2016 წლის 4 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ექსპრემიერის საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულო იყო.
პროკურატურა ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ედავებოდა და მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებზე ექსპერტიზა 2005 წელს არაჯეროვნად განხორციელდა. შესაბამისად, მცდარი იყო დასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო. პროკურატურის საჩივარზე უარის თქმის შემდეგ, იურისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გაიზიარა ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და ექსპრემიერის გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირის გაჟონვა მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე 2015 წელს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის საფუძველზე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრებს - მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძეს წარედგინა. დღეის მდგომარეობით, საპატიმრო ორივე მათგანმა დატოვა.
უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამართლებრივი მნიშვნელობის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია. ჟვანიას საქმე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა შეთქმულების თეორიის და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას წარმოადგენდა. პოლიტიკური ინტერპრეტაციებით ხშირად დღევანდელი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრებიც გამოირჩეოდნენ, ამიტომ ფაქტ-მეტრმა ამ საქმეზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები შეკრიბა. ჩვენ მიერ მოძიებულ განცხადებებს, დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია.
- არჩილ კბილაშვილი - "ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და, შესაბამისად, ახალი ვერსია".
- ბიძინა ივანიშვილი - "სააკაშვილის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მათ შორის ზურაბ ჟვანიას საქმეზე".
- ეკა ბესელია - "შესაძლებელია, ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს".
- ირაკლი ღარიბაშვილი - "ვუშვებ შესაძლებლობას, რომ საქმე თავდაყირა დადგეს".
- გოგლა ჟვანია - "ზურაბ ჟვანია მოკლეს და ამას პროკურატურა დაამტკიცებს".