მუფთი მუსლიმი თემის წარმომადგენელი უნდა იყოს და არა სახელმწიფოს, როგორც ეს დღეს არის
24 ნოემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ ქართველ მუსლიმთა უფლებებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა: "ჩვენ გვინდა, რომ მუფთი იყოს მუსლიმი თემის წარმომადგენელი და არა სახელმწიფოს წარმომადგენელი, როგორც დღეს არის. როგორ შეიძლება მუფთი გადააყენოს სახელმწიფომ და დანიშნოს სახელმწიფომ?" ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხის შესწავლას შეეცადა. ჩვენ, პირველ რიგში, იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ რომელი ორგანიზაციის უფლებამოსილებაა მუფთისა და შეიხის არჩევა. საქართველოს დღეისთვის ჰყავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მუფთი (სუნიტ მუსლიმთა წარმომადგენელი) და შეიხი (შიიტ მუსლიმთა წარმომადგენელი). ქართველი მუსლიმები, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა, 2011 წლამდე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მრევლად მიიჩნეოდა. აღნიშნული სამმართველო ბაქოში მდებარეობს და მას დღესაც გაჯი ალლახშუკიურ ფაშზადე ხელმძღვანელობს. 1992 წელს შექმნილი კავკასიის ხალხთა უმაღლესი რელიგიური საბჭო (ზემოაღნიშნული სამმართველოს ორგანო) წარმოადგენდა ორგანოს, რომელიც საქართველოში იმამების დამტკიცების, მეჩეთების მდგომარეობისა და სასულიერო პოლიტიკის განვითარების პროცესს განსაზღვრავდა. საბჭო ასევე განსაზღვრავდა ჰაჯის (პილიგრიმობა მექაში) დროს საქართველოდან წამსვლელი მუსლიმების ქვოტას (წასვლის მსურველებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ალლახშუკიურ ფაშაზადეს ბეჭდიანი საშვი) და სხვა. 2011 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, რის შედეგადაც, კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ ფაქტიურად საკუთარი იურისდიქცია და გავლენა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და სასულიერო პოლიტიკაზე დაკარგა. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს იურისდიქციაში შედის: საქართველოში მოქმედი ყველა მეჩეთი, მუსლიმი სასულიერო პირები, მათი მრევლი და სხვა ისლამური რელიგიური დაწესებულებები. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, რომლებზედაც სხვა ადგილობრივი ისლამური ორგანიზაციების იურისდიქცია არ ვრცელდება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ის მუსლიმები, რომელთაც სურვილი აქვთ იყვნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს იურისდიქციაში. სამმართველო მიზნად ისახავს მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური თვითშეგნების დამკვიდრებას, სასულიერო სკოლა-ინტერნატების, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ასევე მუსლიმური სამლოცველოების და სხვა საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობას. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, სამუფთო ორ ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ სამუფთოდ გაიყო. საქართველოში მცხოვრებ როგორც ქართველ, ისე აზერბაიჯანელ სუნიტ მრევლს, 2014 წლამდე მხოლოდ ერთი წინამძღვარი ჰყავდა. სამმართველოში არსებული რელიგიური საბჭო (შურა) კენჭისყრის პროცედურის დაცვით ირჩევს შეიხს და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთს. მუფთად ასარჩევად აუცილებელია, რომ მუფთი და შეიხი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, უნდა ჰქონდეთ უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება და რელიგიური მმართველობის საკმარისი გამოცდილება. შეიხებსა და მუფთებს მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ. ისინი ზრუნავენ მეჩეთების აღდგენა-რესტავრაციის საკითხებზე, ნიშნავენ იმამებს/ახუნდებს და მოლებს, ხელს აწერენ რელიგიური საბჭოს გადაწყვეტილებებს და სხვა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არც მუფთს და არც შეიხს სახელმწიფო არ ნიშნავს, თუმცა, ტარიელ ნაკაიძის აზრით, ორივე სასულიერო პირის არჩევაში სახელმწიფო არაფორმალურად ერევა. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაგიფ აკპეროვს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის მიერ არჩეულ პირველ შეიხს ვესაუბრეთ. ვაგიფ აკპეროვი ამ თანამდებობას 2014 წლის დასაწყისამდე იკავებდა, ის შემდეგ რამინ იდიგოვმა შეცვალა. მის გადადგომას შეიხი სახელმწიფოს, კერძოდ შსს-სა და ახლად შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უკავშირებს. ვაგიფ აკპეროვი სრულიად იზიარებს და ეთანხმება ტარიელ ნაკაიძის პოზიციას, რომ სახელმწიფო მუფთისა და შეიხის დანიშვნის საკითხებში აქტიურად ერთვება. აღნიშნულს ის ქვემო ქართლში და ზოგადად მუსლიმ ელექტორატზე გავლენის მოტივით ხსნის. მისი განცხადებით, ის 2013 წლის 27 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოდულის შენობაში ირიბად თხოვეს, რომ შეიხის პოზიცია დაეტოვებინა. შეხვედრის შესახებ მან სახალხო დამცველის აპარატსაც აცნობა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა შანტაჟი, მუქარის წერილები და სხვადასხვა აქტივობები. ვაგიფ აკპეროვმა ასევე განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ მალე შეიხი აღარ იქნებოდა. ვაგიფ აკპეროვი ამის შემდეგ გადადგა. მისი განცხადებით, ახალი შეიხი რამინ იდიგოვი საქართველოს მუსლიმურ ცხოვრებაში სრულიად უცხო ადამიანს წარმოადგენს. ყოფილი შეიხი რელიგიის სფეროში უხეშ ჩარევად მიიჩნევს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნასაც, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობით აქტიურად ერევა სასულიერო პირების შერჩევასა დანიშვნაში. ამ შემთხვევაში, ვაგიფ აკპეროვის თქმით, მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა. თუკი მოლა ან იმამი წინა ხელისუფლების მხარდაჭერაშია შემჩნეული, მისი საქმიანობის გაგრძელება ეჭვქვეშ დგება. 2014 წლის 22 ნოემბერს მუფთის პოზიცია დატოვა ჯემალ პაქსაძემ. მან განაცხადა: "საკუთარი სურვილით გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ბოლო დროს გულის შეტევით ორჯერ კლინიკაში მომათავსეს. რაიმე სახის ზეწოლა გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა. 22 ნოემბერს 11:00 საათზე რელიგიათა საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, სადაც ხმათა უმრავლესობით ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძე დასავლეთ საქართველოს მუფთად აირჩიეს". ტარიელ ნაკაიძემ ჯემალ პაქსაძის გადადგომაც სახელმწიფოს უხეშ ჩარევად და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებად შეაფასა: "სახელმწიფომ კიდევ ერთხელ იმოქმედა არასწორად, რაც გამოიხატება ჯემალ პაქსაძის გადაყენებასა და მუსლიმი მრევლის ნების წინააღმდეგ ახალი მუფთის დანიშვნაში".   დასკვნა მუფთისა და შეიხის, თუ სხვა სასულიერო პირების დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურებს საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად სახელმწიფო არცერთი ორგანოს ან კიდევ საკანონმდებლო აქტის მეშვეობით ოფიციალურად არ არეგულირებს. ამასთან, ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კულუარული მითქმა-მოთქმა, განცხადებები და, შესაბამისად, კითხვის ნიშნები არსებობს. ფაქტ-მეტრი, რა თქმა უნდა, მხოლოდ განცხადებებისა და დაუდასტურებელი ფაქტების გარეშე დასკვნის გამოტანას ვერ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თემისთვის გვერდი არ აგვევლო და მკითხველისთვის გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ტარიელ ნაკაიძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.