2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობას შორის განსხვავება 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც სხვაობა არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ამ გადაწყვეტილებას საარჩევნო ოლქების ხელახლა დაყოფა მოჰყვა. ფაქტ-მეტრთან საუბარში არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ამ ცვლილების მზაობა არ ჰქონდა, უბრალოდ ისინი იძულებულნი იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ.
2016 წლის 14 მარტს ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისიამ ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება დადებითად შეაფასა. ამასთან, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსი კვლავ საჭიროებს გადახედვას, რათა ის სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ეუთოს და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან. მთავრობის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ძირითად ნაკლად კომისიამ ოლქების შექმნის კონკრეტული მეთოდის არქონა დაასახელა. დასკვნაში ასევე აღინიშნა ფართო პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზია, რომ პროცესს აკლდა გამჭვირვალობა, სხვა პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა და მიუკერძოებლობა. ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას შემდეგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა:
- ძირითადი დებულებების, მათ შორის საზღვრების გადასინჯვის დასრულება, არჩევნებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე;
- ერთმანდატიანი ოლქების განაწილების მეთოდის კანონით განსაზღვრა და მომავალში ამ საზღვრების გადახედვის მეთოდი;
- საარჩევნო ოლქებს შორის მაქსიმალური ნებადართული გადახრის კანონით განსაზღვრა;
- ინკლუზიური კონსულტაციის უზურნველყოფა, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საზღვრების დანაწილების პროცესის მიმართ.