წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტი რუსული ინვესტიცია შემოდიოდა ვიდრე დღეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, ერთ-ერთ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ "წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს". ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება. ამავდროულად, ინვესტიციების შემოდინება უცხოური ვალუტის შემომავალ ნაკადებს ქმნის, რითაც ის ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. ბუნებრივია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ცალსახად დადებითი მოვლენაა. თუმცა, კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უცხოური ქვეყნებიდან ეკონომიკის გარკვეულ სექტორში ინვესტირება შესაძლებელია რისკის მატარებელი იყოს და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან შეუთავსებლად განიხილებოდეს. საქართველოს შემთხვევაშიც, ეს საკითხი ფართო მსჯელობის საგანია. შესაბამისად, მოცემული სტატიის ფარგლებში ფაქტ-მეტრი მსგავს მსჯელობაში არ შევა და მხოლოდ არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზით შემოიფარგლება.   გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი) image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   გრაფიკზე 1 მოცემულია რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2003-2015 წლებში და მისი წილი მთლიან ინვესტიციებში. რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მაქსიმალური აბსოლუტური მნიშვნელობა 2007 წელს დაფიქსირდა და 89 მლნ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებელთან ახლოსაა 2014 წელს დაფიქსირებული 82.2 მლნ დოლარი. სხვა დანარჩენი წლების მონაცემები კი მათ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. რუსული ინვესტიციების მინიმალური მოცულობა 2013 წელს დაფიქსირდა და მიზერული ოდენობა, 2 მლნ დოლარი შეადგინა. დაბალია ასევე 2008 და 2009 წლების მონაცემები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ინვესტიციების მაჩვენებლის შემცირება დამახასიათებილი იყო მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის. რაც შეეხება გასაშუალოებულ მონაცემებს, 2013-2015 წლების საშუალო მაჩვენებელი 44.3 მლნ დოლარი, 2004-2012 წლების კი - 40.7 მლნ დოლარი იყო. ომის შემდგომი პერიოდის, 2009-2012 წლების საშუალო მაჩვენებელი 33.5 მლნ დოლარია. ამავდროულად, 2004-2012 წლებში არცერთი 3 წლიანი მონაკვეთის საშუალო მაჩვენებელი არ აღემატება 2013-2015 წლების საშუალო მაჩვენებელს. წილობრივი მაჩვენებლის ანალიზს თუ გავაკეთებთ, ირკვევა, რომ რუსული ინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მნიშვნელოვნად (12.5%-დან 1.6%-მდე) 2003-2009 წლებში შემცირდა. 2010 წელს მაჩვენებელი 5.9%-მდე გაიზარდა, თუმცა მომდევნო წლებში ისევ კლების ტენდენცია გამოიკვეთა და 2012 წელს 2.2%-ს გაუტოლდა. კლების ტენდენცია შენარჩუნდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომაც და 2013 წელს ის 0.2%-მდე დაეცა, 2014-2015 წლებში კი რუსული ინვესტიციების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შესაბამისად 4.7 და 3.6% შეადგინა.   დასკვნა რუსული ინვესტიციების აბსოლუტური მაჩვენებელი, ისევე როგორც მისი წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2004 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი რყევებით ხასიათდება. ტენდენციის გამოკვეთილი ცვლილება ხელისუფლების ცვლილებასთან კავშირში არ შეიმჩნევა. ერთადერთი გამოკვეთილი ტენდენცია 2003 წლიდან 2009 წლის ჩათვლით რუსული ინვესტიციების წილის მნიშვნელოვანი შემცირებაა. აღნიშნული მონაცემი 2004-2012 წლებში საშუალოდ 4.6%-ს, გასაშუალოებული აბსოლუტური მაჩვენებელი კი 40.7 მლნ დოლარს შეადგენს. 2013-2015 წლებისთვის ანალოგიური მონაცემები შესაბამისად 2.8%-ს და 44.3 მლნ დოლარს შეადგენენ. ფაქტ-მეტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.