2017 წლის 20 მარტს „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ (ე.წ. მოსმენების) კანონს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. თუმცა, პარლამენტმა ეს შენიშვნები არ გაიზიარა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოახერხა და კანონი 2017 წლის 22 მარტს მიიღო.
2017 წლის აპრილში საქართველოს 326 მოქალაქემ (მათ შორის, სახალხო დამცველმა, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი პოზიციით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ პროცესზე ის საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს.
19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა: „პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით ზოგადად ცნობილია. რაც შეეხება სასამართლოს მეგობრის სტატუსს, შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ ის შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან… სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს არსებითად არასახელისუფლებო სუბიექტი. ზოგადად, ასე არის მოაზრებული ეს ინსტიტუტი სამართლებრივ სივრცეში. შესაბამისად, როდესაც სარჩელს წარადგენს უფლებამოსილების მქონე სუბიექტი და გამოდის როგორც სასამართლოს მეგობარი, ეს კანონმდებლობის ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) ინსტიტუტი ანგლო-ამერიკულ სამართალში წარმოიშვა და პირველად აშშ-ში, 1980-იანი წლების ცალკეულ სასამართლო საქმეებში გვხვდება. მოგვიანებით, ეს ინსტიტუტი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებშიც ამუშავდა. ინსტიტუტის მიზანია, პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთა ინტერესის სფეროში შედის სასამართლოში განსახილველი საკითხი, მაგრამ ის არ არის რომელიმე მხარე, შეეძლოს სასამართლოსთვის თავისი არგუმენტების წარდგენა და პროცესში უშუალოდ ჩართვა. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სასამართლოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამართლებრივ პროცესებში რეპრეზენტატულობას.
საქართველოში სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი პირველად საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, 2009 წელს დაინერგა. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, აღნიშნული ინსტიტუტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაშიც ამოქმედდა. საქართველოს კანონის - „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“, მე-14 (1) მუხლში საუბარია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტზე და ნათქვამია, რომ ამ სტატუსით შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით მიმართოს. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული მხედველობაში მიიღოს აღნიშნული წერილობითი მოსაზრება ან, პირიქით, სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს სასამართლოს მეგობარი, აღნიშნულ მუხლში ერთადერთი დათქმა არის ის, რომ პირი არ უნდა წარმოადგენდეს პროცესში მხარეს, სხვა მხრივ რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.
რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის მხრიდან ამ სტატუსით სარგებლობის უფლებას - სასამართლო მეგობრის ინსტიტუტის ხანმოკლე წარსულის გათვალისწინებით, ჯერჯერობით, საქართველოში სახელმწიფო ოფიციალური პირებიდან მხოლოდ სახალხო დამცველმა ისარგებლა. იგი 2010 წლიდან აქტიურად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოში მეგობრის სტატუსს სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობას „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი ანიჭებს (მუხლი 21, პუნქტი ე).
პრეზიდენტის სასამართლო მეგობრის სტატუსით პროცესში მონაწილეობა შესაძლოა შემდეგ კითხვებს ბადებდეს:
- პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა სასამართლოს მოსარჩელეს პოზიციიდან მიმართოს, რატომ არ იყენებს იგი ამ შემთხვევაშიც სარჩელის (კონსტიტუციის 89-ე მუხლი) ფორმას?
- რადგან პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ხელს აწერს კანონებს, ხომ არ არის იგი ამ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის მხარე?