული. ასევე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" შეფასება, აქაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე კონტროლის პალატაა თავისი გამჭვირვალობით."
ფაქტ–მეტრი ლევან ბეჟაშვილის განცხადების სიზუსტითა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებით დაინტერესდა.
2013 წლის თებერვალში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ გამოაქვეყნა. კვლევა 2012 წლის მარტიდან ამავე წლის მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ შემდეგი საჯარო დაწესებულებები შეისწავლა: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს კონტროლის პალატა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ნაშრომის მთავარი მიზანი საჯარო დაწესებულებების ვებ–გვერდებზე გამოქვეყნებული შინაარსის და მათი განთავსების ფორმის კვლევა იყო. კვლევაში კონტროლის პალატის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკაც არის ასახული. IDFI-ს მიერ მომზადებული ნაშრომის შესავალში ვკითხულობთ: „საკვლევ ობიექტს საქართველოს კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე პრაქტიულად გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სივრცეში ეს დაწესებულება გამოირჩევა გამოქვეყნებული მასალის აქტუალურობითა და ხარისხით.“
როგორც აღვნიშნეთ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ გამოკვლეული აქვს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2009–2011 წლებში გაცემული საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ IDFI-მ კონტროლის პალატას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 50 საკითხზე მიმართა. აქტუალურობის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა ავტოპარკს, ხელფასებსა და დანამატებს ეხებოდა. გაგზავნილი 50 მოთხოვნიდან 34 მათგანზე სრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული, 12 შემთხვევაში პასუხი არასრულყოფილი იყო, 4 შემთხვევაში იგნორირებული, ხოლო უარი არცერთ საკითხზე არ ყოფილა. ინფორმაციის 54% მიწოდებულ იქნა ვადების დაცვით, ხოლო 46% - ვადების დარღვევით.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ კონტროლის პალატას საკმაოდ ბევრ რეკომენდაციას აძლევს სხვადასხვა ხარვეზების გამოსწორების კუთხით. თუმცა, ლევან ბეჟაშვილის ფრაზა, იმის შესახებ, რომ IDFI კონტროლის პალატას ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად მოიხსენიებს, შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას ემთხვევა.
ფაქტ–მეტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევებსაც გაეცნო. 2010 წლის ივნისში, ორგანიზაციამ საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად კვლევა ჩაატარა. საკვლევ ორგანიზაციებში კონტროლის პალატაც შედიოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის მიწოდების მხრივ კონტროლის პალატა მართლაც გამოირჩეოდა. მან წერილების 100%–ს უპასუხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კონტროლის პალატის საქმიანობის კვლევა 2011 წელსაც ჩაატარა. ორგანიზაციამ აუდიტის სამსახურის საქმიანობა ამ შემთხვევაშიც უმეტესწილად დადებითად შეაფასა და უწყების ვებ–გვერდის მუშაობაც მოიწონა. კვლევის პერიოდში კონტროლის პალატამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ოთხი განცხადებიდან ოთხივე სრულად დააკმაყოფილა. აღნიშნული კვლევის დასკვნაში მინიშნებები იყო გარკვეულ ხარვეზებზეც. თუმცა საბოლოო ჯამში, აუდიტის სამსახურის გამჭვირვალობა დადებითად შეფასდა.
ლევან ბეჟაშვილმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ 2012 წლის განმავლობაშიც დადებითად აფასებდა აუდიტის სამსახურის გამჭვირვალობას. ჩვენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევები მოვიძიეთ. თუმცა, ყველა მათგანი კონტროლის პალატის მუშაობას და მის გამჭვირვალობას უარყოფითად აფასებს. 2012 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2012 წელს", აუდიტის სამსახურის საქმიანობა საკმაოდ მკაცრად არის გაკრიტიკებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდებოდა (იხ. ბმული: გვერდი 21).
გარდა კვლევებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კონტროლის პალატას თავის პრეს–რელიზებშიც აკრიტიკებს. 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია უწყების მიერ საჯარო ინფორმაციის დაფარვის ფაქტზე. ინფორმაციის დაფარვის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია 2012 წლის მარტშიც წერს და აღნიშნავს, რომ მოწოდების მიუხედავად, კონტროლის პალატა ხარვეზებს არ ასწორებს.
დასკვნა
ლევან ბეჟაშვილის განცხადების გადამოწმების შენდეგ აღმოჩნდა, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს, მაგრამ მთლიანობაში კონტროლის პალატის მიერ მეტი გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს [იგულისხმება ვებ–გვერდის ფუნქციონირება] დადებითად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით აუდიტის სამსახური გამორჩეულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სიხშირითა და ხარისხით.
2010–2011 წლებში ჩატარებულ კვლევებში კონტროლის პალატის საქმიანობასა და საჯაროობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ პროგრესულად მიიჩნევს. სიტუაცია სწორედ იმ წლიდან იცვლება, რომელსაც თავად ლევან ბეჟაშვილმა გაუსვა ხაზი [იგულისხმება 2012 წელი]. წინასაარჩევნო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კონტროლის პალატას ხშირად ადანაშაულებს საჯარო ინფორმაციის დამალვაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევებსა თუ პრეს–რელიზებში კონტროლის პალატის ცალსახად დადებით კონტექსტში მოხსენიების მაგალითებს ვერსად წავაწყდით.
ჩვენი დასკვნით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება: „შეგიძლიათ, ნახოთ, თუნდაც 2012 წელს გაკეთებული შეფასებები, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ, სადაც კონტროლის პალატა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებად იქნა აღიარებული. ასევე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" შეფასება, აქაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე კონტროლის პალატაა, თავისი გამჭვირვალობით", არის ნახევრად სიმართლე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ კონტროლის პალატა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე დაწესებულებად იქნა აღიარებული“
09/07/2013
Կիսով չափ ճշմարտություն
Հայտարարությունը մասամբ ճշգրիտ է, բայց մանրամասները բաց են թողնված կամ որոշ հարցեր համատեքստից դուրս են.
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից