ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) საქმიანობის ორგანიზებას საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს, რომლის ფუქნციები საკრებულოს აპარატის დებულებით განისაზღვრება. ეს ფუნქციებია: საკრებულოს სხდომების, საკრებულოს მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომაზე ოქმის შედგენა, დამსწრეთა რეგისტრაცია, სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა; საკრებულოსა და მისი თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სათანადო წესით გამოქვეყნება; საკრებულოში შესული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა; საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის მიღების ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ა.შ.
საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას საკრებულო ამტკიცებს, ხოლო თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა, რითაც შტატების რაოდენობა 15 ერთეულით განისაზღვრა. მათ შორის, განისაზღვრა შემდეგი თანამდებობები: „მთავარი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში“ და „მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საქმეთა საკითხებში“. ამავე დადგენილების მიხედვით, მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 750 ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი ზემოაღნიშნული მთავარი სპეციალისტების სამსახურეობრივი ფუნქციებით დაინტერესდა.
რადგანაც საკრებულოს აპარატის დებულებით აპარატის ფუნქცია-მოვალეობებში მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული საკითხები ან ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვა არ შედის, ჩვენ, დამატებით, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქცია გამოვითხოვეთ. დოკუმენტის მიხედვით, ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის მოვალეობებში შედის:
- საკრებულოში შექმნილი დოკუმენტაციის ენობრივი თვალსაზრისით გამართვა;
- საკრებულოს აპარატის თანამშრომელთათვის სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის საკითხთან დაკავშირებით განმარტებითი საუბრების ჩატარება;
- ენობრივად მართებული და უმართებულო ფორმების გათვალსაჩინოება;
- მუნიციპალიტეტის სამსახურებთან კონსულტაცია სახელმწიფო ენის ნორმატიკის საკითხებთან დაკავშირებით;
- აქტიურად თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის გაზეთ "აბაშის მაცნესთან", სახელმწიფო ენის ნორმატიკის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
- ღონისძიებების განხორცილება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
- ღონისძიებების განხორცილება მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით;
- ახალგაზრდული, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
- მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის მონაცემების შეკრება და ანალიზი.