2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მესამე და საბოლოო მოსმენით, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამ რეგულაციის შემოღებამდე, 2017 წლის 1 იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადიც გაიზარდა.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის განმარტებით ბარათში შემოღებული რეგულაციების მოტივაციად საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოებაა დასახელებული. კანონპროექტის ავტორის, გუგული მაღრაძის განცხადებით, არასახარბიელო საერთაშორისო სტატისტიკა ცვლილებების საჭიროებას აჩენს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, საქართველო თამბაქოს მოხმარებით მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობაში თამბაქოს მომხმარებელთა წილის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 129 ქვეყნიდან მეექვსე ადგილზეა.
არსებული რეალობა რეგულირების მოთხოვნას ნამდვილად აჩენს, რასაც "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ" 2016 წლის კვლევის შედეგებიც ადასტურებს. კვლევაში მონაწილე 1 050 ადამიანიდან, 90% თანხმდება, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასევე, რესპონდენტთა 62%-ის მოსაზრებით, სიგარეტის მოხმარებას ხელს უწყობს მწარმოებელთა მარკეტინგული აქტივობა და სავაჭრო ობიექტებზე პროდუქტის ხილული განლაგება. გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ რიგი აკრძალვის შემოღება (იხ. ბმული; გვ. 5) სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამართლებულია, რაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ადეკვატურადაა ასახული.
უფრო კონკრეტულად, დამტკიცებული ცვლილებების საფუძველზე იკრძალება:
- 2018 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტის შეფუთვასა და ღერზე ნებისმიერი სახის ბრენდული ნიშნის დატანა;
- თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი ტიპის ნაგებობაში, რომელსაც გააჩნია იატაკი, სახურავი, ჭერი და კედლები, კერძო ბინების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, კაზინოებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების გარდა;
- თამბაქოს მოხმარების ნებისმიერი ფორმით დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი ყველა საშუალებით;
- თამბაქოს ნაწარმის ხილვად ადგილას გასაყიდად განთავსება;
- თამბაქოს ნაწარმის ან მასთან დაკავშირებული აქსესუარის მიწოდება სავაჭრო წერტილიდან პირდაპირ მანქანაში მსხდომთათვის;
- თამბაქოს ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობა. მოვაჭრის ფულადი წახალისება და ყოველგვარი ფილანტროპიული საქმიანობა თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან (შედარებით ვრცლად, დამტკიცებული აკრძალვების ნუსხა იხილეთ აქ).